Accessibility links

logo-print

სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ხულიგნობას შორის?


11 ივნისს რუსთაველის თეატრის წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ლევან თარხნიშვილს მოძრაობა „9 აპრილის“ წევრებმა კვერცხები ესროლეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენს. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლევან თარხნიშვილმა რისხვა არჩევნების გაყალბებით დაიმსახურა, თუმცა იქვე შენიშნავენ, რომ 11 ივნისს რუსთაველის თეატრთან მომხდარი ინციდენტი სცილდება კანონის ფარგლებს და მას არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან. სად გადის ზღვარი ხულიგნობასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის?

მოძრაობა „9 აპრილის“ აქტივისტები ლევან თარხნიშვილს რუსთაველის თეატრთან დახვდნენ. ინგლისის დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე მისულ ცესკოს თავმჯდომარეს შენობაში შესვლამდე ჯერ კვერცხები ესროლეს, შემდეგ კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

„ორი ადამიანი იყო განსაკუთრებულად აგრესიული“, -იხსენებს ლევან თარხნიშვილი, - „მაგინებდნენ, მე კი მათ მოგერიებას ვცდილობდი და ვამბობდი, მომაშორეთ ეს ადამიანები-მეთქი.“

ლევან თარხნიშვილის თქმით, თავდასხმის შედეგად მას რაიმე სახის ფიზიკური ზიანი არ მიუღია. მოძრაობა „9 აპრილის“ ლიდერი დაჩი ცაგურიაც ამბობს, რომ ინციდენტი დროულად განიმუხტა და საქმე ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე არ მისულა:

„მართალია, ლევან თარხნიშვილს პანღური უთავაზეს, მაგრამ ფიზიკურ დაპირისპირებას სერიოზული გაგრძელება აღარ მოჰყოლია. თარხნიშვილის მიმართ საზოგადოების პროტესტი არის ძალიან მწვავე და პანღურს კი არა, ციხეში ჯდომას იმსახურებს. მან ჩაიდინა ძალიან მძიმე დანაშაული: გააყალბა არჩევნები.“

დაჩი ცაგურიასგან განსხვავებით, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი თინათინ ხიდაშელი, მიიჩნევს, რომ „პანღურით გამასპინძლება“ დაუშვებელი და კანონით აკრძალული ქმედებაა. რაც შეეხება კვერცხის სროლას:

„დემოკრატიულ ქვეყნებში იმისათვის, რომ ხელით არ შეეხო ადამიანს, წინააღმდეგობის მოძრაობები პროტესტის სხვადასხვა ფორმებს იყენებენ. ისე, როგორც ჩვენ, პროტესტში მყოფებს, გვესვრიან რეზინის ტყვიებს, ასეთივე ფორმით ჩვენ ვესვრით კვერცხებს. ეს არ არის დიდი პრობლემა. ბუშს ფეხსაცმელი ესროლეს.“

11 ივნისის ინციდენტს გამოეხმაურა „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი თეა თუთბერიძეც. „კმარას“ ყოფილი აქტივისტი მიიჩნევს, რომ რუსთაველის თეატრთან მომხდარს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასა და გამოხატვის თავისუფლებასთან:

„ეს არის ჩვეულებრივი ხულიგნობა, სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზედაც ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ“, - განაცხადა თეა თუთბერიძემ. - „არ შეიძლება ქვეყანაში ოპოზიციის წევრობა ან მათ აქციებში მონაწილეობის მიღება იყოს ვინმესთვის იმუნიტეტი, თუ ისინი კანონს დაარღვევენ. მე მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ დაიცვას ყველა ადამიანის უფლება, მათი პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად.“

თეა თუთბერიძის თქმით, ხელისუფლების მიერ წარმოებული ეგრეთ წოდებული „წაყრუების პოლიტიკა“, რომლის წყალობითაც დაუსჯელნი რჩებიან პოლიტიკური ნიშნით გამორჩეული მოძალადეები, საბოლო ჯამში, ქვეყანას სავალალო შედეგამდე მიიყვანს. შერჩევითი სამართლის წინააღმდეგია რესპუბლიკელი თინა ხიდაშელიც, თუმცა იგი ამბობს, რომ ლევან თარხნიშვილის შემთხვევა მაინც განსაკუთრებულია:

„ლევან თარხნიშვილმა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან გაბრაზებული ვარ 11 ივნისის გამო, უნდა მოითმინოს და აიტანოს. როცა შენ თავს აძლევ იმის უფლებას, რომ ადამიანებს ხმები მოჰპარო და შენ მიერ დაწერილი რიცხვები გაასაღო ქვეყნის არჩევნებად, მზად უნდა იყო იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში აუცილებლად შეგხვდებიან ადამიანები, რომლებიც შენზე გაბრაზებულები იქნებიან.“

გაბრაზებული ადამიანების სიმრავლე და გულისწყრომა არ უკვირს ლევან თარხნიშვილს, ოღონდ, მისი თქმით, არავის აქვს ფიზიკური ანგარიშსწორების უფლება. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში საარჩევნო ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ აპირებს სასამართლოში სარჩელის შეტანას.
XS
SM
MD
LG