Accessibility links

ლაშა ბუღაძეს ვუსმენდი „წითელ ზონაში“. ამიტომაც დაგვიანდა წერილი.

ჰოდა, ლაშამ ის თქვა, რისთვისაც დაიწერა ეს წერილი ტარანტინოს ახალ ფილმზე „Inglorious Basterds“ (პირობითად ვთარგმნოთ, როგორც „დაუფასებელი ნაძირალები“), რომლის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა.

ლაშამ თქვა, სკოლებში დღესაც სტალინის მიერ შეთხზულ საქართველოს ისტორიას ასწავლიანო.

ვერ მოვასწარი მეკითხა, როგორ უნდა ასწავლონ ისტორია, თუ მემატიანე, როგორც წესი, სახელმწიფო მანქანის რაკურსიდან ასახავს სინამდვილეს და ამკვიდრებს „გლახაკთა, ქვრივთა და ობოლთა შემწყალე” მეფის მითს, რომლის კრიტიკული გააზრება არა და არ უნდა საზოგადოებას. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება რამდენიმე წყაროს თავმოყრა, ისტორიის სახელმძღვანელოს შედგენა შეფასებების კომბინაციებსა და რეკომბინაციებზე (წყარო „ა“ ამბობს ამას, წყარო „ბ“ კი საპირისპიროს ამტკიცებს), მაგრამ საეჭვოა, ასეთი მეთოდი აიტაცონ საქართველოში, სადაც, როგორც წესი, უყვართ ისტორიის წარმოდგენა ზღაპრად კეთილი და ბოროტი პერსონაჟებით (მგონი პროკოპი კესარიელს დღესაც პატივს სცემენ). თანაც, არა მგონია, რამდენიმე წყარომ ისტორიულ რეალობას დაგვაახლოვოს; წყარო „ა“ გამოტოვებს იმას, რაც არ აწყობს. მაგრამ სხვებმაც რომ „გამოტოვონ“?

„სად გაგიგია კარგი ფილოსოფოსი ქალი?“, „ერთი კარგი კომპოზიტორი მაინც დამისახელე ქალი რომ იყოს”... ეჰ, რამდენჯერ უთქვამთ ჩემთვის.

წყარო „ა“ და წყარო „ბ“ - ორივე მამაკაცი იყო და ორივე ვერ ხედავდა (და უფრო ალბათ - არ ხედავდა) ქალებში კარგ ფილოსოფოსს, კარგ კომპოზიტორს... ასე დაიკარგნენ სადღაც კარგი და ჭკვიანი ქალები. უბრალოდ, ვერ მოხვდნენ იმ მემატიანეთა მზერის არეალში, რომლებიც გარკვეულ იდეოლოგიას ემსახურებოდნენ.

მერე კინემატოგრაფი გაჩნდა. გოდარი მოევლინა კინოს სამყაროს და განაცხადა, ხელნაწერები სინამდვილეს ვერ ასახავენ, მაგრამ კინოს შეუძლია ისტორიული სინამდვილის რეაბილიტაცია, რადგან კინოხელოვნება - რეალურ ფაქტებს ეყრდნობაო.

კვენტინ ტარანტინო თავს, მოგეხსენებათ, ჟან-ლუკ გოდარის პირდაპირ მემკვიდრედ აცხადებს. და როგორც ნამდვილ მემკვიდრეს, ნიჭიერ და თავისუფალ შვილს შეეფერება (მაპატიეთ, „წითელი ზონის“ გავლენის ქვეშ ვარ), იგი კი არ იმეორებს მამა-იდეალის აზრს, არამედ ყველანაირად ცდილობს დაუპირისპირდეს იმას, რაც მამამ დაამკვიდრა (სხვანაირად კერპისგან ვერ განთავისუფლდებოდა). თუ გოდარისთვის კინო რეალობის რეაბილიტაციაა, ტარანტინოსთვის კინოხელოვნება კაცობრიობის მიერ გამოგონილი ყველაზე დიდი ტყუილია. ტყუილი, რომლითაც პროკოპი კესარიელის კინემატოგრაფისტმა-ძმებმა მასების მანიპულაციის თვალსაზრისით რელიგიასაც კი აჯობეს. უფრო მეტიც, კინო არ იკმარეს და ადამიანთა მანიპულაციის ხერხები ტელევიზიაში დანერგეს.

