Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირი მეზობელთა კეთილგანწყობას კარგავს?


ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამის რუკა

ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამის რუკა

”ევროკავშირი აღმოსავლეთ სამეზობლოში ადამიანთა კეთილგანწყობას კარგავს და მას რუსეთთან კონფრონტაციის გაზრდის საფრთხე ემუქრება” - ასეთია რეალობა, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნებულ გამოკვლევაშია ასახული. გამოკვლევა, როგორც მიხვდით, ევროკავშირის მეზობლებთან ურთიერთობას ეხება - როგორც მის ”სამეზობლო პოლიტიკას”, ისე ახლახან დაწყებულ ”აღმოსავლეთის პარტნიორობას” - და კვლევის შედეგად მიღებულია დასკვნა, რომ ეს პროგრამები რეალობის ადეკვატური არ არის. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, "ახალი ევროპის", დღევანდელი გამოშვება სწორედ ამ გამოკვლევას ეხება.

გადაუდებელი პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, ნელი ტემპის ცვლილებებზე ორიენტირებული სტრატეგიის გამო ევროკავშირი მარცხდება აღმოსავლეთის სამეზობლოზე გავლენის ირგვლივ რუსეთთან წარმოებულ ბრძოლაში.

ასეთია მოსაზრება, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს ახლახან გამოქვეყნებულ გამოკვლევაშია გამოთქმული.

ანგარიში მოიცავს ვარაუდს, რომ თუ ევროკავშირი უფრო აქტიურად არ ჩაერთვება იმ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კრიზისებში, რომელიც მისი აღმოსავლელი მეზობლების ცხოვრებაში არსებობს, ამას ცუდი შედეგები მოჰყვება როგორც საკუთრივ ევროკავშირისთვის, ისე მისი ექვსი აღმოსავლელი მეზობლისთვის - საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის, ბელორუსიისთვის, უკრაინისა და მოლდავეთისთვის.

ანგარიშის ავტორები ევროკავშირის მხრიდან ამ ქვეყნების რეალური პრობლემების მიმართ ყურადღების ნაკლებობას ”უპასუხისმგებლოს” უწოდებენ და წერენ, რომ ამის გამო შეიძლება ევროკავშირი ისეთივე ”აგვისტოს სიურპრიზის” წინაშე აღმოჩნდეს, როგორიც შარშან საქართველოს ირგვლივ შეიქმნა. ამჯერად კრიზისი შეიძლება მოლდავეთის არჩევნებს ან უკრაინაში კიდევ ერთ გაზის კრიზისს მოჰყვესო, წერენ ავტორები.

ნიკუ პოპესკუ
ჩვენ დავუკავშირდით ანგარიშის ავტორებს და მათ გამოთქმული ვარაუდების განმარტება ვთხოვეთ. გამოკვლევის თანაავტორმა, მკვლევარმა ნიკუ პოპესკუმ, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ნაკლოვანებები ასე შეაჯამა: "თავისი სამეზობლოს შესაცვლელად ევროკავშირი დიდწილად ძალიან ტექნოკრატულ ინსტრუმენტებს ეყრდნობა და რეაგირებას ვერ ახდენს რეგიონის მწვავე პოლიტიკურ თუ გეოპოლიტიკურ პრობლემებზე. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, ძირითადად, ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა სანიტარული სტანდარტები, ვაჭრობა, საზღვრების მენეჯმენტი - ძალიან ტექნიკური თემები. არადა, მთავარი პრობლემები, რომლებიც რეგიონის ქვეყნებს აწუხებს, ძალიან მაღალი დონის პოლიტიკას უკავშირდება - ტერიტორიული კონფლიქტები იქნება ეს, ემბარგოები თუ რუსეთთან სავაჭრო უთანხმოებები. ევროკავშირი ამ ქვეყნებს მწვავე პრობლემების გადაჭრაში, როგორც წესი, არ ეხმარება."

ანგარიშის თანახმად, თუ ევროკავშირი აღმოსავლეთის სამეზობლო პოლიტიკაში გაწევრიანების პერსპექტივას მკაფიოდ არ შეიტანს, ამით რეგიონში რეფორმების მიმდინარეობა მნიშვნელოვნად შეფერხდება. ამასთან, ავტორები წერენ: ”დროა ევროკავშირმა გაიაზროს, რომ თუ მიმდინარე მწვავე კრიზისების გადაჭრაში ის არ დაეხმარება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ამას რუსეთი გააკეთებს.” ევროკავშირი უნდა ეცადოს ხელი შეუშალოს რეგიონის ჩამოყალიბებას ნახევრად-რეფორმირებული ან, სულაც, შეუმდგარი ქვეყნებისგან შემდგარ სივრცედო, წერენ ანგარიშის ავტორები.

ნიკუ პოპესკუს კონკრეტული მაგალითი მოჰყავს: "როცა საქართველოში ომი დაიწყო, პროცესში ჩართვისთვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში არანაირი მექანიზმი არ აღმოჩნდა გათვალისწინებული. ევროკავშირი ბოლოს მაინც ჩაერთო ამ პროცესში, მისი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის გზით. ასევე, როცა იანვარში უკრაინაში გაზის კრიზისი დაიწყო, ევროპის სამეზობლო პოლიტიკამ ამას ინსტიტუციურად ვერ უპასუხა და მონიტორების საგანგებო ჯგუფის წარგზავნა დასჭირდა. ეს საკითხები აჩვენებს იმ ხარისხს, თუ რამდენად ვერ უპასუხებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ამ ქვეყნების მწვავე პრობლემებს."

