Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 17 ივნისი 2009


გაეროს მისიის შეწყვეტის შესახებ მსჯელობა დღევანდელ პრესაშიც გრძელდება. ”რეზონანსი” ცდილობს გაარკვიოს იყო თუ არა შესაძლებელი გაეროს მისიის დარჩენა საქართველოში. პუბლიკაციაში წაიკითხავთ: ”პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი აცხადებს, რომ მთავარი იყო მისიის შენარჩუნება და ამისთვის კომპრომისული ვარიანტის მოძებნაც იყო შესაძლებელი თუნდაც იმით, რომ ქართული მხარე დათანხმებოდა პან გი მუნის მიერ შემუშავებულ ვარიანტს. რაც მთავარია, მისი თქმით, გაუგებარია, თუ რატომ იქნა საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ ისეთი ვარიანტი წარდგენილი, რომელზეც რუსეთის მხრიდან ვეტოს დადების შესახებ წინასწარ იყო ცნობილი.” იქვე გაეცნობით საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას მოსაზრებასაც, რომ ”არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ გაეროს მისია ისევ გაეროს მისიით შეიცვალოს, ოღონდ ამჯერად სრულფასოვანით - იქნება ეს ევროკავშირის საპოლიციო სტრუქტურის თუ სხვა საერთაშორისო ორგანზაციის სახით.” მალაშხიას თქმით, ამ საკითხს საქართველო გაეროს ასამბლეაზე დააყენებს, სადაც გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება. ”რეზონანსშივე” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ”ჩუმად დაკარგული 20 კილომეტრი” წაიკითხავთ: ”მამისონის უღელტეხილიდან შოვისკენ ქართველი მესაზღვრეების უკანდახევას ქართული ხელისუფლება კვლავ კატეგორიულად უარყოფს. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები დაჟინებით აცხადებენ, რომ 18-20 კილომეტრიანი ზოლი საქართველოს არ დაუკარგავს და ქართველი მესაზღვრეები ადრინდელ სადისლოკაციო ადგილას იმყოფებიან. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თვალსაზრისით, ხელისუფლების მიერ ”ჭირის” დამალვა სირაქლემის პოზიციას ჰგავს” - წერს ”რეზონანსი”.

”24 საათის” ამერიკელი ავტორი დევიდ სმიტი წერს: ”ჩვენს პარტნიორებს წამალს საწამლავი ურჩევნიათ” - განაცხადა გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა. მოსკოვი თავისი წამლით და, იმავდროულად, თითზე ჩამოსათვლელი ევროპული ქვეყნების დარწმუნებით იმაში, რომ დროა, რუსეთი ჩართონ ევროპის ახალი უსაფრთხოების სქემის განხილვაში, მიზნად ისახავს ევროპაში მოქმედი ყველა უსაფრთხოების ორგანიზაციისთვის ძირის გამოთხრას. ცხადია, მოსკოვისთვის მისაღები ნებისმიერი ახალი ორგანიზაცია მის ხელში ადვილად სამართავ მექანიზმად იქცევა და თანდათან ნატოსაც ძირს გამოუთხრის.”

”ახალი თაობა”: ”საქართველომ ბოლო წლებში წააგო ყველა დიპლომატიური ომი და კვლავ თავის მოტყუების რეჟიმში მაუწყებლობს. ამჯერადაც, თურმე, მართალია, გაეროს მისია გადის საქართველოდან, მაგრამ, სამაგიეროდ, რუსეთის, როგორც აგრესორის, სახე გვიჩვენებია მსოფლიოსთვის. და მერე რა? ვის რაში ადარდებს ეს საფრთხე ან ვინ რა დაინახა ახალი, როცა რუსული აგრესია თავის დროზე გაიარა მთელმა ევროპამ - დაწყებული ბალტიისპირეთითა და ფინეთით და დასრულებული საფრანგეთით? ან რა დაინახა ახალი აშშ-მა, რომელიც 50 წელი ცივი ომის პირობებში იყო მასთან? ამ სამარცხვინო და სასაცილო რიტორიკით ცდილობს ხელისუფლება საკუთარი უსუსურობის დაფარვას, მაგრამ რეალობა სხვას აჩენს. რეალურად საქართველოს არანაირი დიპლომატია არ გააჩნია.”

”ვერსია” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალ თავმჯდომარეზე - გიორგი ბარამიაზე - აწვდის მკითხველს ინფორმაციას. პუბლიკაციაში მოტანილია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკოორდინაციო ბიუროს დოკუმენტის ასლი, რომელიც, გაზეთის თანახმად, ადასტურებს, რომ ბარამია თაღლითობისთვის ძებნილია. ავტორი აგრეთვე წერს: ”გია ბარამიას კანდიდატურა ამ პოსტზე ერთხელ უკვე დასახელდა და მაშინ ცხონებულმა თამაზ ნადარეიშვილმა ოფიციალურად, უზენაესი საბჭოს სესიასა თუ სხდომაზე, ახლა აღარ მახსოვს, იკითხა: ”კი, მაგრამ, კრიმინალს ნიშნავთ ამ თანამდებობაზე?”. დღეს, როგორც ჩანს, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრებსაც პოლიტიკური ამნეზია დაემართათ”, - წერს ”ვერსია”, რომლის ცნობითაც, 15 ივნისს ბარამიას ერთხმად დაუჭირა მხარი აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ. პროტესტის ნიშნად, სხდომა ადა მარშანიას დაუტოვებია.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG