Accessibility links

logo-print
აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ოჯახი ათ წელზე მეტია ზუგდიდის რაიონის ზღვისპირა სოფელ ანაკლიაში ცხოვრობს. მათ შორისაა გალელი ლალი ლაბჟანია, რომლის 6-წევრიანი ოჯახის დროებითი თავშესაფარი პატარა ხის კოტეჯია. სახლის ყველა ფანჯარა, იატაკი და სახურავი დაზიანებულია. როგორც ლალი ლაბჟანია ამბობს, ზღვიდან სამოც მეტრში მდებარე კოტეჯი სტიქიამ არაერთხელ დააზიანა, თუმცა დახმარება არასდროს მიუღიათ. აფხაზეთიდან დევნილი ქალი ჰყვება, რომ მის ორ მცირეწლოვან შვილს უამრავი რამ აკლია და მათთვის ხშირად პურსაც ვერ ყიდულობს. ოჯახის ყველაზე უფროსი წევრი მიმოზა ლაბჟანია კიბოთია დაავადებული და ყოველთვიურად მინიმუმ 70 ლარის მედიკამენტები სჭირდება. ოჯახის ერთადერთი ყოველთვიური შემოსავალი კი საქართველოს მთავრობისგან დანიშნული 100 ლარია. ერთადერთი, რასაც დაავადებული ქალბატონი ითხოვს, წამლებია.

ზღვისპირა ანაკლიის სანაპიროზე მდებარე ხის კოტეჯებში, რომელთა მდგომარეობა ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება, სულ 11 ოჯახი ცხოვრობს. ლალი ლაბჟანია ამბობს, რომ ხელისუფლება ახალი კოტეჯების აშენებას მხოლოდ ათ ოჯახს დაჰპირდა. მიზეზის გარკვევა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სამმართველოში ვცადე. მისი უფროსის ლევან მიქავას განცხადებით, ანაკლიაში მცხოვრები დევნილებისთვის ათი ახალი კოტეჯის მშენებლობას ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო აფინანსებს. რაც შეეხება ლაბჟანიების ოჯახს, როგორც მიქავა ამბობს, მათ ამჟამინდელი საცხოვრებლის შენარჩუნებაც მოითხოვეს და ორი ახალი კოტეჯიც, რაც არსებულ დაფინანსებას აღემატება. შესაბამისად, ლაბჟანიების მდგომარეობის გაუმჯობესება მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყებამდე ვერ მოხერხდება.

აფხაზეთიდან დევნილი 10 ოჯახისთვის ახალი სახლების მშენებლობა ივნისის ბოლოს უნდა დაიწყოს და შემოდგომისთვის დასრულდეს. მეორე ეტაპის პერსპერქტივა კი ჯერჯერობით გაურკვეველია.
XS
SM
MD
LG