Accessibility links

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 12 ივნისი 2009


„20-კილომეტრიანი უკან დახევა“ დღეს გაზეთ „რეზონანსის“ მოწინავე სტატიაა. სტატია შეეხება მამისონის უღელტეხილთან, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრიდან 20 კილომეტრში, მდინარე ჭანჭახზე მდებარე ხიდის დაზიანების ფაქტს და ამ ფაქტის გარშემო ატეხილ ხმაურს. ადგილობრივი მოსახლეობა, იუწყება გაზეთი, დარწმუნებით აცხადებს, რომ ხიდი ქართველმა მესაზღვრეებმა ააფეთქეს და თავიანთი საგუშაგო საზღვრიდან 20 კილომეტრით საქართველოს სიღრმეში გადაიწიეს; შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განმარტავენ , რომ ხიდი, უბრალოდ, სიძველის გამო ჩაინგრა. ჰქონდა თუ არა ხიდს რაიმე სტრატეგიული დატვირთვა? რამდენად რეალურია, რომ ეს ყველაფერი რუსეთის მხრიდან შესაძლო ახალ აგრესიასთან იყოს კავშირში? თანაც, იმ ფონზე, როცა 29 ივნისს რუსეთი ჩრდილო კავკასიაში უპრეცედენტოდ მსხვილმასშტაბიან სამხედრო სწავლებებს იწყებს, 6 ივლისს კი ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაა დაგეგმილი? ესაა, ძირითადად, უპასუხო შეკითხვები, რომლებსაც დღეს გაზეთი „რეზონანსი“ სვამს.

გაზეთ ”ვერსიაში” კი წაიკითხავთ ინტერვიუს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან, ალექსანდრე ებრალიძესთან. „მე ახალი სახე ვარ საქართველოს პოლიტიკაში, მაგრამ არჩევნებს, როცა არ უნდა ჩატარდეს ის, მოვიგებ პირველივე ტურში და, თანაც, დიდი უპირატესობით“, - ამბობს ალექსანდრე ებრალიძე, თავის გეგმებს კი ასე განმარტავს: „ პირველი, რის მოგვარებასაც დავიწყებ საქართველოს პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, არის ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. თუ არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა - არ დაბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო - საქართველოს კატასტროფა ელოდება. ამ ტერიტორიების დაბრუნება საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხთა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე მოხდება და გადაწყდება სამი ფაქტორის თანხვედრის შემთხვევაში. ეს ფაქტორებია;1.მორალურ-ფსიქოლოგიური, 2.პოლიტიკური და 3. ეკონომიკური.”

”თურქეთის პოზიცია „ნაბუკოს“ რეალიზაციას აფერხებს” - სტატიაში, რომელიც დღეს გაზეთ ”24 საათში” ქვეყნდება, აღნიშნულია, რომ, 2009 წლის ზამთარში რუსეთ-უკრაინის გაზის ომის გამო, ”ნაბუკოს” პროექტის რეალიზაციისაკენ გადადგმული ფორსირებული ნაბიჯები მაისიდან მორიგ წინააღმდეგობას აწყდება. ცნობილი ხდება, რომ სამთავრობოთშორის ხელშეკრულებას ანკარაში ხელი 25 ივნისს ვერ მოეწერება. უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ, სავარაუდოდ, ხელშეკრულება ივლისში გაფორმდება, თუმცა, ”24 საათის” თანახმად, ხელმოწერის გადადების ოფიციალური მიზეზი არ სახელდება. სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ ექსპერტები პროცესის გაჭიანურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უშუალოდ თურქეთის მოთხოვნებს ასახელებენ: თურქეთი ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ მთლიანი მოცულობის 15 პროცენტის მიღებას ითხოვს შეღავათიანი ტარიფით.

”შეცდომები დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ძვირად ფასობს” - ამ სათაურით ინტერვიუს პოლიტოლოგ ზურაბ აბაშიძესთან დღეს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ აქვეყნებს. ინტერვიუ, ძირითადად, შიდაპოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის გზებსა და საშუალებებს შეეხება. ექსპერტი ამბობს იმასაც, რომ დღეს რუსეთსა და დასავლეთს შორის კავკასიისთვის სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს და, შესაბამისად, არასწორი შიდაპოლიტიკის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველომ დიდად იზარალოს. „ ჩვენი დასავლელი მეგობრები მაქსიმალურად ცდილობენ საქართველოში შექმნილი სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად დალაგდეს. მათი სურვილია, სიტუაცია არა მარტო განიმუხტოს, არამედ ქვეყანამ წინ გადადგას ნაბიჯი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით და საერთო შეთანხმების მიღწევით. რამდენად რეალური და მიღწევადია, ეს სხვა საქმეა, მაგრამ მათი ამოცანა ეს არის. სხვათა შორის, მათ უკვირთ კიდეც, როგორ ვახერხებთ ამ პატარა ქვეყანაში საერთო ენას რომ ვერ ვპოულობთ”, - წაიკითხავთ ინტერვიუში პოლიტოლოგ ზურაბ აბაშიძესთან.
XS
SM
MD
LG