პოპესკუ უფრო შორსაც მიდის და აცხადებს, რომ აგვისტოს ომის ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირის მხრიდან ომამდე კონფლიქტის გადაწყვეტის პროცეში ჩარევისგან თავის შეკავება იყო. ვითარება უკონტროლო ამის გამო გახდა, ხოლო როცა ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიის გზით მაინც ჩაერთო პროცესში, ვითარებაზე დადებითი გავლენის მოხდენა უკვე დიდწილად დაგვიანებული იყოო, გვითხრა მან.

ენდრიუ უილსონი
მოსაზრებას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზედმიწევნით ეფექტიანი არ არის, ანგარიშის მეორე ავტორი, ენდრიუ უილსონიც ეთანხმება. თუმცა ის აქვე დასძენს, რომ მისია მაინც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს: "იმის მიუხედავად, რომ მისია განსაკუთრებით აქტიური არ არის, ხოლო მისი მუშაობის გეოგრაფიული არეალი ძალიან შეზღუდულია, ის ორივე მხრიდან საომარი მოქმედებების განახლების შემაფერხებელ ფუნქციას ასრულებს. ეს ფუნქცია სრულყოფილი არ არის, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ მისია ადგილზე იმყოფება, უკვე ანგარიშგასაწევია - განსაკუთრებით ახლა, როცა რუსეთმა აფხაზეთში გაეროს მისიის მანდატის გაგრძელებას ვეტო დაადო. შესაბამისად, საქართველოში საერთაშორისო ძალების ყოფნა სულ უფრო მცირდება - იმის ნაცვლად, რომ სტაბილურად შენარჩუნდეს ან გაიზარდოს."

ეს, რაც შეეხებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში. ახლა კვლავ ანგარიშს დავუბრუნდეთ.

ავტორების აზრით, ბლოკის სამეზობლო პოლიტიკის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია ევროკავშირის სავიზო პოლიტიკა, რომელსაც ისინი შეზღუდულს, დისკრიმინაციულს და გაუმჭვირვალეს უწოდებენ. ასეთი ვითარების გამო, რეგიონის მუშახელისთვის უკეთესი ცხოვრების პერსპექტივას არა ევროპა, არამედ რუსეთი ქმნისო, წერენ ავტორები.

სავიზო რეჟიმის გამარტივება და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები ავტორებს პოლიტიკის გაუმჯობესებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიაჩნიათ. რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკავშირს შეუძლია რეგიონში უფრო გააქტიურდესო, გვითხრა ნიკუ პოპესკუმ. მკვლევრის აზრით, ეს განსაკუთრებით ისეთ საკითხებს ეხება, რომელთა ირგვლივაც რუსეთს ვეტოს უფლება არა აქვს - მაგალითად, ფინანსური დახმარების გამოყოფას, სადამკვირვებლო მისიებს და სხვ.

ანგარიშის ბოლოს ავტორები ევროკავშირს სამ ძირითად რეკომენდაციას სთავაზობენ:

პირველი - აღმოსავლეთის პარტნიორობის ბიუროკრატიულ სტრატეგიებს რაც შეიძლება მალე უნდა დაემატოს დინამიკური, ცალკეულ ქვეყნებზე მორგებული ზომები, რათა ამ ქვეყნებმა მწვავე პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისებთან გამკლავება შეძლონ.

მეორე რეკომენდაციის თანახმად, ევროკავშირმა თავისი მეზობელი ქვეყნების მოსახლეობაში საკუთარი იმიჯის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს - უწინარესად, სავიზო რეჟიმის გამარტივების ფორმით.

მესამე რჩევა კი შემდეგია: თავისი ინტერესების თუ პრინციპების შენარჩუნებასთან ერთად, ევროკავშირი უნდა ეცადოს გამონახოს რუსეთთან თანამშრომლობის გზები, რათა რეგიონი უფრო სტაბილური გახდეს. ავტორების აზრით, ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ მედვედევის წინადადებას. პოპესკუსა და უილსონს მიაჩნიათ, რომ უნდა გაქარწყლდეს შეხედულება, თითქოს რეგიონზე გავლენის მოპოვების სურვილის გამო ევროკავშირი რუსეთთან ”იდეოლოგიურ ომშია” ჩართული.

ნიკუ პოპესკუს აზრით, ვითარება გადაუდებელ მოქმედებას საჭიროებს: "მალე, ალბათ, მართლაც გვიანი იქნება. რუსეთის აქტიურობა ძირს უთხრის რეგიონში ევროკავშირის მიერ დასახული მიზნების მიღწევას და ასევე ართულებს რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობას. ამ კავშირების განმტკიცებისა და უსაფრთხოების უფრო სტაბილური სისტემის შექმნის გზა რეგიონში ევროკავშირის უფრო აქტიური ყოფნაა. იქ, სადაც ევროკავშირი უფრო აქტიურად იყო ჩართული, - მაგალითად, მოლდავეთში, - სეპარატისტულ კონფლიქტებთან მიმართებით უფრო სტაბილური ვითარება შეიქმნა, ვიდრე საქრთველოში, სადაც ევროკავშირი ნაკლებად მონაწილეობდა. ამდენად, ამ რეგიონებში ევროკავშირის გაზრდილი როლი როგორც ევროკავშირს, ისე მისი და რუსეთის ურთიერთობას უფრო სტაბილურს გახდის."
XS
SM
MD
LG