Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განცხადებები გაკეთდა


გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელმა ალექსანდრე ლომაიამ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუწყონ სტაბილურობას საქართველოში, აგრეთვე გაეროს მეთვალყურეთა მისიას. ლომაიამ გამოთქვა იმედი, რომ გაგრძელდება ახლო თანამშრომლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, აგრეთვე საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან საქართველოში სტაბილურობისთვის. გუშინ გამართულ ბრიფინგზე ლომაიას დაუსვეს შეკითხვა იმ განცხადების შესახებ, რომელიც მან რუსეთის მიერ გაეროს გენერალური მდივნის დაშანტაჟების შესახებ გააკეთა. ლომაიას პასუხი: ”მე შემიძლია მხოლოდ დავადასტურო, რაც ადრე ვთქვი და შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ რუსებმა ვერ მოახერხეს ისევე დაეშანტაჟებინათ მთელი უშიშროების საბჭო, როგორც ეს იმ ვითარებაში გააკეთეს”. ლომაიას თქმით, კონფლიქტის ზონებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციის მისაღებად საქართველოს ხელისუფლება მჭიდროდ ითანამშრომლებს ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. შეგახსენებთ ამ მისიას არ ეძლევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება. აშშ წარმომადგენელმა საგანგებო პოლიტიკურ საკითხებში როზმარი დიკარლომ გუშინ განაცხადა: ”მსურს გამოვხატო ღრმა სინანული კენჭისყრის შედეგის გამო. ვფიქრობთ, რომ გაეროს ყოფნა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ მიგვეღწია შეთანხმებისთვის არსებითად ახალ პროექტზე. ამისთვის საჭირო იყო მეტი დრო. ძალიან ვწუხვართ, რომ რუსეთმა გადაწყვიტა დაპირისპირებოდა ჩვენს მცდელობას მისიის ორი კვირით გაგრძელების შესახებ. ჩვენ წარმოვადგინეთ რეზოლუცია, რომელიც იყო წინამორბედი ორი რეზოლუციის მსგავსი. მსურს აგრეთვე კიდევ ერთხელ დავადასტურო აშშ-ს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მინდა ხაზი გავუსვა - ჩვენი სურვილია განვაგრძოთ საქართველოს ხალხის მხარდაჭერა - იქნება ეს ეთნიკური ქართველი, ეთნიკური აფხაზი, ეთნიკური ოსი, თუ რომელიმე სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი. დიდი მადლობა”. გერმანიის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში თომას მატუშეკიც გამოთქვამს სინანულს საქართველოში გაეროს მისიის შეწყვეტის გამო და აღნიშნავს: ”იყო ერთი საკითხი, რომელზე კომპრომისსაც ჩვენ ვერ დავუშვებდით - ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”.
XS
SM
MD
LG