Accessibility links

ირანში რეფორმისტული პარტიების აქტივისტები დააპატიმრეს


ირანში დააპატიმრეს რეფორმისტული პარტიების ათობით აქტივისტი, რომლებიც პარასკევს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერდნენ ოპოზიციურ კანდიდატს, მირ ჰოსეინ მუსავის. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს აცნობეს, დაპატიმრებულთა შორის არიან პოლიტიკოსები, რომელთაც მაღალი თანამდებობები ეკავათ ყოფილი პრეზიდენტის, მოჰამად ხათამის მმართველობისას, აგრეთვე, მისი ძმა რეზა ხათამი. ქუჩაში გამოვიდა მირჰოსეინ მუსავის ათასობით მომხრე. მუსავი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელისუფლებას კენჭისყრის გაყალბებაში ადანაშაულებს. დემონსტრანტთა დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციელებმა სცემეს იტალიელ ტელეჟურნალისტებს, რომლებიც ქუჩის მღელვარებას ფირზე აღბეჭდავდნენ. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში ხმების 62 პროცენტზე მეტით გაიმარჯვა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა.
XS
SM
MD
LG