Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მისია საქართველოში მუშაობას წყვეტს


15 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება საქართველოში გაეროს მისიის გაგრძელების შესახებ. რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ორი კვირით გაუგრძელებდა ვადას აფხაზეთში გაეროს სამეთვალყურეო მისიას. ამრიგად, 15 ივნისს, ღამის 12 საათზე, საქმიანობა ოფიციალურად შეწყვიტა მისიამ, რომელიც აფხაზეთში 1993 წლიდან მოქმედებდა. რეზოლუციას, რომელიც ერთობლივად შეიმუშავეს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, თურქეთმა, ავსტრიამ და ხორვატიამ, უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან მხარი დაუჭირა ათმა (ავსტრიამ, აშშ-მა, ბურკინა ფასომ, დიდმა ბრიტანეთმა, თურქეთმა, იაპონიამ, კოსტა რიკამ, მექსიკამ, საფრანგეთმა და ხორვატიამ), ხოლო ოთხმა (ვიეტნამმა, ლიბიამ, უგანდამ და ჩინეთმა) - თავი შეიკავა. გაეროს გენერალური მდივანი შესაბამის მითითებებს მიცემს თავის საგანგებო წარმომადგენელს გაეროს მეთვალყურეთა მისიის (იუნომიგის) მოქმედების შეწყვეტის შესახებ. ბან კი მუნის წარმომადგენელი აცხადებს: ”გაეროს გენერალური მდივანი გამოხატავს სინანულს იმის გამო, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო შეთანხმება იმ პრაქტიკული და რეალისტური წინადადებების საფუძველზე, რომლებიც გენერალურმა მდივანმა შეთავაზა საბჭოს და რომელთა მიზანი ადგილზე ვითარების სტაბილიზაციის ხელშეწყობა იყო”. რუსეთის ელჩი გაეროში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ იუნომიგის მანდატი უკვე ორჯერ გაგრძელდა ოთხ-ოთხი თვით - ”აზრი არ აქვს მის მის გაგრძელებას, ვინაიდან ის ძველ რეალობას ეფუძნება” - აცხადებს ჩურკინი და დასძენს, რომ არსებული რეალობა ადგილზე უსაფრთხოების ახალი რეჟიმის შექმნას საჭიროებს. ”გაეროს მისიის ახალი მანდატის შემუშავება საშუალებას მოგვცემდა უსაფრთხოების გაძლიერებისა და ნდობის აღდგენისთვის დაინტერესებულნ მხარეებს შორის ახალი თანამშრომლობისთვის ჩაგვეყარა საფუძველი... თუმცა, ჩვენმა დასავლეთელმა პარტნიორებმა არ გაიზიარეს ეს მიდგომა”.
XS
SM
MD
LG