Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ხელისუფლებამ წყალმომარაგების გაუმჯობესების ევროპული ინიციატივა დაიწუნა


ევროკავშირმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას წყლით მომარაგების სისტემის რეაბილიტაცია შესთავაზა. ამ მიზნით ცხინვალში იმყოფებოდა ჟენევის დისკუსიის ფორმატით დანიშნული დამოუკიდებელი ექსპერტი ვერნერ იოჰანიდისი, რომელიც პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილეს მერაბ ჩიგოევს შეხვდა. იოჰანიდისთან საუბრის შემდეგ, ჩიგოევმა ცხინვალის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ერთ–ერთი ევროპული სახელმწიფო მზად არის მილიონი ევროთი დააფინანსოს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, თუ ამ პროცესის დასრულების შემდეგ ოსური მხარე ქართულ სოფლებს როგორც სასმელ, ასევე სარწყავ წყალს ორი წლის განმავლობაში უფასოდ მიაწვდის. ეს ინიციატივა ცხინვალში უარყვეს და განაცხადეს, რომ საქართველომ წყლის საფასური უნდა გადაიხადოს, რადგან ამ პროექტს, მისი განხორციელების შემთხვევაში, დააფინანსებს არა თბილისი, არამედ დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი სახელმწიფო.

აგვისტოს ომის შემდეგ კოკოითის ხელისუფლებამ ქართული სოფლებისთვის სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდება შეწყვიტა, ქართული მხრიდან კი ცხინვალს ბუნებრივი აირი აღარ მიეწოდებოდა. ევროკავშირის და ეუთოს ძალისხმევით, ასევე თბილისისა და კომპანია „იტერას“ მოლაპარაკების შედეგად, ცხინვალს გაზის მიწოდება აღუდგა. თუმცა, პირობის მიუხედავად, ოსურ მხარეს წყლის სისტემები არ გაუხსნია. შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის მოსაზღვრე ქართულ სოფლებში ალტერნატიული სარწყავი არხების მშენებლობა დაიწყო, თუმცა მოსახლეობის სრულად დასაკმაყოფილებლად ეს საკმარისი არ არის. „გაეროს ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყალი კოკოითის ხელისუფლებამ პოლიტიკური ვაჭრობის საგნად აქცია, რათა საკუთარ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს ლეგიტიმურობის ხარისხი ოდნავ მაინც აუმაღლოს.

ჩიგოევისა და იოჰანიდისის შეხვედრის შედეგად კი მხოლოდ ის გადაწყდა, რომ მხარეთა წარმომადგენლები შექმნიან ექსპერტთა სპეციალურ ჯგუფს, რომელიც პირველ ეტაპზე სარწყავი და სასმელი წყლის სისტემების მდგომარეობას და ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობას დაადგენს.
XS
SM
MD
LG