Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტობის კანდიდატები გათვლას ეთნიკურ უმცირესობებზე აკეთებენ


ირანის მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტს ეთნიკური უმცირესობები შეადგენენ და, შესაბამისად, 12 ივნისისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ეს კარგად იციან კენჭისყრაში მონაწილე კანდიდატებმა და კამპანიების წარმოებისას ცდილობენ ეთნიკურ უმცირესობებს რაც შეიძლება ხშირად მიმართონ.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და, შესამაბისად, ქვეყნის მოსახლეობის მრავალფეროვანი ეთნიკური შემადგენლობა სულ უფრო ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში.

ცხადია, კანდიდატებმა იციან, რომ უმცირესობები მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტს შეადგენენ - შესაბამისად, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ მხარდაჭერის მოპოვებას აზერბაიჯანელებს, ქურთებს, არაბებს, თურქმენებსა და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის.

პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატიდან სამი თავად არის, წარმოშობით, უმცირესობასთან დაკავშირებული. რეფორმატორ კანდიდატ მირ ჰუსეინ მუსავის აზერბაიჯანული ფესვები აქვს; კიდევ ერთი რეფორმატორი, მეჰდი ქარუბი, და კონსერვატორი მოჰსენ რეზაი ლურები არიან.

მოქმედ პრეზიდენტს კი, მაჰმუდ აჰმადინეჟადს, ირანის ყველაზე დიდი უმცირესობის ენის - აზერბაიჯანულის- ცოდნით მოაქვს თავი.

საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ირანში ეთნიკურ უმცირესობათა ყოფაზე ყველაზე ღიად მუსავი და ქარუბი საუბრობენ. ისინი ამომრჩეველს ჰპირდებიან მათ მშობლიურ ენაზე მოქმედ მედიას და განათლების სტრუქტურებს.

აზერბაიჯანელები ირანის მოსახლეობის 24 პროცენტს შეადგენენ და ყველზე დიდ უმცირესობად ითვლებიან. ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არაერთ მნიშვნელოვან პოსტზე მუშაობენ. ამავე ჯგუფს წარმოადგენს უზენაესი სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

მაგრამ სხვა უმცირესობების წარმომადგენლებს - ქურთებს, თურქმენებს, არაბებს - ისლამურ რესპუბლიკაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე იშვიათად შეხვდებით.

თუმცა როგორც ირანის დამოუკიდებელი ექსპერტი მასუდ საფირი ამბობს, ქვეყნის ეთნიკური უმცირესობების გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე სულ უფრო იზრდება:

”ირანის ეთნიკური ჯგუფები ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდებიან. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ ჯგუფების და მათი ქმედებების შეზღუდვა უკანასკნელ წლებში სულ უფრო მეტად იზრდებოდა. უმცირესობების ბევრ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლება სპარსთა ხელშია კონცენტრირებული და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს არა აქვთ მისი მიღების საშუალება.”

ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ყველა ირანელი თანასწორია - ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად. ირანის კანონმდებლობის მიხედვით, უმცირესობებს უფლება აქვთ განათლება თავიანთ ენაზე მიიღონ.

მაგრამ უმცირესობების რეალური ყოფა სხვაგვარია. მათი ენობრივი თუ კულტურული უფლებები ხშირად ირღვევა, რაც ხელისუფლების მიმართ უნდობლობას იწვევს, ვინაიდან ბევრი ფიქრობს, რომ მათ აქტივობას და მედიას სწორედ მთავრობა ზღუდავს.

მაგალითად, ქვეყანაში ყოფილა აზერბაიჯანელების, ქურთებისა და სხვა აქტივისტების დაპატიმრების და მათთვის სეპარატიზმსა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში ბრალის წაყენების შემთხვევები.

როგორც ჩანს, აჰმადინეჟადის მეტოქეებმა კარგად იციან, რომ ეთნიკურ უმცირესობებს შორის მთავრობის ამგვარი აღქმა არსებობს. მაგალითად, მუსავიმ მთავრობა უმცირესობათა

უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებისთვის, მათი ერთგვარი სტერეოტიპიზაციისთვის გააკრიტიკა, თუმცა, ამავე დროს, მუსავიც და ქარუბიც აცხადებენ, რომ ირანის ტერიტორიულ მთლიანობას მყარად უჭერენ მხარს და არ მოითმენენ სეპარატისტულ იდეებს თუ დამოუკიდებლობის მოთხოვნებს.
XS
SM
MD
LG