Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს


დავით ბაქრაძე (მარცხნივ) და ფილიპ გორდონი

დავით ბაქრაძე (მარცხნივ) და ფილიპ გორდონი

სამხრეთკავკასიური თავისი პირველი ტურნეს ფარგლებში თბილისში სტუმრობას განაგრძობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი. ვაშინგტონის საგარეო უწყების მაღალჩინოსანი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, აგრეთვე, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.

როგორც შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძემ აუწყა ჟურნალისტებს, საუბარი შეეხო ყველა იმ საკითხს, რომლებიც ტრადიციულად არის საქართველოს და ამერიკის ურთიერთობის დღის წესრიგში. ბაქრაძის თქმით, საქართველოს უსაფრთხოების მხარდაჭერის საქმეში ვაშინგტონი ისეთივე მტკიცეა, როგორც წინა წლებში იყო.

"ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად პირდაპირი და მტკიცე პოზიცია ამერიკის ახალი ადმინისტრაციის სახელით, რომ გაგრძელდება საქართველოს მხარდაჭერა, გაგრძელდება საქართველოს უსაფრთხოების მხარდაჭერა. გაგრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და გაგრძელდება მთლიანობაში ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო იღებდა შეერთებული შტატებისგან" - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ლევან გაჩეჩილაძე (მარცხნივ), ნინო ბურჯანაძე და ფილიპ გორდონი
არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე ფილიპ გორდონმა განიხილა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და საგარეოპოლიტიკური საკითხები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კოალიციის "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია, ორგანიზაციის "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე.

შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ქვეყანაში შექმნილი კრიზისის განმუხტვაში მონაწილეობს. "ასევე ვილაპარაკეთ კონფლიქტურ ზონებში შექმნილ ვითარებაზე, იმის აუცილებლობაზე, რომ საერთაშორისო მისიები უნდა დარჩნენ საქართველოში”, აღნიშნა ალასანიამ.

ნინო ბურჯანაძემ ფილიპ გორდონთან შეხვედრას "ძალიან მნიშვნელოვანი" უწოდა და დასძინა, რომ სტუმარმა დაადასტურა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ღრმა ინტერესი საქართველოსადმი, მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი. ბურჯანაძის თქმით, არ უნდა განმეორდეს შეცდომა, რომ მხარდაჭერილი იყოს კონკრეტული პოლიტიკური ლიდერი და არა ხალხი და სახელმწიფო.
ფილიპ გორდონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ლევან გაჩეჩილაძეც ესაუბრა. "განვიხილეთ ის, რომ ვცხოვრობთ პოლიციურ და მედია ტერორის და რეჟიმის ქვეშ. განვიხილეთ, რა მდგომარეობაშია ადამიანის უფლებები, თითოეული ჩვენგანის თავისუფლება და თითოეული ოჯახის თავისუფლება და კეთილდღეობა. ვილაპარაკეთ რუსულ ფაქტორზეც და პრობლემების აღმოფხვრის გზებზეც" - ასე შეაჯამა გაჩეჩილაძემ შეხვედრაზე განხილული საკითხები.

გიორგი თარგამაძე (მარცხნივ) და ფილიპ გორდონი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვდა, აგრეთვე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს გიორგი თარგამაძეს, საღამოს კი მოლაპარაკება გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან. დაგეგმილია გორდონის შეხვედრა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთანაც.

ფილიპ გორდონი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა. სამხრეთ კავკასიაში მისი ტურნეს ბოლო გაჩერება აზერბაიჯანი იქნება.

ფილიპ გორდონი 15 მაისიდან შეუდგა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შესრულებას. ამ თანამდებობაზე მან დენიელ ფრიდი შეცვალა.
XS
SM
MD
LG