Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 11 ივნისი 2009


კოკოითიმ „საზღვრები“ გაიფართოვა და ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა. თბილისში ამბობენ, რომ ცხინვალელმა სეპარატისტებმა რუსებთან ერთად, შესაძლოა, სხვა ტერიტორიებიც მიიტაცონ, - წაიკითხავთ გაზეთ „რეზონანსში“, რომლის რესპონდენტი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ამბობს, რომ ჟენევის ფორმატით დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლის მიზეზად სეპარატისტები ასახელებენ 7 დაკარგულ ადამიანს, რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს გაუჩინარდნენ. ისინი დაიკარგნენ მაშინ, როდესაც საომარი მოქმედებები უკვე აღარ იყო, განმარტავს პაატა ზაქარეიშვილი. „ ოსებს აქვთ ინფორმაცია, რომ ქართველებმა აიყვანეს ეს ადამიანები. ქართული მხარე ამას უარყოფს და გამოძიებაც არ მიმდინარეობს. ოსები ამიტომაც ცდილობენ ამ ადამიანების ბედი პრინციპულად დაადგინონ. ამის გამო შეწყვეტენ თუ არა ოსები ჟენევაში მოლაპარაკებებს, ამის თქმა ამჯერად ძნელია, თუმცა, რაკი ამბობენ, შესაძლებელია ასეც მოხდეს”, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

„ახალი გაერთიანება რუსეთის ირგვლივ“ - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი „24 საათი“ აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირის გაფორმების უმთავრესი მიზანი რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაა. „ პუტინს საქართველოსგან თანხმობის მიღწევის იმედი არ აქვს. ამიტომაც გადაწყვიტა მან გაერთიანება ყაზახეთთან, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, და რუსეთთან „რძის ომით“ დაზარალებულ ბელარუსთან“, მიიჩნევს ბელარუსი ექსპერტი რომან იაკოვლევსკი. გაზეთის ფურცლებზე გამოთქმულია ასევე მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ახალი მოლაპარაკებები რუსეთ-ბელარუს-ყაზახეთის სახელით, საუკეთესო შემთხვევაში, წარმატებით ერთი-ორი წლის შემდეგ დაგვირგვინდება, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მოლაპარაკებები კიდევ უფრო გართულდეს და გაჭიანურდეს.

„რომელი პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას წარუდგენს ოპოზიცია სააკაშვილს?“ ამ საკითხით დღეს გაზეთი „ალია“ ინტერესდება. გაზეთის რესპონდენტია კონსერვატორი კახა კუკავა, რომელიც ამბობს: „ ძალიან დიდია უკვე ეს სია, 100 ადამიანისგან შედგება. 30 ადამიანი იმყოფება პატიმრობაში, ხოლო დანარჩენი 70-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს. ზოგიერთი ძებნაშია, ზოგი გირაოთია გამოშვებული. ყველას საქმე, ჩვენი მომხრეა თუ არამომხრე, თანაბრად იქნება დაყენებული.”

„რას ითხოვს მაია რჩეულიშვილი ხელისუფლებისაგან?“ - სამშენებლო ბიზნესში შექმნილ პრობლემებზე დღეს გაზეთი „ ყველა სიახლე“ ამახვილებს ყურადღებას. სამშენებლო სექტორს, განმარტავს მაია რჩეულიშვილი, ყველაზე მეტად აფერხებს ის, რომ თითქმის შეუძლებელია კომერციული ბანკიდან კრედიტის გამოტანა, ამიტომ ბანკებმა ფულადი დახმარება უნდა მიიღონ, რათა კრედიტების გადავადება და შეღავათიან პირობებში გაცემა მოხდეს, – ფიქრობს ბიზნესმენი და აღნიშნავს, რომ არსებობს სხვაგვარი დახმარების ინიციატივაც, თითოეულ კორპუსზე 200-300 ათასი დოლარის რაოდენობის ეგრეთ წოდებული ინექციური დახმარების სახით. ”თანხის სანაცვლოდ მერიას და სახელმწიფოს შეუძლიათ საცხოვრებელი ფართობი დაიტოვონ. განზრახული გვაქვს, დავალიანება საცხოვრებელი ბინებით გავისტუმროთ. ეს უმარტივესი გზაა, რომელიც დიდი შეღავათი იქნება ჩვენთვის. ამ დღეებში პრეზიდენტს უნდა შევხვდე და იმედი მაქვს, რომ მხარს დაუჭერს ჩვენს ინიციატივას“,- უთხრა მაია რჩეულიშვილმა გაზეთს “ყველა სიახლე.“
XS
SM
MD
LG