Accessibility links

logo-print

დასავლელი პარტნიორები გმობენ დეპუტატებზე განხორციელებულ თავდასხმებს


პარლამენტის სხდომა, რომლის შემდეგაც დეპუტატებს თავს დაესხნენ

პარლამენტის სხდომა, რომლის შემდეგაც დეპუტატებს თავს დაესხნენ

ვაშინგტონმა დაგმო ქართველ პარლამენტარებზე 12 ივნისს განხორციელებული თავდასხმები და მოუწოდა მთავრობასა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, დაუყოვნებლივ განაახლონ კონსტრუქციული მოლაპარაკებები და დიალოგი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ „საპროტესტო აქციის ზოგიერთმა ლიდერმა მხარი დაუჭირა ადამიანებსა და მათ ქონებაზე მიტანილ იერიშს“. ეს კი, განცხადების თანახმად, „ეწინააღმდეგება საპროტესტო აქციის ლიდერთა ადრინდელ განცხადებებს, რომელშიც გამოხატული იყო მოწოდება არაძალადობრივი მოქმედებისაკენ.“

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თავდასხმებმა „გადაკვეთა ხაზი, რომელიც აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და კრიმინალურ ქმედებას შორის არის გავლებული.“ გარდა ამისა, განცხადებაში გამოთქმულია მოწოდება ყველას მიმართ, ვინც მხარს უჭერს ფართო პოლიტიკურ დიალოგსა და პასუხისმგებლიან მმართველობას, დაგმოს ზემოხსენებული ქმედებები. „დაჟინებით ვთხოვთ საპროტესტო აქციის ლიდერებს, შეწყვიტონ თავდასხმები“, ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

12 ივნისის ინციდენტს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. საფრანგეთის ელჩმა ერიკ ფურნიემ ჟურნალისტებს ქართულად წაუკითხა განცხადება, რომლის ტექსტი ელჩებმა ერთად შეიმუშავეს. „გუშინ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტუტებს ქვები ესროლეს, დემოკრატიას შეუარცხყოფა მიაყენეს“, ნათქვამია განცხადებაში. „ასევე შეურაცხყოფა მიაყენეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, რომელიც საქმის გასარკვევად ადგილზე მივიდა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავი შეიკავოს ძალადობის პროვოცირებისაგან.“

დეპუტატებზე თავდასხმას მიუღებლად მიიჩნევს სამხრეთ კავკასიაში ევროპის კავშირის საგანგებო წარმომადგენელი პეტერ სემნები. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პროტესტის ყველა ფორმა მისაღები არ არის და მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

„ზოგიერთი იმ ქმედების ჩამდენი პირები, რომელთა მოწმენიც გავხდით, უნდა დაისაჯონ,“ თქვა სემნებიმ. „მაგრამ საჭიროა დიფერენცირება და უნდა იყოს თავშეკავება და, მე ვიტყოდი, მიმტევებლობაც ხელისუფალთა მხრიდან. საკითხი რომ განვაზოგადოთ, იყო პოლიტიკური წინააღმდეგობის ზოგიერთი აქტივისტის ცემის ფაქტები. და ასეთი ცემის ფაქტებსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს სათანადო რეაქცია ხელისუფლების მხრიდან.
XS
SM
MD
LG