Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები ირანში: “ეს ეკონომიკაა, მაჰმუდ”


ოთხი კანდიდატი (მარცხნიდან, საათის ისრის მიმართულებით): მეჰდი კარუბი, მოჰსენ რეზაი, მირ-ჰოსეინ მუსავი და მაჰმუდ აჰმადინეჟადი
ოთხი კანდიდატი (მარცხნიდან, საათის ისრის მიმართულებით): მეჰდი კარუბი, მოჰსენ რეზაი, მირ-ჰოსეინ მუსავი და მაჰმუდ აჰმადინეჟადი
ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი უცხოეთში ცნობილია თავისი კონფრონტაციული მანერით. ის უპირისპირდება გაეროს, ჰოლოკოსტს გამოგონებულს უწოდებს, მუდამ გმობდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, მაგრამ, როცა ირანელები საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაებმებიან, მათთვის ნაკლებად საინტერესო იქნება, რას ამბობდა მოქმედი პრეზიდენტი საზღვარგარეთ. ირანის მოქალაქეებისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ როგორ გაუძღვა პრეზიდენტი მათი ქვეყნის ეკონომიკას.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ირანში საუბრის ტონი შეიცვალა, გამძაფრდა - განსაკუთრებით მძაფრი კი მაშინაა, როცა საუბარი ირანის ეკონომიკურ მიღწევებს ეხება. პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი თავის წინასაარჩევნო გამოსვლებში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში ირანის ეკონომიკის წარმატებებზე ლაპარაკობდა, მოჰყავდა სტატისტიკა იმის საჩვენებლად,თუ როგორ განვითარდა ამ მხრივ ირანი მისი მმართველობის პერიოდში. ის თავის ოპონენტებს ადანაშაულებს: ადმინისტრაციის წარმატების დასაკნინებლად დასავლეთის არასამთავრობო - სიონისტთა გავლენის ქვეშ მყოფი - ორგანიზაციების ანგარიშებს იმოწმებენო:

მაჰმუდ აჰმადინეჟალის მხარდამჭერები თეირანის შარიფის უნივერსიტეტთან
“თქვენ დოკუმენტების გაყალბებით და სიონისტური ორგანიზაციების მოშველიებით ცდილობთ ეჭვქვეშ დააყენოთ მთავრობის ეკონომიკური წარმატებები” - ეს ირანის პრეზიდენტმა ტელევიზიით თქვა 10 ივნისს, როცა “ტრანსპარენსი ინტერნეიშნელის” რომელიღაც ანგარიშზე ლაპარაკობდა.

ირანის ახლანდელი მთავრობის ეკონომიკური წარმატებისა არ სჯერა არა მხოლოდ რეფორმისტ, არამედ ერთადერთ კონსერვატორ მეტოქესაც. მძაფრი სიტყვიერი შეხლა-შემოხლა ჰქონდათ აჰმადინეჟადსა და წამყვან რეფორმისტ კანდიდატს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ამჟამად ხელოვნების აკადემიის თავმჯდომარეს მირ ჰოსეინ მუსავის. ამ ერთი კვირის წინ აჰმადინეჟადმა გამოაცხადა, ინფლაცია ირანში 15 პროცენტიაო. მუსავიმ ცენტრალური ბანკის ანგარიში მოიყვანა, სადაც მან რიცხვი 25 ამოიკითხა. ორი დღის შემდეგ მუსავიმ საჯაროდ დასდო ბრალი პრეზიდენტს ტყუილში:

“რატომ ატყუებთ ხალხს? რატომ აწვდით ყალბ ინფორმაციას? რგებს ეს ვითომ ქვეყანას? რა ფასი აქვს ამ გზით ორი დღით მეტ ხანს თანამდებობაზე ყოფნას, საკუთარი პოზიციის გამაგრებას და კონკურენტის მიმართ უპირატესობის მოპოვებას? “

