Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმების 80 პროცენტის დათვლის შემდეგ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში აჰმადინეჟადი ლიდერობს


გუშინ ირანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ხმების 80 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ აშკარა უპირატესობით ლიდერობს ამჟამინდელი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი. მას მხარი დაუჭირა 18,8 მილიონმა ამომრჩეველმა. ამავე წყაროს ინფორმაციით, აჰმადინეჟადის მთავარი მეტოქის, მირ ჰოსეინ მუსავის მხარდამჭერთა რიცხვმა 9,3 მილიონი შეადგინა. მაგრამ მუსავიმ ხელისუფლება კენჭისყრის გაყალბებაში დაადანაშაულა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. მან ირანის სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის მიმართა მოწოდებით, საქმეში ჩაერიოს და აღკვეთოს, როგორც მან უწოდა, "კანონდარღვევები". კენჭისყრის დროს დაბლოკილი იყო მოკლე ტექსტური შეტყობინებების სისტემა, რომელსაც აჰმადინეჟადის მეტოქე კანდიდატები აქტიურად მიმართავდნენ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას. ასევე დაბლოკილ იქნა მუსავის მხარდამჭერი საინტერნეტო გვერდები. კენჭისყრა ამომრჩეველთა უაღრესად მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ელექტორატის აქტიურობამ თითქმის 80 პროცენტს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ირანის ისტორიაში.
XS
SM
MD
LG