Accessibility links

logo-print

გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის აფხაზებმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს


ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, რუსეთის სასაზღვრო ნაწილების განლაგების მხრივ, კვლავ არაერთგვაროვანი ვითარებაა. გალის და ზუგდიდის რაიონების მოსაზღვრე ტერიტორიაზე უკვე რუსი მესაზღვრეები იმყოფებიან, გალისა და წალენჯიხის რაიონების გამყოფ ხაზზე კი ჯერჯერობით კვლავ აფხაზები დგანან. ეს და სხვა ინფორმაცია გალის რაიონში არსებული ვითარების შესახებ ოკუპირებული სოფლებიდან ზუგდიდში გადმოსული ადამიანებისგან მოვიპოვე. მათ არ დამიდასტურეს ქართული ტელეარხებით ახლახან გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსმა მესაზღვრეებმა აფხაზები განაიარაღეს და ადმინისტრაციულ საზღვარზე თავად დადგნენ. სოფელ ბარღების მკვიდრმა მიამბო, რომ რუსები და აფხაზები საზღვარს ერთობლივად იცავენ და ერთიდან მეორე სოფელში მონაცვლეობით მოძრაობენ. ამავე ქალბატონის ინფორმაციით, ისინი ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისას რაიმე პრობლემას ჯერჯერობით არ უქმნიან. გალის რაიონის კიდევ ერთი სოფლის, წალენჯიხის რაიონთან მოსაზღვრე ლეკუხონას მკვიდრმა კი მიამბო, რომ ე.წ. საზღვრის ამ მონაკვეთზე ჯერჯერობით მხოლოდ აფხაზები იმყოფებიან. ამავე რესპონდენტის ინფორმაციით, რუსი სამხედროები სოფლიდან 2-3 კილომეტრის მოშორებით დგანან, თუმცა მძიმე ტექნიკით აღარ მოძრაობენ.

ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებნი ადასტურებენ, რომ ადგილობრივ ქართველ პედაგოგებს აფხაზურმა ადმინისტრაციამ ახალი პასპორტების აღება სექტემბრამდე მოსთხოვა და, წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლებით, არამედ საკუთარი სახლებიდან გაძევებითაც დაემუქრა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო აგიტაცია გალის რაიონშიც დაიწყო. ოკუპირებულ სოფლებში მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა ადგილობრივ ქართველებთან დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის რაულ ხაჯინბას შეხვედრის ზოგიერთი დეტალი მიამბო. კერძოდ, მას უთქვამს, რომ რეალურად აფხაზეთს არანაირი დამოუკიდებლობა არ მოუპოვებია და რომ რუსებთან ყოფნას ქართველებთან ყოფნა სჯობდა. წინასაარჩევნოდ გალის რაიონში სოხუმიდან სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც ჩადიან და ადგილობრივ მოსახლეობას გზების შეკეთებას და, საერთოდ, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ჰპირდებიან.
XS
SM
MD
LG