Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტის მუშაობის განახლებას დაპირისპირება მოჰყვა


მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის აქციები გრძელდება და ჯერ ისევ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი, თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ 12 ივნისს საქართველოს პარლამენტში პირველი სხდომა ჩატარდა. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის განახლების უმთავრეს მიზეზად დასახელდა იმ კანონპროექტების მიღების აუცილებლობა, რომლებსაც უშუალო გავლენა აქვთ ხალხის ცხოვრებაზე და რომლებსაც საქართველოს მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ელოდება. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სხდომების ჩატარებას ხელს აღარ შეუშლიან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები, მაგრამ სხდომის დამთავრების შემდეგ დავით ბაქრაძემ შენობის დატოვება ძლივს მოახერხა. ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტებმა მის ავტომანქანას კვერცხები დაუშინეს. ამას მოჰყვა დაპირისპირება სამართალდამცველებსა და ახალგაზრდებს შორის.

ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტებმა პარლამენტის თავმჯდომარის ავტომანქანას კვერცხები მაშინ დაუშინეს, როცა დავით ბაქრაძე 4-საათიანი რიგგარეშე სხდომის შემდეგ პარლამენტის შენობას ტოვებდა. პარლამენტის თავმჯდომარის ავტომანქანამ ხალხის ნაკადის წინააღმდეგობა შეფერხებებით გადალახა. ამასობაში ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველებიც დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ახალგაზრდები უმოწყალოდ არიან ნაცემი. უშუალოდ დაპირისპირების დროს ლიდერები იქ არ იყვნენ, თუმცა ისინი პარლამენტის შენობის წინ მალევე გამოჩნდნენ. მათ შორის იყო ლევან გაჩეჩილაძეც:

”პარლამენტის მუშაობის წინააღმდეგი არ ვყოფილვართ ჩვენ, მაგრამ სირცხვილის კორიდორების გაკეთება გვინდოდა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ემსახურება ამ ბოროტებას... ისინი ემსახურებიან მონსტრს და ეს არის უდიდესი დანაშაული შენი ქვეყნის წინაშე.”

სირცხვილის დერეფანში გავლა, ხმაურის, შეძახილების, წყლის შესხურებისა და გარკვეული ფიზიკური დაპირისპირების თანხლებით, იმ დეპუტატებს მოუხდათ, რომლებიც 12 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ესწრებოდნენ. სწორედ ამგვარი მოვლენების თავიდან ასაშორებლად, ორ თვეზე მეტია, რაც პარლამენტი არ შეკრებილა და მისი მუშაობა მხოლოდ საკომიტეტო მოსმენებისა და ბიუროს სხდომების ფორმატში მიმდინარეობდა. 12 ივნისს კი რიგგარეშე სხდომა მაინც დაინიშნა. ითქვა, რომ საქმე აღარ ითმენს და ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხილვის გადადება უკვე აღარ შეიძლებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დეპუტატებს არასაპარლამენტო ოპოზიციის გასაგონადაც მიმართა:

”დაგროვდა ისეთი საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია უშუალოდ ჩვენი მოსახლეობისთვის და იმედი მაქვს ნამდვილად, რომ მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციაც გაიზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს სწორედ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ადამიანებისთვის უკეთესი პირობების შექმნა და ... არასაპარლამენტო ოპოზიცია არ შეეცდება ხელი შეუშალოს პლენარული სხდომის წარმართვას.”

უშუალოდ სხდომის მიმდინარეობას ხელი მართლაც არავინ შეუშალა და ეს პრაქტიკულად შეუძლებელიც იყო. გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატებმა 12 ივნისს სულ რაღაც 4 საათში 100-მდე საკითხის განხილვა და ძირითადი საკითხების კენჭისყრა მოასწრეს. მათ შორის იყო საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 312 მილიონი ლარით გაზრდაც.

სხდომაზე დააგვიანეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რადგანაც, როგორც გაირკვა, მათთვის ამის შესახებ არავის შეუტყობინებია. მათ შორის იყვნენ ქრისტიან-დემოკრატებიც. ინფორმაცია დროულად ვერ მიიღეს, აგრეთვე, დეპუტატებმა ჯონდი ბაღათურიამ, პეტრე მამრაძემ, გია ცაგარეიშვილმა და კარლო კოპალიანმა, რომლებიც პარლამენტში ასევე ოპოზიციურ ფლანგს წარმოადგენენ. პირველი ორი რიგგარეშე სხდომაზე მაინც შევიდა, ცაგარეიშვილმა და კოპალიანმა კი მას ბოიკოტი გამოუცხადეს და ოპოზიციის ვალდებულებათა ქარტიას მოაწერეს ხელი. ისინი ფიქრობენ, რომ პარლამენტს სხდომის მოწვევის მორალური უფლება მხოლოდ ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით აქვს.

12 ივნისს ნასროლი კვერცხების და დაპირისპირების ფონზე ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება პარლამენტის მორიგი სხდომა.
XS
SM
MD
LG