საქართველოში, მაგალითად, დღესაც ასეა - მთავარ პოლიტიკურ მოვლენად ითვლება ის, რასაც „რუსთავი 2“, ან „მაესტრო“ წარმოადგენენ (გააჩნია, ვინ რომელ არხს ენდობა). ის, რასაც კამერა ვერ (ან არ) აღბეჭდავს, იმ კარგი ფილოსოფოსი და კარგი კომპოზიტორი ქალებისა არ იყოს, ისტორიის მიღმა რჩება.

ტარანტინო პირველი იყო (ყოველ შემთხვევაში ამერიკულ კინოში), რომელმაც ჯერ კიდევ „მაკულატურაში“ გვითხრა: „ყველაფერი, რასაც ხედავთ ეკრანზე, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ამორჩეულია. ეს სისხლი, ეს ძალადობა - ყველაფერი ეს კინოა, ე.ი. ტყუილია. არ გჯერათ? აი, ნახეთ რას ვიზამ... გავაცოცხლებ ჩემს პერსონაჟებს.“

„მაკულატურა“, ფაქტობრივად, კინოხელოვნების თვითმკვლელობა იყო. კინომ ჩვენს თვალწინ თქვა უარი იმაზე, რამაც თითქმის მთელი საუკუნე შეუნარჩუნა სიცოცხლე.

„მაკულატურა“კანის 1994 წლის ფესტივალის „ოქროს პალმით“ აღინიშნა. ფილმის ავტორი, კვენტინ ტარანტინო კი 21-ე საუკუნის კინორეჟისორად აღიარეს.

მას მერე ტარანტინოს ფანები - პროფესიონალები და ისინიც, ვისაც არც ბრეხტი გაუგია და არც ტარანტინოს სხვა „მასწავლებლები“ (კვენტინი სახელგანთქმული სინეფილია), მოუთმენლად ელიან 46 წლის რეჟისორის ახალ ფილმს. მიუხედავად იმისა, რომ კანის ფესტივალის წლევანდელი პროგრამა „გადაძეძგილი“ იყო დიდი რეჟისორების ფილმებით, კრიტიკოსთა უმრავლესობა კანში სწორედ ტარანტინოს ახალი სურათის სანახავად ჩამოვიდა. ყოველ შემთხვევაში „დაუფასებელი ნაძირალები“ ერთადერთი საკონკურსო სურათი იყო, რომლის პირველ ჩვენებაზე, დილის ცხრის ნახევარზე, ლუმიერების 2500-კაციანი დარბაზი ფილმის დაწყებამდე 20 წუთით ადრე გაივსო... ათი წუთით ადრე კი ტაში დაუკრეს - სურათის დაწყება მოითხოვეს, სურათისა, რომელიც ტარანტინომ დიდი ხნის წინ ჩაიფიქრა. თუმცა, გადაღება გასაიდუმლოებულ პირობებში მიმდინარეობდა. რეჟისორის ფანებმაც კი მხოლოდ ის იცოდნენ, რომ „დაუფასებელი ნაძირალები“ მისთვის სრულიად უცხო, ისტორიულ ჟანრში გადაიღო და ჰოლოკოსტის თემას მიუძღვნა

