Accessibility links

logo-print

რა ბედი ელის გაეროს მეთვალყურეთა მისიას საქართველოში?


გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა

გაეროს უშიშროების საბჭოში დღეს, 12 ივნისს, სრულდება კონსულტაციები რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით. რეზოლუცია უშიშროების საბჭომ 15 ივნისს უნდა მიიღოს. საქართველოში გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ რეზოლუციასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინია, გამომდინარე იქიდან, რომ უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ეყრდნობა გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებებს, საქართველოს შესახებ გენერალური მდივნის ბოლო მოხსენება კი, თავისი დასათაურებითაც და შინაარსითაც, საქართველოსთვის მიუღებელ ფორმულირებებს შეიცავდა.

ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში, დასასრულს მიუახლოვდა კონსულტაციები საქართველოს შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტის ირგვლივ. განხილვის საგანი იყო გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული პროექტი, რომლის მიმართაც საქართველოს მხარეს ჰქონდა გარკვეული შენიშვნები, თუმცა, როგორც გაეროში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ლომაია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კონსულტაციების დაწყების მომენტში აღნიშნავდა, საერთო ჯამში, ის იზიარებდა საქართველოს ძირითად პრეტენზიებს. საქართველოს კი ერთი კონკრეტული პრეტენზია არ ჰქონია.საქართველოს მხარისთვის მიუღებელია გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციაში გააგრძელოს გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების სულისკვეთება იმ მიმართულებით, რომ არ გამოხატოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის მხარდაჭერა იმ ფორმით, როგორც ეს, ტრადიციულად, წლების განმავლობაში ხდებოდა. მეორე ძირითადი პრეტენზია იყო და არის ის, რომ საქართველო მომხრეა მის ტერიტორიაზე, აფხაზეთში, გაეროს მისიის არსებობისა, მაგრამ მომხრეა ქმედითი, ძლიერი მისიის არსებობის, ანუ მისიის გაძლიერებისა და მისი აღმასრულებელი, საპოლიციო ფუნქციებით აღჭურვის. ”პირველ ეტაპზე ასეთი მისიის არსებობა იქნებოდა უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორი გალის რაიონსა და ზემო აფხაზეთში აბსოლუტურად დაუცველი ქართული მოსახლეობის დაცვისთვის”, - აღნიშნა 12 ივნისს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ და დასძინა:

”ეს განმუხტავდა ვითარებას, ეს შექმნიდა განცდას დაცულობის, მათ შორის, სოხუმის მარიონეტული რეჟიმის მიერ მოგონილ ”ქართულ საფრთხესთან ” მიმართებით. ეს არის სწორედ ის გზა, რა გზითაც უნდა მოხდეს პროცესის გაგრძელება ორივე ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით. რომც ვერ მოხერხდეს და, სამწუხაროდ, რუსეთის პოზიცია ჯერჯერობით ძალიან აგრესიულია, - რომც ვერ მოხერხდეს მისიის გარდაქმნა ძლიერ მისიად, ჩვენს ეტაპზე მაინც დაინტერესებული ვართ თუნდაც სუსტი მისიების არსებობით ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის, გაეროს მისიის ყოფნით აფხაზეთში, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად.”

”არა ნებისმიერ ფასად” - ამაში საქართველოს მხარე გულისხმობს შემდეგს: საქართველოს სურს აფხაზეთში შეინარჩუნოს გაეროს მისია, მაგრამ ამის საფასური არ შეიძლება იყოს უკანდახევა იმ მიმართულებით, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ თავის რეზოლუციებში აღარ გამოხატოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ისე, როგორც ამას რუსეთი კატეგორულად მოითხოვს და, მასთან ერთად, მოითხოვს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი.

”ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ გაეროს მისიას ამიერიდან არ შეიძლება ერქვას ’მისია საქართველოში’ ”, -

განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო მეთაურმა სერგეი ბაღაფშმა ახლახან, დე ფაქტო პარლამენტში თავისი ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას. და, აი, კიდევ რა თქვა მან ამ მოხსენებაში: ”აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას არაერთხელ განუცხადებია, რომ აფასებს გაეროს მიერ გაღებულ წვლილს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში, მაგრამ ჩვენ ვუგზავნით მკაფიო სიგნალს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აფხაზეთი არ გახდება მრავალრიცხოვანი, ეგრეთ წოდებული, სამშვიდობო ან მონიტორინგის მისიათა საქმიანობის ადგილი. ამიტომ გაეროს მისია რჩება იმ ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმად, რომელიც შეიძლება იყოს აფხაზეთსა და საქართველოს შორის შესაძლო კონფლიქტის შემაკავებელი ფაქტორი.”

ეს ზუსტად ის პოზიციაა, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთი გამოხატავს. სოხუმი და მოსკოვი ერთნაირად ეწინააღმდეგებიან გაეროს მისიის ფორმატის შეცვლას და, რაც მთავარია, მოითხოვენ მისიას არ ერქვას ”მისია საქართველოში”. მაგრამ დავუბრუნდეთ რეზოლუციის პროექტს: რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ის გულისხმობს გარკვეულ ცვლილებებს მისიის ფორმატში - მართალია, არა ისეთს, როგორსაც საქართველოს მხარე მოითხოვს - და ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემას, თუმცა კონსულტაციების პროცესში რუსეთი ავლენდა კატეგორიულ წინააღმდეგობას რეზოლუციის პროექტის ამ ორივე ძირითად ასპექტთან დაკავშირებით. თავის მხრივ, ის, რასაც რუსეთი ითხოვს, საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია. არის კომპრომისული ვარიანტი. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, საქართველო თანახმაა ამ ეტაპზე გაეროს მისიას არსებული ფორმატით გაუგრძელდეს მანდატი - ტექნიკურად ზუსტად ისე, როგორც ხდებოდა აქამდე. ანუ მანდატის გასაგრძელებლად უშიშროების საბჭომ არ მიიღოს ახალი სრულფასოვანი რეზოლუცია და მისიას მანდატი გაუგრძელოს ავტომატურად, იმ ძველი რეზოლუციების მითითებით, რომლებშიც გამოხატულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.ეს ფორმა სამართლებრივად ვერ შეიტანს რაიმე ცვლილებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხისადმი გაეროს უშიშროების საბჭოს დამოკიდებულებაში, როგორც ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი რეზოლუციის ტექსტებში საერთოდ აღარ იქნება ნახსენები საქართველო და აღარ იქნება ხაზგასმული მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ან იქნება რეზოლუცია, რომელიც დაადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტს პატივისცემას, ან იქნება ტექნიკური გაგრძელება მისიისა და ამავე რეალობის დადასტურება, ძველი რეზოლუციების მითითებით. მიხეილ სააკაშვილის თქმით: ” მესამე აქ პრაქტიკულად არის გამორიცხული. განსხვავებით 90-იანი წლებისგან, ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე სახის ვაჭრობას ჩვენი მთავარი ღირებულების, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.”
XS
SM
MD
LG