რეფორმისტები აჰმადინეჟადს ბრალად სდებენ ინფლაციისათვის ხელის შეწყობას პოპულისტური ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით. ეს პოლიტიკა ემყარებოდა პრინციპს: “ნავთობიდან მიღებული შემოსავალი ღარიბებს”. პრეზიდენტმა გაზარდა პენსიები და ხელფასები მოუმატა სამთავრობო სექტორში დაკავებულ პირებს. ამგვარი პოლიტიკური სტრატეგიის ფარგლებში, აჰმადინეჟადი და მისი კაბინეტი ქვეყანაში მოგზაურობდა, 60-მდე ტურნე მოაწყვეს მათ მთელ ირანში და მოსახლეობას სკოლებისა და სპორტული კომპლექსების აშენებით იმხრობდნენ. პრეზიდენტს ეკუთვნის იდეა ახლად დაქორწინებული წყვილებისა და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის მცირეპროცენტიანი კრედიტის მიცემისა. მანვე დაუწესა 22 მილიონ ირანელს სამთავრობო ფონდიდან დაფინანსებული სამედიცინო მომსახურება. მაგრამ აჰმადინეჟადის კრიტიკოსები მის მცდელობებს დაცინვით “ქველმოქმედების ეკონომიკად” მოიხსენიებენ. მათი აზრით, ამგვარ პოლიტიკას სჯობდა, ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩაედო ფული და სამუშაო ადგილები შეექმნა. რეფორმისტებს მოჰყავთ რიცხვები იმის დასტურად, რომ აჰმადინეჟადის პრეზიდენტის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ უმუშევრობა 10-ნახევრიდან 17 პროცენტამდე გაიზარდა. და ეს მაშინ, როცა ნავთობიდან შემოსავალმა მოიმატა. ამ საკითხში აჰმადინეჟადს დაუპირისპირდნენ თვით მის საკუთარ მთავრობაშიც.

რეფორმისტი კანდიდატის, მირ-ჰოსეინ მუსავის მხარდამჭერი
ირანელებმა იციან, რომ თუკი აჰმადინეჟადს დაუჭერენ მხარს პარასკევის არჩევნებში, კვლავ გაგრძელდება ეს პოპულისტური ეკონომიკური პოლიტიკა. რეფორმისტებმა კი იციან, რომ მათ უნდა წარმოადგინონ თავიანთი კონკრეტული ეკონომიკური პროგრამები. მუსავი, რომელიც პრემიერის პოსტზე იყო 80-იან წლებში, ერაყთან ომის პერიოდში, ითვლება, რომ წარმატებულ ეკონომიკურ გზას ადგა. ახლა ის აცხადებს, რომ სახელმწიფოს კონტროლს ქვეშ მყოფი ეკონომიკის ზრდის მისაღწევად მის ლიბერალიზაციას აპირებს. პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მეჰდი ქარუბი, იმავე მიზნით, ფართო პრივატიზების მომხრეა. კონსერვატორი კანდიდატი მოჰსენ რეზაი, რევოლუციური გვარდიის ყოფილი მეთაური, პირობას აძლევს ხალხს, რომ დაძლევს სიღარიბეს, შეამცირებს ფასებს, უმუშევრობას, რაც, მისი თქმით, ირანის მთავარი პრობლემებია. ახლა არჩევნებზე გამოჩნდება, ვისი უფრო სჯერა ხალხს. 2005 წელს მაჰმუდ აჰმადინეჟადმა მეორე ტურში 62 პროცენტით გაიმარჯვა, როცა ღარიბი ამომრჩეველი მიიმხრო. ის თავისი დაბალი წარმოშობით აწონებდა ხალხს თავს, აკრიტიკებდა ტექნოკრატებს და ამომრჩეველს ჰპირდებოდა, ნავთობით მიღებულ შემოსავალს თქვენ მოგახმართო. ახლაც იმასვე აკეთებს. ირანიდან იუწყებიან, რომ ბევრი მისი მომხრე დარჩა აჰმადინეჟადის ერთგული. მაგრამ კრიტიკოსები, რომლებიც ახლა უფრო უკეთ არიან მომზადებულნი, ბრალად სდებენ მას, რომ ნავთობით მიღებული შემოსავალი და, ამით, ირანის შესაძლებლობა, უკეთესად ეცხოვრა, გაფლანგა. იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლეს მეტოქეებმა დაერწმუნებინათ სხვები, აჰმადინეჟადი დარჩება პოსტზე ან მას ახალი პრეზიდენტი შეცვლის.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG