Accessibility links

logo-print
ირანში პარასკევს გამართული არჩევნების შედეგებისა არ სჯერა ძალიან ბევრ ირანელს. თეირანის და სხვა ქალაქების ქუჩებში გასულია ათასობით ადამიანი, რომელიც პროტესტს გამოთქვამს. გამარჯვებულად გამოცხადებული პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ცდილობს დაამშვიდოს კრიტიკოსები.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრი მოელოდა, რომ ფავორიტები - პრეზიდენტი აჰმადინეჟადი და მისი მთავარი მეტოქე, რეფორმისტი კანდიდატი მირ ჰუსეინ მუსავი - დაახლოებით ერთი რაოდენობის ხმებს მოაგროვებდნენ. მაგრამ ძალიან დიდი იყო შოკი, როცა შედეგები გამოქვეყნდა. ირანში ბიულეტენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ითვლის. როცა საარჩევნო უბნები დაიხურა, სამინისტრომ ბიულეტენების 90 პროცენტის დათვლის შემდეგ მალევე გამოაცხადა, რომ აჰმადინეჟადმა მოიგო კენჭისყრა. არჩევნებს არ ჰყავდა დამოუკიდებელი მეთვალყურეები, არც არავინ აკონტროლებდა დათვლის პროცესს. პრეზიდენტი გამარჯვებულად გამოცხადდა 62 პროცენტით, მუსავიმ კი მხოლოდ 34 პროცენტი მიიმხრო. თვითონ გამარჯვებულად გამოცხადებული შედეგების გაყალბებაზე ლაპარაკს უცხოეთის მედიის ფსიქოლოგიურ ომს უწოდებს. კვირას მან პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც საკუთარ რიტორიკულ შეკითხვებს თავადვე პასუხობდა: “საიდან იცით, რომ ხალხი არ აღიარებს შედეგებს? სად შეხვდით 40 მილიონ ადამიანს? თქვენ მხოლოდ იმ მცირე რაოდენობის ადამიანებს ხედავთ, ვინც მოგწონთ.”

აჰმადინეჟადის თანახმად, ვისაც ეჭვი შეაქვს შედეგების სიმართლეში, უნდა თქვას, სად არის დარღვევები.

ირანის რეჟიმმა ამ დღეებში შეზღუდა მედია, რომელსაც მისი კრიტიკოსები იყენებდნენ ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად. შაბათის შემდეგ გაწყდა სატელეფონო მობილური კავშირი უცხოეთთან, მოკლე ტექსტური შეტყობინების სისტემა, აღარ მუშაობდა ასევე სოციალური საინტერნეტო ქსელები. ირანის გაზეთებიც აიძულა შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაფერი დაწეროს საპროტესტო გამოსვლების შესახებ. ცხადია, არ სურს რეჟიმს ირანში, რომ ხალხი გაეცნოს ისეთ მოსაზრებებს, როგორიც აქვს, მაგალითად, მიჩიგანის უნივერსიტეტის თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის ისტორიის პროფესორს ხუან კოულის. კოული და სხვა საერთაშორისო მიმომხილველების თანახმად, არჩევნების გაყალბების საუკეთესო დასტური თვითონ ოფიციალური მონაცემებია. კოულის თქმით, ზუსტმა კვლევამ აჩვენა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო დავალება, გაეყალბებინა შედეგები. მაგრამ დავალება იმდენად ტლანქად შესრულდა, რომ შედეგები დაუჯერებელი აღმოჩნდა. დაუჯერებელ შედეგთა რიგშია ის ფაქტიც, რომ აჰმადინეჟადმა ყველგან მოიგო - იმ არეალებშიც, სადაც ოპოზიციას აშკარად მეტი ხალხი ემხრობოდა. მაგალითად ასახელებენ მუსავის მშობლიურ ქალაქს, თავრიზს, ირანის აზერბაიჯანში. მუსავი ეთნიკური აზერბაიჯანელია და მას თავრიზში განსაკუთრებულად ბევრი ხალხი უჭერდა მხარს. ოფიციალური შედეგით, მან იქაც წააგო და 57 პროცენტი ამჰადინეჟადს მიემხრო. ასევე იყო თეირანში, რომელზეც კოული ამბობს, მარტო დედაქალაქის მაგალითი საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები გაყალბდაო. მისივე თქმით, ხალხის დიდი რაოდენობის მონაწილეობა არჩევნებში ასევე სადავო ფაქტად იქცა. რეფორმისტი კანდიდატები მოელოდნენ, რომ ამომრჩეველთა აქტიურობა მათ წაადგებოდა, არადა, მოხდა პირიქით, ამით აჰმადინეჟადმა იხეირა. ირანელი სატირიკოსი, ბელგიაში მცხოვრები ებრაჰიმ ნაბავი ასე აფასებს ვითარებას:

“შედეგებში მათემატიკური შეცდომებია. მათ ისიც არ იცოდნენ, როგორ გაეყალბებინათ შედეგები. არ გვეგონა, თუ ასეთ მასშტაბს მიიღებდა გაყალბება. არ ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო - უსირცხვილობა, უტიფრობა... არ მინდა ცუდი სიტყვების თქმა, მაგრამ სხვა სიტყვებით ვერ გამოვხატავ ხელისუფლების ქმედებას.”

ბევრი დააეჭვა იმ ფაქტმაც, თუ რა სისწრაფით დაითვალა კომისიამ ბიულეტენები, ათეული მილიონობით ქაღალდი. უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში თქვეს, 90 პროცენტი დათვლილიაო, ანუ ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 30 მილიონი ბიულეტენი დაამუშავეს. ირანის პარასკევის არჩევნებმა არამარტო აქტიურობით მოხსნა რეკორდი, თუკი ეს მართლა ასე იყო - ეს იყო რეკორდი ბიულეტენების დათვლის სისწრაფის მხრივაც. დაბოლოს, ირანის სარჩევნო კომისიამ სამი დღე უნდა მოიცადოს, სანამ შედეგები დამტკიცდება სასულიერო ლიდერის აიათოლა ალი ხამნეის მიერ. ეს სამი დღე შესაძლო დარღვევების განხილვისთვის უნდა იქნეს გამოყენებული. ხამენეიმ დაუყოვნებლივ აღიარა საეჭვო შედეგები.
XS
SM
MD
LG