Accessibility links

გასულ ღამით გორში რესპუბლიკური პარტიის წევრი ზაალ გუდაძე ხელყუმბარის, პარტიის მხარდამჭერი თამაზ ტლაშაძე კი - ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დააკავეს. მათი ადგილსამყოფელის შესახებ, ოჯახის წევრებმა რამდენიმე საათის განმავლობაში არაფერი იცოდნენ. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ძმამ, კოტე გუდაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, დაპატიმრების ამბავი მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ბორკილდადებული ეჭვმიტანილი პოლიციის შენობიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ამ იზოლატორთან დღეს შეიკრიბა 50-მდე გორელი, რომლებიც ტლაშაძის და გუდაძის დაკავების გამო პროტესტს გამოთქვამდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ პოლიციამ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანების დევნა მათი განსხვავებული აზრის გამო დაიწყო. როგორც იზოლატორთან მყოფმა ხალხმა მითხრა, ქალაქში არავის სჯერა, რომ ზაალ გუდაძე და თამაზ ტლაშაძე ხელყუმბარებით და ნარკოტიკებით დადიოდნენ.

თავის მხრივ, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი ირწმუნება, რომ ორივე მათგანი კონკრეტული დანაშაულის გამო დააკავეს. ჯუღელმა ისიც თქვა, რომ გუდაძე და ტლაშაძე აქტიურად მონაწილეობდნენ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაში.

მათი დაპატიმრების გამო გორში სამშაბათს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ჩამოვიდა. მისი განცხადებით, პოლიციის მიერ საზოგადოებისთვის ავტორიტეტული ადამიანების დაკავება ხელისუფლებისადმი უკმაყოფილებას კიდევ უფრო გაზრდის, რაც, მისი აზრით, პირველ ყოვლისა, სახიფათო თავად ხელისუფლებისთვისაა.

ზაალ გუდაძისა და თამაზ ტლაშაძის დაკავების საქმეებს სახალხო დამცველის ოფისიც სწავლობს. ბოლო ორი თვის განმავლობაში, პოლიციამ გორში დააკავა ოპოზიციის ოთხი მხარდამჭერი, რომელთაგან სამი - ომბუდსმენმა პოლიტიკურ პატიმრებად გამოაცხადა. ამ პირთა დაკავებასა და გუდაძისა და ტლაშაძის დაპატიმრებას შორის ის განსხვავებაა, რომ მანამდე ოპოზიციის მხარდამჭერებს პოლიციელთა შეურაცხყოფის ბრალდებით ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს. ზაალ გუდაძე და თამაზ ტლაშაძე კი - სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილნი.
XS
SM
MD
LG