Accessibility links

logo-print
განვლილი კვირა პოლიტიკური მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. კვირა დაიწყო რუსთაველის გამზირზე განლაგებული საკნების მოწესრიგებითა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის, პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონის საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე შავნაბადის რეზიდენციაში შედგა. განვლილ კვირაშივე, ორთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, მუშაობა განაახლა საქართველოს პარლამენტმა, რასაც არასაპარლამენტო ოპოზიციის მძაფრი რეაქცია მოჰყვა: რიგგარეშე სესიის დასრულების შემდეგ საპროტესტო მოძრაობის აქტივისტებმა დეპუტატებს სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს და კვერცხებთან ერთად ქვებიც დაუშინეს.

8 ივნისს ოპოზიციის აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე განლაგებული საკნები მოაწესრიგეს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანეს, მერიის დასუფთავების სამსახური კი დედაქალაქის მთავარი ქუჩის დალაგებას შეუდგა, თუმცა 8 ივნისსავე გამართულ მიტინგზე ითქვა, რომ ოპოზიცია არ აპირებს არც რუსთაველის გამზირის გახსნას და არც საპროტესტო აქციებზე უარის თქმას. რის დასტურადაც დასახელდა მიტინგისა და საპროტესტო აქციის ახალი ადგილი - შინაგან საქმეთა სამინისტრო.

9 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მართლაც გაიმართა საპროტესტო მიტინგი, სამინისტროს შენობა ოპოზიციის მხარდამჭერებმა ეგრეთ წოდებულ ცოცხალ ჯაჭვში მოაქციეს. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გამართულ მიტინგზე განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ, რომ აპირებს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრას, თუმცა გვიან ღამით, პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვების შემდეგ, ლევან გაჩეჩილაძემ თქვა, რომ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

ლევან გაჩეჩილაძე: მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
„იყო ტრადიციული ლაპარაკი რუსულ აგრესიაზე, რუსულ ფაქტორზე... მე ბოლომდე ვეუბნებოდი, რომ ვიზიარებ ხალხის ლოზუნგს - პრეზიდენტი უნდა გადადგეს, თუმცა სააკაშვილი ამ თემებს სხვანაირად ხედავს“, განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მოგვიანებით ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან გამართული შეხვედრის შესახებ პრეზიდენტმაც ილაპარაკა. გაირკვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას უშიშროების საბჭოში ადგილი და შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების მინისტრების მოადგილეების თანამდებობები შესთავაზა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა პრეზიდენტის წინადადება არ მიიღეს და განაცხადეს, რომ თანამდებობების გადანაწილება ვერ იქნება კრიზისიდან გამოსავალი. ოპოზიციის ნაწილმა ისიც თქვა, რომ პრეზიდენმა სააკაშვილმა ოპოზიციასთან დიალოგი ფორმალურად, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალის ასახვევად განაახლა. საქმე ისაა, რომ გასულ კვირაში ორდღიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრობდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი, რომელმაც შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა. ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოვიდა, რათა ქვეყანაში არსებულ სიტუაციას გასცნობოდა და, ამავე დროს, კიდევ ერთხელ დაედასტურებინა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსადმი. ფილიპ გორდონმა, ბუნებრივია, გვერდი ვერ აუარა საქართველოსათვის მტკივნეულ არაერთ საკითხს - მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს ახალ რეზოლუციას, რომელიც, სავარაუდოდ,15 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს.

ფილიპ გორდონი: „ვიმედოვნებ, რომ რუსებსაც და უშიშროების საბჭოს ყველა სხვა წევრს, ყველას ჩვენ გვაქვს პრაგმატული ხედვა, რომ გაეროს მისია შენარჩუნდეს საქართველოში, იმიტომ რომ ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს: ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება რეგიონში, გვჭირდება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ვიმედოვნებ, რომ ნიუ-იორკში მიმდინარე დისკუსიები აფხაზეთის შესახებ უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე ეს იყო სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში.”

