Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარბეული საკნები და საპროტესტო აქციები - რამდენიმე ადამიანი დაშავდა


დაპირისპირება საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის
დაპირისპირება საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის
საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინგოროყვასა და 9 აპრილის ქუჩებზე, 70-მდე ადამიანმა ერთდროულად დაიწყო არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ დადგმული საკნების დარბევა. ინციდენტი 15 ივნისს, დაახლოებით 12 საათზე, მოხდა. დღის მანძილზე კი დაძაბულობის ცხელი კერა დედაქალაქის კიდევ რამდენიმე უბანში გაჩნდა.

მთავრობის კანცელარია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველო და გაეროს წარმომადგენლობის ოფისი - ესაა ძირითადი ჩამონათვალი იმ დაწესებულებებისა, სადაც 15 ივნისს, პარლამენტსგარეთა ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლებამ მათ მომხრეებთან ანგარიშსწორება სცადა. კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაახლოებით 70-მა ადამიანმა საკნები დაარბია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოსთან კი დაპირისპირება პოლიციის თანამშრომლებსა და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის მოხდა.

პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას იყენებსს
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი კორძაიამ, გვითხრა, აქცია, პირობითი სახელწოდებით „დამიჭირე“, წინასწარ იყო ორგანიზებული. იმ დროს კი, როდესაც ორგანიზატორები ეგრეთ წოდებულ პოტენციურ დასაჭერთა დოსიეებს ჩამოთვლიდნენ, მათ ხელკეტებით პოლიციელები დაესხნენ თავს. ირაკლი კორძაია ამბობს, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 80, პოლიციელთა კი დაახლოებით 150 კაცს შეადგენდა. დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრი ზურაბ აბაშიძე, რომელსაც მედიკოსებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს.

„თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის შედეგად, 39 სამართალდამრღვევი დააკავეს“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ. მისი განმარტებით, დაკავებულთა უმრავლესობას, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით დააჯარიმებენ, ხოლო აქციის რამდენიმე მონაწილეს ადმინისტრაციული დაკავება შეეფარდება. მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა შორის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დეპუტატებისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეურაცხყოფაში ეჭვმიტანილი სამი პირი ამოიცნო. აქციის მონაწილეებმა, ჩვეულებრივი წესით, მათ დაკავებას ხელი შეუშალეს, რაც ოპოზიციასა და პოლიციას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალებულთა შორის აღმოჩნდნენ ჟურნალისტებიც. მათგან ბევრს გადაღებული მასალა ჩამოართვეს. პროტესტის ნიშნად, ტელეკომპანიებმა „მაესტრომ“ და „კავკასიამ“ დროებით მაუწყებლობაც კი შეწყვიტეს.

მანამ კი, ვიდრე თბილისის პოლიციის სამმართველოსთან ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეიკრიბებოდნენ, ინციდენტები თბილისის გაეროს წარმომადგენლობასთან და მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიებზე თითქმის ერთდროულად მოხდა.

საკნები დარბევა სახელმწიფო კანცელარიასთან
საკნების დროებითი მობინადრეებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების განცხადებების თანახმად, ხელკეტებით, დანებითა და ნაჯახებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, რომლებიც თავს სოლოლაკის მობინადრეებს უწოდებდნენ, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე საკნები დაარბიეს, დარბევის შემდეგ კი მიმოიფანტნენ. მათგან ზოგიერთი კანცელარიისა და უშიშროების სამსახურის შენობებში შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 ივნისს ამ ფაქტზეც გაავრცელა განცხადება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინგოროყვას ქუჩაზე დაპირისპირება, რომელიც შემდეგ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, ადგილობრივ მოსახლეობასა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მოხდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციაში გამოძიება დაიწყო, დაკავებულია 2 პიროვნება.

ინგოროყვასა და 9 აპრილის ქუჩებზე მომხდარ ინციდენტებში დაზარალებულია 5 ადამიანი, მათგან 2 სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 15 ივნისს საავადმყოფოში აღმოჩნდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე სამი ქალბატონიც. აქციის მსვლელობის დროს შავი ფერის ტოიოტას ჯიპის მანქანამ გაეროს წარმომადგენლობის შენობასთან გადაკეტილი გზა გაარღვია, მას შემდეგ კი, რაც ქალბატონებს დაეჯახა, მანქანიდან ორი გასროლაც გაისმა.

პროვოკაცია თუ ნერვების ომი? - ამ შეკითხვაზე აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ადა მარშანიას, ერთადერთი პასუხი აქვს -პროვოკაცია. ოფიციალური წყაროების განმარტებით კი, ინციდენტში ეჭვმიტანილი მანქანა იდენტიფიცირებულია და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG