Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომაია: გაეროს რეზოლუცია აფხაზეთში დამკვირვებელთა ფუნქციების გაძლიერებას ითვალისწინებს


გაეროში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ მომზადებული უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს აფხაზეთში გაეროს დამკვირვებელთა ფუნქციების გაძლიერებას. რეიტერთან ინტერვიუში მან ასევე განაცხადა, რომ რეზოლუციის ამ პროექტს რუსეთი მხარს არ უჭერს და სურს, რომ ის არ შეიცავდეს არცერთ ისეთ ფორმულირებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთებს მინიშნებას. ლომაია აცხადებს, რომ რეზოლუციის მიღების შემთხვევაში, ის ”ხელსაყრელ გარემოს” შექმნის იმისათვის, რომ დევნილთა ნაწილს აფხაზეთში დაბრუნების საშუალება მიეცეს და მათი უფლებები დაცული იყოს. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს, კომპრომისი იქნება საჭირო და თბილისი თავის მხრივ მზად არის, მოქნილი პოზიცია დაიკავოს. ლომაიამ იმედი გამოთქვა, რომ ”რუსეთიც მზადაა, იყოს მოქნილი,” თუმცა იქვე დასძინა, რომ ოპტიმისტურად არ არის განწყობილი. გაეროს უშიშროების საბჭო 12 ივნისს შეიკრიბება საქართველოს საკითხის განსახილველად, ხოლო რეზოლუციას 15 ივნისს მიიღებს. სწორედ ამ დღეს ეწურება ოთხთვიანი მანდატი გაეროს სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს და ასევე ზემო კოდორის ხეობაში არსებული სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებს.
XS
SM
MD
LG