Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქუფრული ცა და დათრგუნული განწყობა: პარიზში საიუბილეო ავიასალონი გაიხსნა


პარიზში დღეს მოქუფრული ცაა, რაც, ბევრის შეფასებით, შეესაბამება განწყობას საერთაშორისო ავიასალონზე, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში დაიწყო. საქმე ეხება ავიაციის მსოფლიოში უდიდეს გამოფენას. ის პარიზში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ამჯერად არსებობის 100-წლიან იუბილეს აღნიშნავს. თუმცა, საზეიმო განწყობა არ იგრძნობა...

პარიზის ავიასალონმა ლე ბურჟეს აეროპორტში წელს თავი მოუყარა 48 ქვეყნის წარმომადგენელ 2000-მდე მონაწილეს: საფრენი აპარატების თუ მათი აღჭურვილობის მწარმოებლებს, რომელთა ნაწარმის დათვალიერებაც, პოტენციურ მყიდველებთან ერთად, რიგით მოქალაქეებსაც ეძლევათ - ყველას, ვისაც ავიაცია აინტერესებს. ჩვეულებრივ, პარიზის გამოფენაზე, რომელზეც წარმოდგენილია თვითმფრინავების, გამშვები დანადგარების, კოსმოსური აპარატების, საავიაციო და სარაკეტო ძრავების, სამხედრო ტექნიკის და სანავიგაციო აღჭურვილობის უახლესი მოდელები, მილიარდობით დოლარის დაკვეთებს აფორმებენ ხოლმე. მაგრამ წელს, ჯერ კიდევ ავიასალონის გახსნამდე გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ დაკვეთა ამჯერად გაცილებით ნაკლები იქნება.

მიზეზად სახელდება გლობალური ეკონომიკური კრიზისი, შედეგად, თვითმფრინავით მგზავრობაზე მოთხოვნის მკვეთრად კლება როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესის სფეროებში. სამგზავრო ზებგერითი თვითმფრინავების მწარმოებელთა შორის ორი წამყვანი კომპანია, შეერთებული შტატების “ბოინგი” და ევროპული “ერბასი”, გავრცელებული ინფორმაციით, 100-100 დაკვეთაზე მეტს არ მოელის, ანუ გაცილებით ნაკლებს, ვიდრე აქამდე აფორმებდნენ ხოლმე.

თითქოს გლობალური ეკონომიკური კრიზისი საკმარისად რთულ პრობლემას არ ქმნიდეს, განწყობას
ავიასალონზე კიდევ უფრო თრგუნავს ატლანტის ოკეანეში 1 ივნისს მომხდარი ავიაკატასტროფა, რომელმაც საფრანგეთის ავიაკომპანიის კუთვნილ თვითმფრინავში, “ერბას” A330-ში მყოფი 228-ვე ადამიანის სიცოხცლე შეიწირა. კატასტროფის მიზეზი, შესაძლოა, კვლავაც უცნობი იყოს, მაგრამ ეჭვს არ იწვევს: მომხდარი მეტად საზიანოა ავიაციის მიმართ ნდობისათვის.
და კიდევ ერთი დამატებითი პრობლემა: ღორის გრიპად წოდებული დაავადება, რომელიც რამდენიმე დღის წინ პანდემიად გამოცხადდა და რომელიც მომავალ თვეებში უთუოდ ბევრ ადამიანს ააღებინებს ხელს უცხოეთში მოგზაურობაზე, მაშასადამე ფრენაზეც.

მოკლედ, საქმე ეხება ავიაციისთვის, მისი არსებობის ისტორიაში, ერთ-ერთ უმძიმეს წელს. და მაინც, პარიზის ავიასალონის ორგანიზატორები დღეს დაწყებული ერთი კვირის მანძილზე 300 000-მდე დამთვალიერებელს მოელიან. ორშაბათს ავიასალონი მონაწილეებისთვის გაიხსნა, პარასკევიდან კვირამდე კი საფრენი აპარატებისა და მოწყობილობების დათვალიერება შეეძლება ყველას, ვისაც ავიაცია ხიბლავს.

როგორც იუწყებიან, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საიუბილეო შოუ, რომელზეც 30 ისტორიულ საფრენ აპარატს აჩვენებენ. მათ შორის არის “ბლერიო 11”: თვითმფრინავი, რომელიც პარიზის პირველ ავიასალონზე იყო წარმოდგენილი 100 წლის წინ.
XS
SM
MD
LG