Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სტიქია რეგიონებში - მოსახლეობა დახმარებას ელის


უკანასკნელ დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა საქართველოს რამდენიმე რეგიონს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. 16 ივნისს მთავრობის სხდომა სწორედ ამ პრობლემებზე საუბარს შეეხო. მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის 9 მილიონი ლარი გამოიყო. ადიდებულმა მდინარეებმა განსაკუთრებით დააზარალა თიანეთისა და დუშეთის რაიონები, სადაც განადგურდა ნათესები, დაიტბორა სახლები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საავტომობილო გზები. სტიქიამ შეუტია კახეთს, იმერეთს, ქვემო ქართლს და ა.შ. აი, რა ცნობებს გვაწვდიან ამის შესახებ ჩვენიკორესპონდენტები:



დავით მჭედლიძე, რუსთავი

გასულ კვირაში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები რუსთაველებსაც შეუქმნა, განსაკუთრებით ძველ უბნებში, სადაც სადრენაჟე სისტემები ცუდად მუშაობს ან სულაც მწყობრიდან არის გამოსული. 11 ივნისს კი იმდენად ძლიერი წვიმა მოვიდა, რომ ქალაქის ზოგიერთი უბანი დაიტბორა, მაგალითად, ჭყონდიდელის დასახლება, რუსთავის საკმაოდ მოზრდილი და ყველაზე ძველი უბანი. ის ქალაქის საწარმო ზონას ესაზღვრება და ერთ დროს მოასფალტებული მისი ქუჩები დღეს ბალახს დაუფარავს. თუმცა უკეთეს მდგომარეობაში არც საცხოვრებელი სახლებია - ბევრს ფასადზე ბათქაშიც აღარ შერჩა და კრამიტის სახურავიც გვარიანად აქვს დაზიანებული.

11 ივნისს რუსთავში მოსულმა დიდმა ნალექმა სწორედ ჭყონდიდელის დასახლება დააზარალა ყველაზე მეტად. მოვარდნილმა წყალმა სარდაფებში შეაღწია და სახურავები დააზიანა.

რადიო თავისუფლება წყალდიდობის შემდეგ ჭყონდიდელის დასახლებაში ჩეხოვის ქუჩას ესტუმრა.

აქ, ძირითადად, ორსართულიანი სახლებია. ერთ-ერთი შენობის პირველ სართულზე წყლის პატარა გუბეებიღა იყო შემორჩენილი, მეორე სართულზე კი სახურავი იყო ჩამონგრეული და მზის სხივები ატანდა.

რადიო თავისუფლებას ასეთი სურათი ქუჩის სხვა შენობებშიც დახვდა.

გოდერძი შოშიაშვილს, ჩეხოვის ქუჩის მკვიდრს, 11 ივნისს დიდი ჯაფა დაადგა: მოვარდნილი წყლის ასარიდებლად მან მეზობლებს უხმო და იქვე პატარა არხის გაწმენდას შეუდგა, რადგან, როგორც იგი ამბობს, არათუ ამ ქუჩაზე, მთელ უბანში სადრენაჟე სისტემები მწყობრიდან არის გამოსული.

უხვმა ნალექმა ჭყონდიდელის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოებიც დააზარალა - მაგალითად, ვაგონშემკეთებელი ქარხანა, სადაც პრეზიდენტი არაერთხელ ყოფილა მისული.

როგორც საწარმოში განაცხადეს, 11 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის გამო საამქროების ტერიტორია დაიტბორა, ამან კი დაზგა-დანადგარების მწყობრიდან გამოყვანა და ქარხნის გაჩერება გამოიწვია.

ვაგონშემკეთებელი ქარხნის მუშაობა დაახლოებით ერთ თვეში განახლდება.

როგორც რადიო თავისუფლებას რუსთავის თვითმმართველობაში უთხრეს, 2009 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ჭყონდიდელის დასახლების სადრენაჟე სისტემის აღსადგენად გარკვეული თანხაა გამოყოფილი. ასევე გათვალისწინებულია საცხოვრებელი სახლების გადახურვითი სამუშაოების დაფინანსება.



ნინო ღაჭავა, ქუთაისი

ძლიერი ქარის შედეგად, იმერეთი მეორედ ზარალდება. რამდენიმე თვის წინ ქარიშხალმა წყალტუბოს ზონის მოსახლეობას სათბურები დაუნგრია. თითოეულმა ოჯახმა ათი ათას ლარამდე ზარალი ნახა. დაახლოებით ხუთი თვის წინ ძლიერმა ქარმა ქუთაისში ათობით საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ამჟამად ქარბორბალა ხონს დაატყდა თავს - საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ბოძები წააქცია, რის გამოც რვა ათასზე მეტ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სტიქიამ ხონის ადმინისტრაციული შენობა და ქალაქის სტადიონი დააზიანა.

მოსახლეობის მონათხრობით, ქარბორბალა 2-3 წუთს გაგრძელდა. ამ დროს ძალიან დაბნელდა, სახლები წყლით აივსო, ქარმა ფანჯრები და კარებები მოგლიჯა. როცა ქუჩაში გადაიხედეს, ძირს მოგლეჯილი ხეები და გადახდილი სახურავები ეყარა.ისინი ამბობენ, რომ ნანახით ძალიან შეშინდნენ. დაზარალებულებს ხელისუფლების დახმარების იმედი აქვთ. როგორც აცხადებენ, ხელმოკლედ ცხოვრობენ.

წინასწარი მონაცემებით, სტიქიამ ხონის რაიონს ასი ათას ლარზე მეტი ზარალი მიაყენა. ხონის გამგებლის ვახტანგ ბალავაძის თქმით, მატერიალური ზიანი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, აღდგენითი სამუშაოები კი ზარალის დაზუსტებისთანავე დაიწყება.

ქარით დაზარალებულებიდან ამ დროისთვის ხელისუფლების დახმარება მხოლოდ ქუთაისის მცხოვრებლებმა მიიღეს. მერიამ მათ თუნუქის სახურავები უსასყიდლოდ გადასცა. რაც შეეხება წყალტუბოში მცხოვრებ მცირე მეწარმეებს, რომლებსაც ქარმა სათბურები დაუნგრია, ისინი კრედიტების გადავადებას და ამ საკითხზე ხელისუფლებისგან ბანკებთან შუამავლობას ითხოვდნენ. ამ მიზნით საპროტესტო აქციებიც გამართეს, მაგრამ დახმარება ვერ მიიღეს.



ხათუნა გოგაშვილი, ლაგოდეხი

ბოლო ერთი თვის განმავლობაში სტიქიამ კახეთი უკვე მეექვსედ დააზარალა. დაისეტყვა და მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა საგარეჯოს, სიღნაღის, ახმეტის, გურჯაანისა და თელავის რაიონებში. კახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი სიბაშვილი აცხადებს, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობა თელავშია, სადაც სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა:

`კახეთში მოსული სტიქიის შედეგად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში თელავი აღმოჩნდა. წყალდიდობამ აქ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. განადგურებულია მოსავლის დიდი ნაწილი საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის რაიონებში, სადაც ადიდდა მდინარეები და მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა.~

უხვი ნალექის შედეგად მოვარდნილმა წყალმა თელავში

ეზოები, სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა.

თელავში მცხოვრები ნათია ვახტანგიშვილი ამბობს, რომ მისი ჭიშკარი ნიაღვრის დროს მოვარდნილმა წყალმა მოგლიჯა და სახლის დამცავი გალავანი დააზიანა.

თელაველი იზა გოგინაშვილი კი ამბობს, რომ მოვარდნილმა წყალმა ოთახში იატაკი აუყარა და სახლის მდგრადობას საფრთხე შეუქმნა. იზა გოგინაშვილი პრობლემის მოგვარებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს და დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს.

მოსახლეობა აღნიშნავს, რომ პრობლემას თელავში წლების განმავლობაში გაუწმენდავი სანიაღვრე არხები ქმნის. ადგილობრივების თქმით, პრობლემის მოგვარება სწორედ აქედან უნდა დაიწყოს.

კახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი სიბაშვილის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან რეგიონმა, დახმარების სახით, სპეციალური ტექნიკა მიიღო:

`პრევენციული ღონისძიებებისთვის ჩვენ მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოგვიყო შესაბამისი ტექნიკა: ექსკავატორები, გრეიდერი, `კამაცუს~ ტიპის ტრაქტორი, რაც უკვე საშუალებას მოგვცემს გავწმინდოთ ხევები, რათა მომავალში მაინც დაცული იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება და არ მოხდეს მათი ნაკვეთების განადგურება.~

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არსებული მონაცემების მიხედვით, სტიქიისაგან მიყენებულმა ზარალმა კახეთში ამ დროისათვის 5 მილიონ ლარს გადააჭარბა, თუმცა იმის გამო, რომ ყოველღამე წვიმს, არ არის გამორიცხული ზარალი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.
  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG