Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 10 ივნისი 2009


დღეს გამოსული ქართული გაზეთების ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პარლამენტსგარეთა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის, შეხვედრაა, თუმცა, მასალის სიმწირის გამო, შეხვედრის დეტალებზე პრესას საუბარი უჭირს. „რა გამოიტანა გაჩეჩილაძემ?“ - ამ სათაურით გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ერთადერთი კონკრეტული შედეგი, რითაც სააკაშვილი-გაჩეჩილაძის შეხვედრა დასრულდა, ოცდაათამდე პატიმრის გათავისუფლებაა, თუმცა გაჩეჩილაძემ ჯერჯერობით ამაზეც მხოლოდ დაპირება მიიღო. დღესვე „რეზონანსის“ პუბლიკაციიდან შეიტყობთ, რომ მთავრობა ბანკებისათვის პრივილეგიების მინიჭებას ცდილობს და სპეციალური კანონპროექტით მათ იპოთეკით დატვირთული ქონების დასაკუთრებას უადვილებს, რაც იმას ნიშნავს, წაიკითხავთ გაზეთში, რომ ბანკებს საშუალება ექნებათ, კრედიტორის მიერ თანხის ერთი დღით დაგვიანების შემთხვევაშიც კი კრედიტის გარანტიად ჩადებული ქონება მისი პატრონის თანხმობის გარეშეც დაისაკუთრონ.

გაზეთ „ვერსიის“ ყურადღების ცენტრში კი, სხვა საკითხებთან ერთად, რუსულ პრესაში დაბეჭდილი ის სტატია მოხვდა, რომლის თანახმადაც, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხის გადაჭრის შემდეგ ყაზბეგის საკითხის გადაჭრის დროც დადგა. სტატიაში, სახელწოდებით „ყაზბეგის საკითხი“ ავტორი წერს, რომ თრუსოსა და გუდის ხეობები, ასევე კობის ქვაბული, რომელიც ყაზბეგის რაიონს ეკუთვნის და ვლადიკავკაზიდან 54 კილომეტრითაა მოშორებული, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაა და საქართველოს შემადგენლობაში 1922 წელს სტალინის წყალობით აღმოჩნდა. „ერთი ჟურნალისტის „შედევრს“ ამხელა მნიშვნელობას არ მივანიჭებდით, – ვკითხულობთ გაზეთ ”ვერსიაში”, - რომ არა ორი ფაქტორი: რუსეთთან ჯერ კიდევ საომარ მდგომარეობაში ვართ და, მეორე, გაზეთი, რომელშიც „ყაზბეგის საკითხი“ დაიბეჭდა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, არსენ ფაძაევის, საზოგადოებრივი მოძრაობის ორგანოს წარმოადგენს. გაზეთი ფაძაევის, ფაძაევი კი, ცხადია, რუსეთის დუმის პოზიციას ახმოვანებს“, - შენიშნავს გაზეთი „ვერსია“.

„გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომაზე აფხაზეთის საკითხზე მწვავე და მკაცრი კამათია მოსალოდნელი“, - ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ინტერვიუში, რომელსაც დღეს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ აქვეყნებს: „მტკიცება იმისა, რომ წინა რეზოლუცია გარიგების შედეგი იყო, არასაკმარისად დასაბუთებული მეჩვენება, თუმცა საერთაშორისო ურთიერთობებში, მრავალმხრივი დიპლომატიის პრაქტიკაში, ასეთი შეთანხმებები და გაცვლა-გამოცვლა ჩვეულებრივი ამბავი გახლავთ. უბრალოდ , საქართველოს საკითხთან დაკავშირებით თითოეულ ელემენტს პრინციპული პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და ამიტომაც იმედი მაქვს, რომ საქართველოს პოზიციას ჩვენი პარტნიორები მხარს დაუჭერენ.“

ამ თემას დღეს, თავის მხრივ, გაზეთი „ახალი თაობაც“ განავრცობს. გაზეთი სეპარატისტთა საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბასა და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის იოჰან ვერბეკეს შეხვედრის შესახებ მოგვითხრობს და ლაპარაკობს იმაზე, თუ რას ელის აფხაზური მხარე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომისგან. „ჩვენ არ ვითხოვთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციასა და გენერალური მდივნის მოხსენებებში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ იყოს საუბარი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მათში არ შეიძლება იყოს ფორმულირებები, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილს წარმოადგენს. ბან კი მუნის ბოლო მოხსენებამ აჩვენა, რომ მისაღები ფორმულირებების მოძებნა შესაძლებელია.“ - დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას ეს მოსაზრება, გაზეთ „ახალი თაობის“მიხედვით, გამოითქვა გაეროს უშიშროების საბჭოს იმ სხდომის წინ, რომელმაც, სავარაუდოდ, აფხაზეთში გაეროს მისიის ყოფნა-არყოფნის საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
XS
SM
MD
LG