დასაწყისში ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილ კლასიკურ ფილმებში. ებრაელების დევნა. ამერიკელების დახმარება. ჯაშუშები. მზვერავები... თითქმის ისე, როგორც სპილბერგთან. თუმცა, ტარანტინო ფილმის პროლოგშივე გვახსენებს თავის თავს - გერმანელი ოფიცერი და ფრანგი გლეხი ჯერ ფრანგულად იწყებენ საუბარს, შემდეგ კი ინგლისურზე გადადიან. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ სცენა ძალიან დაძაბულია (გლეხი ებრაელების ოჯახს მალავს თავისი სახლის სხვენში), მსახიობებს თითქოს თავადაც ეცინებათ ამ „ლინგვისტურ ფოიერვერკზე“ (ავსტრიელი მსახიობი კრისტოფ ვალცი, რომელიც კანის ფესტივალის პრიზით აღინიშნა, უბრალოდ, გენიალურია). ებრაელებს მიაგნებენ და იქვე დახვრეტენ, მაგრამ ოჯახის ერთი წევრი, ახალგაზრდა ქალი, გადარჩება, პარიზში გაიქცევა და იქ კინოთაეტრის მფლობელი გახდება. სწორედ აქ, ამ კინოთეატრში დაგეგმავენ ამერიკელები ოპერაციას კოდური სახელწოდებით „კინო“ - გადაწყვეტენ, ააფეთქონ დარბაზი რომელიღაც გერმანული ფილმის პრემიერაზე, რომელსაც ჰიტლერი, გებელსი და ჰიმლერი ესწრებიან.

ოპერაცია წარმატებით დასრულდება.

ასე რომ, ღმერთმა იცის, სადაა სიმართლე - ისტორიაში, რომელიც ხელნაწერებითა და კინოქრონიკით იქმნება, თუ კვენტინ ტარანტინოს ფილმში? იქნებ კიდევ სადღაც სხვაგან?

ტარანტინოს თაყვანისმცემელთა უმრავლესობა „ნაძირალებს“ წარუმატებლობად მიიჩნევს. მეტისმეტად პოლიტკორექტული გახდაო, ყველას „ეფერებაო“ - ამერიკელებს, ინგლისელებს. ფრანგებს საერთოდ სიყვარულს უხსნის, „ყველაზე კინემატოგრაფიულ ერს” უწოდებს. რუსი კრიტიკოსები პოლიტკორექტულობის გამოვლინებად იმასაც კი მიიჩნევენ, რომ პარიზის კინოთეატრში, რომელსაც ამერიკელები მსხვერპლად შეწირავენ ფაშიზმის დასამარცხებლად, კინომექანიკოსი შავკანიანია...

მე კი მგონია, რომ კვენტინ ტარანტინომ გადაიღო თავისი ყველაზე რადიკალური ფილმი. „21-ე საუკუნის რეჟისორმა“ გაბედა და შეატრიალა ყველაზე სტაბილური, ყველაზე მყარი - მეორე მსოფლიო ომის ინტერპრეტაცია!

დასავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანაში ჰოლოკოსტის მიმართ ეჭვის გამოთქმაც კი კრიმინალად ითვლება. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ფრანგული ნაციონალური ფრონტის ერთ-ერთი ლიდერი ბრუნო გოლნიში დამნაშავედ ცნეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეჭვი გამოთქვა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა რიცხვზე. აქ კიდევ ტარანტინო! ამერიკელი სინეფილი, გოდარის მემკვიდრე, შეიძლება ერთადერთი კინორეჟისორი მსოფლიოში, რომელსაც, ისევე როგორც მუსიკოსებს, მსახიობებს, თაყვანისმცემელთა ჯგუფები დაჰყვება... ფაქტობრივად ამანაც ხომ ეჭვი გამოთქვა? კი, ხუმრობით, სიცილ-სიცილით, უკვე კარგა ხნის დავიწყებული ფილმების ციტატებით... მაგრამ მაინც ხომ შემოატრიალა ისტორია? მაინც ხომ გვითხრა: „ნუ გადააქცევთ წარსულს მითად. ყოველთვის ნუ დაიჯერებთ იმას, რასაც წერენ, რასაც კინოში, ტელევიზიით გიჩვენებენ. გადაამოწმეთ, იმსჯელეთ, იფიქრეთ!

იცხოვრეთ!“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG