Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაღმების ომი არაოკუპირებული ქართული ტერიტორიებისკენ მოიწევს?


ოთხშაბათს ზუგდიდში მომხდარ ზედიზედ სამ აფეთქებას დივერსიული აქტის კვალიფიკაცია მიეცა. თავდამსხმელები მოქმედებდნენ ღამით და ხელჩასაჭიდი სამხილი არ დაუტოვებიათ, რაც ართულებს დივერსიული დანაშაულის გახსნას. თანაც, სამართალდამცველებსა და უსაფრთხოების სამსახურებს არანაკლებ რთული მისია ეკისრებათ. ეს არის შემდგომი დივერსიული აქტების პრევენცია ისეთ დასახლებულ პუნქტებში, რომელთაც, შესაძლოა, მომავალში ასევე მისწვდეს ”ნაღმების ომი”.

რკინიგზა საქართველოსათვის უფრო მეტია, ვიდრე ტვირთების გადაზიდვა და მგზავრების გადაყვანა. საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საქართველოს რკინიგზაზე მუშაობის შეფერხება არა მხოლოდ ქართულ ეკონომიკას ემუქრება განადგურებით, არამედ პოლიტიკურ სისტემასაც.

”ახლა რუსები გადადიან გეგმის მეორე ნაწილზე, რომ ეკონომიკურად ისე დააჩოქონ ქვეყანა, რომ გამოიწვიონ მღელვარება და რამენაირად მერე მაინც მოახერხონ ხელისუფლების შეცვლა.”

გიორგი ბარამიძესთან, ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ეს საუბარი რადიო თავისუფლებამ გასული წლის 16 აგვისტოს ჩაწერა კასპის რაიონის სოფელ გრაკალში, რომლის სიახლოვესაც გასულ აგვისტოში, ხელისუფლების განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა 40 მეტრის სიგძის ხიდი ააფეთქეს, რის გამოც ერთი კვირით შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა. ამის შემდეგ რკინიგზაზე ინციდენტები აღარ მომხდარა, მაგრამ ბოლო თვის განმავლობაში დივერსანტებმა კვლავ ამოიღეს მიზანში საქართველოს რკინიგზა, თანაც, ამჯერად ზუგდიდის მაგისტრალი, სადაც ჯერ 2 ივნისს აფეთქდა სარკინიგზო ხაზი, შემდეგ კი 10 ივნისს.

”ორი აფეთქება მოხდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ხოლო ხუთი - აგვისტოს ომის დროს. ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილებაა, გულახდილად რომ გითხრა, რადგან დაზიანება არის ისეთი, რომელიც მნიშვნელოვანი ზიანი არ არის.”

ირაკლი ეზუგბაიასთან, შპს საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორთან, ეს სატელეფონო ინტერვიუ რადიო თავისუფლებამ აფეთქებიდან რამდენიმე საათში ჩაწერა. აფეთქება 10 ივნისს კიდევ განმეორდა. 15 წუთში ნაგვის ურნაში ჩადებული ნაღმი აფეთქდა, შემდეგ კი სატვირთო ავტომანქანა, რომელიც პოლიციის შენობასთან იდგა. სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის თქმით, აფეთქება დაშინების მიზნით ჩადენილი დივერსიული აქტი უნდა იყოს, რომლის ასპროცენტიანი პრევენცია და თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანს.

”აბსოლუტური პრევენცია ასეთი აფეთქებების არც ისრაელს შეუძლია და არც აშშ-ს, იმიტომ რომ კაცმა არ იცის, სად რა შეიძლება დაიგეგმოს და განხორციელდეს.”

არსებობს რამდენიმე გზა, რითაც, შესაძლოა, უფრ გაძლიერდეს სტრატეგიული ობიექტების დაცვა თუნდაც იმ რეგიონებში, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებიან კონფლიქტურ ზონებს და, შესაბამისად, მომეტებული ტერორისტული საფრთხით ხასიათდებიან. სამხედრო-საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი ასახელებს დაცვის სისტემების გაძლიერებას:

”დაცვა უნდა იყოს ტერიტორიისა სწორად მოწყობილი: იქ სიგნალიზაცია უნდა იყოს, როგორც თანამედროვე პირობებშია რკინიგზაზე, უნდა იყოს საკონტროლო ზონასავით კიდევ უფრო წინა პლანი გადაწეული, სადაც მეტი ყურადღებაა, თუ ვინ შედის და გადის, უნდა იყოს ნორმალური დაცვა და კონტროლი.”

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაიაც რკინიგზის დაცვის გაძლიერების მომხრეა. მისი თქმით, 100 მეტრზე მეტი სიგრძის ხიდებს დაცვის პოლიცია უნდა იცავდეს.

ნაღმების ექსპერტი, გადამდგარი პოლკოვნიკი ჯანო გაგოშიძე უპირატესობას ანიჭებს კონფლიქტისპირა რეგიონში სპეციალური საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას და იქ მცხოვრებ მოქალაქეებში სამოქალაქო თავდაცვის უნარ-ჩვევების გაძლიერებას. ამის მაგალითად ექსპერტს ისრაელი მოჰყავს.

საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას ასეთი თავდაცვითი ინსტინქტი ჯერ კიდევ არა აქვს გამომუშავებული. არაერთი სააგიტაციო კამპანიის მიუხედავად, საქართველოში კვლავაც ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანი სიცოცხლის რისკის ფასად აგროვებს აუფეთქებელ ჭურვებს და მას ჯართში აბარებს, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამკრძალავი კომიტეტის წარმომადგენელმა საქართველოში, მაია ბუჩუკურმა.

როცა ადამიანები კარგავენ სიფრთხილეს, იქ უნდა ფხიზლობდეს სახელმწიფო. მაგრამ როგორ შეუძლია საქართველოს სახელმწიფოს გაუვნებელყოფა ყველა ნაღმისა, რომელიც მიწაში დევს ომის შემდეგ, ანდა მომავალში დაიდება რომელიღაც დივერსიული ჯგუფის მიერ? სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი პრევენციის კიდევ ერთ შესაძლებლობაზე საუბრობს, რომელიც არაპოპულარული ნაბიჯი იქნებოდა შექმნილ ვითარებაში:

”მაშინ საჭიროა სპეცსამსახურების მუშაობის ძალზე გაძლიერება. მაგრამ ეს ყველაფერი მიდის მეორე უკიდურესობამდე, რასაც ჰქვია ტოტალური თვალთვალი.”

ზუგდიდში მომხდარმა სერიულმა აფეთქებებმა კიდევ ერთხელ დააფიქრა ხელისუფლება კონფლიქტისპირა რეგიონების უსაფრთხოებაზე. მაგრამ პრობლემის გადაჭრა იოლი არ ჩანს, რადგან საოკუპაციო რუსეთის ჯარები რამდენიმე ადგილზე საკმაოდ საშიშ სიახლოვეში იმყოფებიან საკვანძო მაგისტრალებთან. ახალგორიდან კასპი-იგოეთის სარკინიგზო ხიდამდე სულ რაღაც 7 კილომეტრია. ზუგდიდი ამდენივე მანძილითაა დაშორებული ენგურის ხიდიდან, სადაც რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები დგანან. თუმცა მოსკოვიც, სოხუმიც და ცხინვალიც უარყოფენ მონაწილეობას დივერსიულ აქტებში და ყველაფერს საქართველოს სპეცსამსახურებს აბრალებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG