Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ გამოიწვია საქართველოში საწვავის ფასის ზრდა


მსოფლიოს ბირჟებზე ნავთობის ფასის მატების ტენდენცია შეიმჩნევა. შესაბამისად, დღითი დღე იზრდება სხვადასხვა მარკის საწვავის ფასებიც, მათ შორის - საქართველოშიც. ავტოტრანსპორტის მფლობელთა განცხადებით, ბოლო 2–3 თვის მანძილზე საწვავის ფასმა დაახლოებით 30 პროცენტით მოიმატა. ნავთობპროდუქტების სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ ფასების ზრდა უახლოეს პერიოდში ისევ გაგრძელდება.

თბილისის ქუჩებზე თვალის ერთი გადავლებით ვერავინ იტყვის, რომ ავტომობილების ნაკადი ან ეკონომიკურმა კრიზისმა, ან კიდევ საწვავზე ბოლო დროს გაზრდილმა ფასებმა შეამცირა. ავტომობილის მფლობელები ამბობენ, რომ, მართალია, საწვავი გაძვირდა, მაგრამ ამას თითქმის არ გამოუწვევია ავტომობილით სარგებლობის შემცირება.

საქართველოში ნავთობპროდუქტების საფასურის მომატება მსოფლიო ბაზარზე გაზრდილ ფასებს უკავშირდება. ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ საწვავის ღირებულების ზრდის ტენდენციას საერთაშორისო კონიუნქტურა განსაზღვრავს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიები საწვავის შესყიდვებს საერთაშორისო ფასების შესაბამისად აწარმოებენ. სწორედ ეს განაპირობებს საქართველოში რეალიზებული ნავთობპროდუქტების ფასის ზრდას.

საქართველოში ხშირად ისმის საყვედური აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავის ფასის ზრდის გამო. ავტომობილის მფლობელთა უკმაყოფილებას ის ფაქტი იწვევს, რომ აზერბაიჯანში საწვავის ფასი დაბალია და, თანაც, არ იცვლება. ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ეს იმის გამო ხდება, რომ აზერბაიჯანის შიდა ბაზარზე ნავთობპროდუქტების რეალიზებისას ფასების დოტაციას სახელმწიფო ახდენს.

ეს, რაც შეეხება ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის მიზეზებს. საინტერესოა ისიც, არის თუ არა მოსალოდნელი საწვავის ფასების შემდგომი ზრდა. ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, მსოფლიოს ბაზარზე გაძვირებული საწვავი ჯერჯერობით საქართველოში არ შემოსულა და გაძვირებული პროდუქციის შემოტანის შემდეგ საწვავის საცალო ფასიც გაიზრდება.

საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასმა თავის მაქსიმუმს დაახლოებით ერთი წლის წინ მიაღწია - მაშინ, როდესაც მსოფლიოში ნავთობის ფასი რეკორდულად გაიზარდა. მისი კლების დაწყების შემდეგ გაიაფდა საქართველოში იმპორტირებული საწვავიც, მაგრამ ეს საპირისპირო ტენდენციით შეიცვალა ნავთობის კვლავ გაძვირებასთან ერთად.
XS
SM
MD
LG