Accessibility links

logo-print

ბრიუსელში დასრულდა ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა


ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ალიანსის შტაბბინაში

ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ალიანსის შტაბბინაში

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა დასრულდა პარასკევს ბრიუსელში, სადაც შეკრებილებმა რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს ნატოს ჯარების ირგვლივ.

ამ ორდღიანი შეხვედრის მონაწილეებს უნდა დაედგინათ კოსოვოში ნატოს ჯარისკაცების რაოდენობის შემცირების პირობები და ავღანეთში ჯარის გაზრდის შესაძლებლობები.

კოსოვოს საკითხი გაირკვა ხუთშაბათს - იქ მომავლისთვის ნატოს ჯარის ოდენობა შემცირდება, თითქმის 15 ათასიდან 10 ათასამდე. ამას გარდა, გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ფრანც იოზეფ იუნგს, სხვა რამეც ახარებდა ბრიუსელში კოსოვოში ალიანსის ჯარებთან დაკავშირებით.

“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ გახარებული ვარ კოსოვოში ევროპის კავშირის მისიის შემადგენლობის 2500- მდე გაზრდით. ახლა შეიძლება მოველოდეთ, რომ კოსოვოს უშიშროების ძალების წვრთნა სექტემბრამდე დასრულდება. ასე რომ, ნატოს ჯარის შემცირება წლის ბოლოს შეგვეძლება დავიწყოთ, თავიდან - 14 400-დან 10000-მდე”.

როგორც ხუთშაბათს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, კოსოვოში გამოთავისუფლებული სამხედროები, შესაძლებელია, ავღანეთში იქნენ განთავსებული. მისივე ცნობით, ნატოს მოკავშირე ქვეყნები დაეთანხმნენ აშშ-ის პოზიციას, რომ ავღანეთში მომავალ 18 თვეში წინსვლა უნდა გამოჩნდეს. ბრიუსელში მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მომავალში ავღანეთში საერთაშორისო ჯარს ორი ამერიკელი გენერალი უმეთაურებს. დე ჰოოპ სხეფერმა დამსწრეთ წარუდგინა გენერალი სტენლი მაკ კრისტალი, რომელიც ნატოსა და აშშ-ის ჯარის მეთაური იქნება ავღანეთში.

ოთხშაბათს აშშ-ის სენატი დათანხმდა, გენერალი ამ თანამდებობაზე განემწესებინათ. მეორე გენერალი, დევიდ როდრიგესი, ყოველდღიური საბრძოლო მოქმედებებისთვის იქნება პასუხიმგებელი. ავღანეთში შეიქმნება საერთაშორისო ჯარის ოპერაციებს დაქვემდებარებული სამეთაურო ცენტრიც. საქმე ისაა, რომ შემოდგომისთვის ავღანეთში აშშ-ის ჯარის ოდენობა გახდება 68 ათასი. ის ორჯერ მეტად გადააჭარბებს საერთაშორისო ჯარს, რომლის რიცხვი 32 ათასია. აშშ-ის არმიის რიცხვის ზრდა ავღანეთში უკავშირდება პრეზიდენტ ობამას განსაკუთრებულ ყურადღებას ავღანეთის მიმართ. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა გაიმეორა ვაშინგტონის პოზიცია, რომ ავღანეთსა და მის მეზობელ პაკისტანში მეამბოხეთა აქტიურობა საერთაშორისო უსარფთხოებას ემუქრება:

“ხიფათმა, რომელიც იწვევს ამ რეგიონში არასტაბილურობას, გადალახა ავღანეთისა და პაკისტანის საზღვრები. უაღრესად მნიშვნელოვანია, ამ საქმეს დროულად მოვაბათ თავი და სასწრაფოდ მივცეთ მას დადებითი სტიმული.”

ბრიუსელში მინისტრებმა ასევე მიიღეს აშშ-ის წინადადება რესტრუქტურიზაცია მოხდეს ქაბულში, შტაბბინაში, და სამეთაურო სისტემის ცენტრალიზებაზე შეთანხმდნენ. შეიცვლება ავღანეთში სტრატეგია. როგორც გენერალმა მაკკრისტალმა განაცხადა, ის აპირებს ახალი აზროვნება შეიტანოს ავღანეთში საერთაშორისო ოპერაციებში, რათა შემცირდეს მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში. ამ პრობლემაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმაც ილაპარაკა და თქვა, ეს ერთი სუსტი წერტილია აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვისო. გაეროს თანახმად, ავღანეთში 2008 წელს 2100 მოქალაქე დახოცეს. ეს უმაღლესი რიცხვია 2001 წელს თალიბანის განდევნის შემდეგ. ნატოს გენერალურმა მდივანმა ბოდიში მოიხადა ავღანელი მოქალაქეების დახოცვის გამო. მან ჟურნალისტებს მიმართა:

“ნება მომეცით, თქვენი საშუალებით ავღანელ ხალხს ვუთხრა: კარგად მესმის თქვენი უკმაყოფილება, თქვენი სევდა და ვარამი, როცა უდანაშაულო ადამიანები ჩვენი ძალების მიერ, ჩვენი ოპერაციების დროს იხოცებიან. და ჩვენ ვიცით, რომ ეს ხდება. როგორც დღეს ვთქვი, ჩვენ და მე, ბოდიშს ვიხდით ამ შეცდომების გამო და ყველაფერს გავაკეთებთ მათი შემცირებისთვის.”

იააპ დე ჰოოპ სხეფერმა სხდომაზე, ავღანეთზე საუბრისას, თქვა, რომ ამ ქვეყანაში აგვისტოში არჩევნებია, რომლის დროსაც ამ ქვეყნის ხელისუფლებას დახმარება სჭირდება. ნატო მზად არის უპასუხოს ამ გამოწვევებს, თქვა სხეფერმა. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ აგვისტოს არჩევნების დროს საერთაშორისო ჯარი რვა-ათი ათასი სამხედროთი გაიზრდება. მისივე თქმით, ალიანსის ზოგიერთმა მცირე წევრმა პარასკევს ალიანსს თავისი წვლილის შეტანა შესთავაზა ამ საქმეში. აშშ-ის მოთხოვნით, ნატომ გადაწყვიტა, გააკონტროლოს ავღანეთის არმიისს და ავღანეთის პოლიციის მაღალი რანგის კადრების წვრთნა.

პარასკევის შეთანხმებებს შორისაა ისიც, რომ 28 სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრმა დაადგინა, სამი ან ოთხი “AWACS”-ის ტიპის მზვერავი თვითმფრინავი განთავსდეს ავღანეთში, სამოქალაქო ავიაციის სამეთვალყურეოდ. ამ იდეას საფრანგეთი ერთი წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა, ახლა პარიზი დაყაბულდა ალიანსს.

ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებათა შორისაა ინდოეთის ოკეანეში მეკობრეებთან ბრძოლაში უფრო აქტიურად ჩაებას ნატო ჯარი. იქ ექვსიდან რვამდე დამატებითი სამხედრო გემი გაიგზავნება.
XS
SM
MD
LG