Accessibility links

logo-print

სომხეთის მთავრობა საქართველოს სატრანზიტო ტარიფების გამო აკრიტიკებს


ბათუმის პორტი

ბათუმის პორტი

კვირის დასაწყისში თბილისში იმყოფებოდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი, რომლის სტუმრობის მთავარი თემა ერევანში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის მომზადება იყო. თავის ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ნალბანდიანი, ორი ქვეყნის ურთიერთობაზე საუბრისას, საქართველოზე სომხეთის სატრანსპორტო დამოკიდებულების ხარისხს შეეხო და განაცხადა:

„ჩვენ ორი მეზობელი ქვეყანა ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საკითხი გადაწყდება მოლაპარაკებისა და ურთიერთშეთანხმების გზით. ტვირთების გადმოზიდვასთან დაკავშირებით ნამდვილად ბევრი შეკითხვა არსებობს ბიზნესმენების მხრიდან და ნამდვილად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ფოთამდე ტვირთის ჩამოტანა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ფოთიდან ერევნამდე. ბუნებრივია, რომ კითხვები ჩნდება, რატომ უნდა იყოს ეს ასე. ბატონ ვაშაძესთან ეს საკითხი და აგრეთვე ბევრი სხვა საკითხი განვიხილეთ.“

ამ განცხადებამდე ორიოდე დღით ადრე მსგავსი შინაარსის აზრი გამოთქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმაც. მისი თქმით, თურქეთთან საზღვრების გახსნით, სომხეთი საქართველოზე მონოპოლიურ სატრანზიტო დამოკიდებულებას შეამცირებს.

სომხეთის საგარეო ტვირთბრუნვის ორი მესამედი საქართველოზე მოდის.

„ამ ასპექტში დამოკიდებულება საკმაოდ ნეგატიურია და ჩვენი მეზობელი სარგებლობს ამითო”,- აცხადებს სარქისიანი და აღნიშნავს, რომ სომხეთი ვერა და ვერ ახერხებს საქართველოს მიერ დაწესებული მაღალი ტარიფების დაკლებას.

მისი თქმით, ბათუმამდე და ფოთამდე საქონლის ტრანსპორტირება ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე ამ საპორტო ქალაქებიდან სომხეთამდე.

სომხეთის მაღალჩინოსნების ამ განცხადებებს ოფიციალური თბილისი მხოლოდ ზოგადი კომენტარით გამოეხმაურა, კერძოდ, რომ სატრანზიტო ტარიფებს ბაზარი და კონკურენცია განსაზღვრავს.

ამაზე საუბრობენ სატრანსპორტო გადაზიდვის ექსპერტები თუ უშუალოდ ამ საქმით დაკავებული ბიზნესმენები. მათ შორისაა ფოთის პორტის კომერციული დირექტორი ედუარდ მაჭავარიანი.

„საქართველოში გვაქვს კონკურენტუნარიანი გარემო. არანაირი ინტერესი არ არსებობს, რომ კონკურენციის პირობებში ვინმემ ტარიფები ასწიოს და სამუშაო დაკარგოს.“

ედუარდ მაჭავარიანი დასძენს, რომ ფოთის პორტის მომსახურების ტარიფები შავი ზღვის არც ერთი პორტის ტარიფებზე მაღალი არ არის.

საქართველოს რკინიგზა
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სატრანზიტო მომსახურებით, სომხეთის გარდა, სარგებლობენ შუა აზიის რესპუბლიკები და აზერბაიჯანი, რომლებსაც არასდროს გამოუთქვამთ პრეტენზიები ტარიფებთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ ამ ქვეყნებს საქართველოს ალტერნატივა აქვთ, რუსეთის სახით.

ოფიციალურმა თბილისმა უამრავი რეფორმა განახორციელა საქართველოს სატრანზიტო მიმართულების მიმზიდველობის გასაზრდელად.

საქართველოს სატრანზიტო ტარიფები რომ კონკურენტუნარიანია, ამას მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ოპონენტი, ექსპერტი გია ხუხაშვილიც აღიარებს. ის იმ შესაძლო განსხვავებაზე საუბრობს, რაც შეიძლება სომხური მხარის გაღიზიანების საფუძველს წარმოადგენდეს.

ეგრეთ წოდებული სერაქსის ხელშეკრულების მიხედვით, რომელშიც შედიან საქართველო, აზერბაიჯანი, რუსეთი და შუა აზიის ქვეყნები, ანუ რეგიონის ძირითადი სატრანზიტო ქვეყნები, განსაზღვრულია 50 პროცენტიანი შეღავათების პირობები. აქედან გამომდინარე, ტვირთები, რომლებიც აზერბაიჯანის გავლით მოძრაობს, სარგებლობს სერიოზული სატარიფო შეღავათებით, რომელიც სომხეთს არ შეეხება და ეს უფრო პოლიტიკური პრობლემააო, აღნიშნავს გია ხუხაშვილი და დასძენს, რომ „საქართველო თავისი სატარიფო პოლიტიკით ემსახურება სომხეთს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას.“

ამ სიტუაციიდან გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის პოზიციაც, რომელიც კერძო ბიზნესის, მათ შორის, სატრანსპორტო კომპანიების სატარიფო პოლიტიკაში ჩაურევლობას გულისხმობს.
XS
SM
MD
LG