ამერიკელი დიპლომატის მიერ გამოთქმული ამგვარი ვარაუდის საფუძველს ამცირებს რუსეთის, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნის, პოზიცია, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში დამოუკიდებელი მისიების შექმნისკენ იხრება, თუმცა ამ საკითხთან მიმართებაში შეუვალია საქართველოს ხელისუფლებაც. მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირაში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე საქართველო არანაირ დათმობაზე არ წავა.

ფილიპ გორდონის პრესკონფერენცია თბილისში
„ჩვენთვის მისაღებია ორი ვარიანტი: პირველი - ახალი, შინაარსობრივად განახლებული დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და მეორე - ძველი რეზოლუციების ტექნიკური გაგრძელება, რომელიც ისევ საქართველოს მთლიანობის პრინციპებს დაიცავს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გასულ კვირაში ასევე გაეროს შტაბბინისკენ იყო მიპყრობილი ოპოზიციური პარტიებისა და საქართველოს საპატრიარქოს ყურადღებაც. „სახალხო ფორუმმა“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხაზგასმა ორგანიზაციის თბილისის ოფისის წინ გამართულ მიტინგზე მოითხოვა, საქართველოს საპატრიარქომ კი საგანგებო განცხადებით გენერალურ მდივანს მიმართა:

„თუ საერთაშორისო დონეზე მოხდება სეპარატისტული რეგიონების ლეგიტიმაცია, ბუნებრივია, მსოფლიოში დაიწყება დაუსრულებელი დაპირისპირებებისა და ომების პროვოცირება, რაც გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიიყვანს ყველას. მოგმართავთ იმ იმედით, რომ, მართალია, დღეს კაცობრიობის წინაშე მრავალი გლობალური პრობლემაა, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს, მაგრამ ამ პრობლემებზე მაღლა დგას სიმართლე, სიმართლე ისეთი პატარა ქვეყნისა, როგორიც საქართველოა.“

გასულ კვირაში შემაშფოთებელი ცნობები გავრცელდა ზუგდიდის რაიონიდან, სადაც 11 ივნისს რკინიგზის სადგურსა და ქაღალდის კომბინატის დასახლებაში რამდენიმე აფეთქება მოხდა, თუმცა აფეთქებებს, ოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლი და მასშტაბური მატერიალური ზიანი არ გამოუწვევია.

ოპოზიციის მომხრეთა თავდასხმა ცესკო-ს თავმჯდომარეზე, ლევან თარხნიშვილზე
საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ გასულ კვირაში პარლამენტშიც იმსჯელეს. დეპუტატებმა, რომლებიც ორთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ საკანონმდელო ორგანოში რიგგარეშე სესიის ჩასატარებლად შეიკრიბნენ, 4 საათში 100-მდე საკითხის განხილვა და ძირითადი საკითხების კენჭისყრა მოასწრეს, თუმცა კონსტრუქციული გარემო, რომელშიც დეპუტატები მუშაობდნენ, სულ მალე სხდომასთან ერთად დასრულდა. ქუჩაში გამოსულ დეპუტატებს საპროტესტო მოძრაობის აქტივისტები კვერცხებითა და ქვებით გაუმასპინძლდნენ. მომხდარის გამო შეშფოთება ვერ დამალა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ერიკ ფურნიემ:

„გუშინ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ქვები ესროლეს, დემოკრატიას შეუარცხყოფა მიაყენეს. ასევე შეურაცხყოფა მიაყენეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, რომელიც საქმის გასარკვევად ადგილზე მივიდა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავი შეიკავოს ძალადობის პროვოცირებისაგან.“

მოგვიანებით პოლიციამ დააკავა პარლამენტის წინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე ხუთი პირი, რომელთაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ერთ თვემდე პატიმრობა მიუსაჯა. 13 ივნისს ოპოზიციის ლიდერებმა ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართეს და ძალადობის პროვოცირებაში კვლავ ხელისუფლება დაადანაშაულეს.
XS
SM
MD
LG