Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიალოგისკენ ხელისუფლების მოწოდებას ოპოზიცია სიყალბედ აფასებს


დიალოგისკენ პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი მოწოდება ოპოზიციის ლიდერებმა სიყალბედ შეაფასეს, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო კანცელარიასთან მდებარე საკნები უცნობმა პირებმა დაარბიეს და რამდენიმე ადამიანი სცემეს. ოპოზიციის განცხადებით, თავდასხმაში ძალოვანი სტრუქტურების შეიარაღებული წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. თავის მხრივ, შსს-მ განაცხადა, რომ ინგოროყვას ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მცხოვრებნი, რომელთაგან 2 დაკავებულია. სახელმწიფო კანცელარიიდან ოპოზიციის ლიდერები გაემართნენ თბილისის პოლიციის სამმართველოსთან, სადაც მათი განცხადებით, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის მონაწილეები დაარბიეს. სააგენტო ინტერპრესნიუსი ასევე იუწყება, რომ სამმართველოს შენობიდან გამოსულმა პოლიციელებმა აქციის მონაწილეები ხელკეტებით დაარბიეს და ათობით მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამავე სააგენტოს ცნობით, ტელეკომპანიების კავკასიის და მაესტროს ოპერატორებს ვიდეოკამერები წაართვეს, ინტერპრესნიუსის ფოტოკორესპონდენტს კი - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პროტესტის ნიშნად კავკასიამ და მაესტრომ დღეს მაუწყებლობა შეწყვიტეს
XS
SM
MD
LG