Accessibility links

logo-print

“როსნეფტის” ვიცე-პრეზიდენტის ვაჟის ბედი ჯერაც არ არის ცნობილი


"როსნეფტის" ერთ-ერთი საწარმო დასავლეთ ციმბირში

"როსნეფტის" ერთ-ერთი საწარმო დასავლეთ ციმბირში

რუსეთის სანავთობე გოლიათ “როსნეფტის” ვიცე-პრეზიდენტის ახალგაზრდა ვაჟის გატაცება საიდუმლოებითაა მოცული. სახელმწიფო კონცერნის მაღალი რანგის აღმასრულებელი ხელმძღვანელის შვილი, მიხაილ სტავსკი, უნივერსიტეტიდან გამოსვლისას ორმა უცნობმა მანქანაში ჩასვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. ეს ამბავი რუსეთში თავიდან დამალეს და მხოლოდ ახლახან გაახმაურეს.

მიხაილ სვატსკი ჰქვია შვილსაც, გატაცებულს, და მამასაც, “როსნეფტის” მენეჯერს. შვილი სტუდენტია, გუბკინის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. პრესტიჟული უმაღლესი სკოლა მოსკოვის სამხრეთ ნაწილშია, იქ ენერგეტიკის სფეროს მომავალ მენეჯერებს ამზადებენ. 14 აპრილს მიშა გაიტაცეს და მას მერე მისი ასავალ-დასავალი არავინ იცის. როგორც უკვე ვთქვი, საქმე თავიდან დამალეს. მხოლოდ პირველ ივნისს დაბეჭდა “ნოვაია გაზეტამ” სტატია ამ დანაშაულის შესახებ. საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა მომხდარი და გამოაცხადა, რომ არსებობს საკომპიუტერო ფოტორობოტი სავარაუდო გამტაცებლებისა, მაგრამ ისინი არ გამოუქვეყნებიათ. სვატსკების ოჯახმა ფულადი ჯილდო დააწესა შვილის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მომტანისთვის. “ნოვაია გაზეტას” სტატია ასე იყო დასათაურებული: “ვინ მოგცათ ამის ნება?” - წერილის ავტორი ამით მიანიშნებს, რომ სახელმწიფოს ხელში მყოფი “როსნეფტი” თავისთავადაც მძლავრი ორგანიზაციაა, რომელსაც ზემოდან უმძლავრესი მფარველები ჰყავს, და, ამასთან, გამოხატავს შეშფოთებას, რომ ვიღაცამ ეს გაბედა. “როსნეფტს”, როგორც ყოფილ საბჭოთა სივრცეში ამბობენ ხოლმე, აკონტროლებს რუსეთის ვიცე-პრემიერი იგორ სეჩინი. ის განაგებს დირექტორთა საბჭოს და “სილოვიკებად” წოდებულებს შორის წამყვანი ფიგურაა. ისევე დაკავშირებულია უშიშროების სამსახურებთან, ასევე სხვა ძალოვან უწყებებთან რუსეთის მთავრობაში. გაზეთსაც სწორედ ეს აინტერესებს: ვინც მიშა სვატსკი გაიტაცა, არ იცოდა, რომ საქმე სეჩინთან ექნებოდა? თუ, რომ იცოდა, სწორედ ამიტომ გაიტაცა? გაზეთი წერდა, ან დამნაშავეებმა დაკარგეს შიშის გრძნობა, ან მათ მაღალი რანგის მფარველები ჰყავთ, რომლებიც ბედავენ თავს დაესხნენ რუსეთის კომპანიების ხელმძღვანელობასო. თვითონ “როსნეფტი” არაფერს ამბობს. გაზეთს რომელიღაც წყარომ უთხრა, გამტაცებლებმა 50 მილიონი ევრო მოითხოვესო. სხვები ამტკიცებენ, რომ მათგან არაფერი ისმის. სხვა მედიასაშუალება იუწყებოდა, რომ ოჯახისთვის არავის არაფერი მოუთხოვია.

მიხაილ სტავსკი-უფროსი

სტავსკების ამბავი პირველი არაა. იმავე “ნოვაია გაზეტას” მოაქვს სია ბოლო ოთხ წელიწადში გატაცებული რუსი ბიზნესმენების და მათი ოჯახის წევრებისა, რომელთა რიცხვი რვაა. ყველაზე გახმაურებული საქმე იყო 2001 წელს -“ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტის, სერგეი კუკურას, გატაცება. ორ კვირაში ის გამოუშვეს, მაგრამ “ლუკოილი” უარყოფდა, რომ 6 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა. საგამოძიებო კომიტეტმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააერთიანეს ძალები ამ საქმეთა გასახსნელად. ექსპერტი დმიტრი ორეშკინი, რომელიც მერკატორის კვლევით ცენტრს განაგებს, რუსეთში უკანონობისა და უწესრიგობის ნიშნად მიიჩნევს გატაცებათა რიცხვის ზრდას.

