Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას დამნაშავედ მიიჩნევს


რუსეთი საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დიალოგს არ აპირებს - ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს მიაჩნია, რომ საქართველოს ამჟამინდელმა პოლიტიკურმა რეჟიმმა დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც, მასთან საერთო არაფერი აქვს. „ამასთან, თუკი ქართველი ხალხი არჩევნების შედეგად, რომელიც ადრე, თუ გვიან გაიმართება, ახალ ხელისუფლებას აირჩევს, ჩვენ მზად ვართ სხვადასხვა საკითხის განხილვას დავუბრუნდეთ“ - განაცხადა პრეზიდენტმა მედვედევმა. თუმცა, მისივე თქმით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილებას რუსეთი არ შეცვლის. შარშან აგვისტოში, საქართველოში რუსეთის მოქმედებისადმი ვაშინგტონის უარყოფითი პოზიციის კომენტირებისას, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ეს აშშ-ის საქმეა. რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, შარშან აგვისტოში მოსკოვმა ჰუმანიტარული და ზნეობრივი მოვალეობის შესაბამისად, დამოუკიდებლად იმოქმედა და ვინმეს მხარდაჭერის იმედი არ ჰქონია.
XS
SM
MD
LG