Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 16 ივნისი 2009


დღევანდელ ”იზვესტიაში” ვკითხულობთ: ”გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროქტის ავტორებმა უარი თქვეს რუსეთის მიერ შეთავაზებულ ბოლო კომპრომისზე კავკასიაში გაეროს მისიის მანდატის გაგრძელების შესახებ და ”წამალს შხამი ამჯობინეს”, - განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა.”

”ვედომოსტის” მიხედვით, კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც პარტნიორებს მოუწოდა მანდატის განხილვისას გაეთვალისწინებინათ ახალი რეალიები, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას გულისხმობს.

გაზეთი წერს, რომ, რუსეთის საგარეო უწყების წყაროს ცნობით, ყველა დაინტერესებულია იმით, რომ მისია დარჩეს, მაგრამ მთავარია, რა პირობებზე. მოსკოვი წინააღმდეგია ფორმულირებების, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ადასტურებს, და ითხოვს აფხაზეთში ცალკე მისიის შექმნას. საქართველო რუსეთის პირობებს არ ეთანხმება.

ასეთმა უთანხმოებამ უკვე გამოიწვია საქართველოში ეუთოს მისიის შეწყვეტა, ეუთომ კონფლიქტის ზონა 30 ივნისამდე უნდა დატოვოს”, - წერს ”ვედომოსტი”.

როდის დატოვებს გაეროს მისია აფხაზეთს? ”იზვესტიას” მიხედვით, აფხაზეთის მთავრობა არ აპირებს ამ პროცესის ფორსირებას. გაზეთი წერს, რომ ”იზვესტიას” შეკითხვაზე, დააყენებს თუ არა აფხაზეთი რაიმე პირობას მისიის გაყვანის ვადებთან დაკავშირებით, სერგეი შამბამ უპასუხა: ,, აქ არ შეიძლება არსებობდეს არანაირი პირობები. უშიშროების საბჭომ არ გააგრძელა მანდატის მოქმედების ვადა. ესე იგი არ იქნება ფინანსირება. როგორ გააგრძელებენ აქ ყოფნას, როგორ იარსებებენ? არანაირი ჩვენი ქმედება აქ საჭირო აღარ არის.”

სხვა პუბლიკაციაში ”იზვესტია” წერს, რომ საქართველომ რუსეთის ვეტოში მანდატის გაგრძელების თაობაზე, ახალი კონფლიქტის საფუძველი დაინახა. გაზეთს ქართველი პარლამენტარის დავით დარჩიაშვილის კომენტარი მოჰყავს: ” ამ ვეტოთი რუსეთი ახლა უკვე ღიად გამოვიდა ამერიკისა და ევროპის წინააღმდეგ. რუსეთის ეს დემარში მომავალში აუცილებლად აისახება რუსეთ-ამერიკის და რუსეთ- ევროპის ურთიერთობებზე. რუსეთს დაერქმევა ძალა, რომელიც საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ გამოდის როგორც აგრესორი.”

გაზეთი ”გაზეტა” კი წერს, რომ, მოსკოვის კარნეგის ცენტრის ექსპერტის ანდრეი რიაბოვის თქმით, მოსკოვი დაინტერესებულია საერთაშორისო ინსტიტუტების პოტენციალის გამოყენებით. მაგრამ, ამავე დროს, შეუძლებელი იყო მისიის გაგრძელება უშიშროების საბჭოს პირობებზე, რადგან, ფაქტობრივად, ეს პირობები უარყოფენ ამ რესპუბლიკების აღიარების ფაქტს. - რიაბოვი ასევე ამბობს, რომ გადაჭარბებულია ამ გადაწყვეტილების შეფასება როგორც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა გაუარესების ფაქტორის, თუმცა, რა თქმა უნდა, მოსკოვის მიერ შეტანილი შესწორებების მიუღებლობა რუსეთის პოლიტიკის მინუსია, მცირდება დიპლომატიური სივრცე სამომავლო მანევრებისთვისო, - აცხადებს რიაბოვი.

”გაზეტას” კიდევ ერთი ექსპერტის, მიხაილ ალექსანდროვის, შეფასება მოჰყავს. მან თქვა: თავისი გადაწყვეტილებით რუსეთმა აჩვენა, რომ არ აპირებს დათმობების კურსს მიჰყვეს, და ამით თავისი დამოუკიდებლობა დაადასტურა. ”ახლა დასავლეთს მოუწევს ან დაეთანხმოს იმას, რომ აფხაზეთში აღარ იქნება გაეროს მისია, ან დაეთანხმოს მის შეცვლას ისე, როგორც ამას რუსეთი ითხოვდა”, - ვკითხულობთ 16 ივნისის ”გაზეტაში”.
XS
SM
MD
LG