“ ’როსნეფტი’, პირველ რიგში, ძლიერი სახელმწიფო უწყებაა; მეორეც, ის ეკუთვნის სეჩინს - შესაბამისად, შესანიშნავი კავშირები აქვს “ეფ-ეს-ბესთან” და, ასე ვთქვათ, ეკონომიკური განვითარების საყრდენია. და როცა “როსნეფტიდან” შვილებს იტაცებენ, ლაპარაკი იმაზე, რომ პუტინი ხელისუფლებაში წესრიგის დასამყარებლად მოვიდა, ცარიელ სიტყვებად რჩება.”

ორეშკინს გატაცების ეს შემთხვევა სეჩინის წინააღმდეგ მიმართულად არ მიაჩნია. ის ადანაშაულებს პუტინს, რომ მან სპეციალურ სამსახურებს მოქმედების სრული თავისუფლება მისცა თვით ბიზნესის სფეროში. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში ფული ყველას აკლდება და ისინი უფრო აგრესიულები ხდებიან, მათი კონტროლი ძნელი ხდება.
პუტინის მიერ შექმნილი ძალაუფლების ვერტიკალს ნაპრალები გაუჩნდაო, ამბობს ორეშკინი: “ეს იმის ნიშანია, რომ, სიმბოლურად თუ ვირტუალურად, ვერტიკალის არსებობა მხოლოდ იმ დრომდე იყო შენარჩუნებული, სანამ ელიტისადმი ლოიალობის დასაფინანსებლად ქვეყანაში საკმარისი ფული იყო. რა წამს ფული გათავდა, დასრულდა ამ სიმბოლური ვერტიკალის არსებობაც.”

ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი სტანისლავ ბელკოვსკი ამბობს, რომ გატაცების ორგანიზატორები, ჩვეულებრივ, საიდუმლო სამსახურებისა და პოლიციის ყოფილი თანამშრომლები არიან ხოლმე. ბელკოვსკის აზრით, გატაცებები იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად ხდება დამნაშავეობრივი ქვეყანა. იქ ორგანიზებული ჯგუფები ერთმანეთს კონტროლისათვის ებრძვიან, განმარტავს ბელკოვსკი: “ბოლო დროს მოხდა გუბერნატორების, სხვა ფედერალური მსხვილი ოფიციალური პირების მკვლელობები. გავიხსენოთ თუნდაც ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ანდრეი კოზლოვის, ამბავი. ყველა ეს დანაშაული ორგანიზებულმა კრიმინალურმა ჯგუფებმა ჩაიდინეს. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზებული დანაშაული ქვეყანაში, სულ მცირე, არ შესუსტებულა, ათი წლის წინანდელთან შედარებით.”

რუსეთში კრემლის ბევრი მომხრეა, რომელიც დანაშაულის არსებობას ვერ უარყოფს, მაგრამ 90-იან წლებთან შედარება მაინც არ მოსწონს. მათ რიგებშია ანალიტიკოსი და რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი მარკოვი: “იცით, ვინც ამბობს, რომ დღეს ვითარება მცირედ განსხვავდება 90-იანი წლებისაგან, ის, ცხადია, არა მხოლოდ ცდება, არამედ ტყუის, რადგა სრულიად აშკარაა, რომ მაშინდელი დონე დამნაშავეობის და ქაოსისა ბევრად მაღალი იყო.”

“ნოვაია გაზეტა” იმეორებს, რომ მიხაილ სტავსკი უმცროსის გატაცების სავარაუდო ორგანიზატორი ვიტალი მარჩენკოა, შილინის სახელით ცნობილი პროფესიონალი დამნაშავე, რომელიც გატაცებებზეა დასპეციალებული, თუკი ასე შეიძლება ითქვას, და რომელიც უშიშროების სამსახურებთანაა დაკავშირებული. ის 2005 წელს დაიჭირეს, მაგრამ მალევე, მეორე დღესვე, გაუშვეს, გაუგებარი მიზეზით. ამჟამად ურუგვაის სამსახურშია. კიდევ ერთი, ასევე ფარდააუხდელი ამბავი: გატაცებაში ეჭვმიტანილის სტატუსით დაკავებულია პოლიციის ყოფილი ოფიცერი. “გაზეტა.რუ” იუწყება, ჩანს, საქმე შეუთითხნეს, რადგან ის ზემოხსენებული შილინის საქმის გამოძიებაში წარმატებას აღწევდაო.

XS
SM
MD
LG