Accessibility links

ცხინვალი ჟენევის ფორმატით დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლით იმუქრება


ჟენევის დისკუსიის ახალი რაუნდის მოსამზადებლად ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები ცხინვალში იმყოფებოდნენ. მათ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციით დახვდნენ ქართველი სამართალდამცავების მიერ დაპატიმრებული ოსი ეროვნების მოქალაქეთა ნათესავები, რომლებმაც ევროპელი დიპლომატებისგან დახმარება მოითხოვეს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება განსაკუთრებით დაინტერესებულია სამი ახალგაზრდით, რომლებსაც ქართველი პოლიციელების მიერ გატაცებულებად მიიჩნევს. სწორედ ამ საკითხზე მსჯელობით დაიწყო პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ პიერ მორელთან, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელ ხრისტოპოლუს ხარალამპოსა და გაეროს უფროს პოლიტიკურ მრჩეველ ათანას ბალტოვთან. ინფორმაცია სამსაათიანი შეხვედრის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციის კომიტეტმა გაავრცელა.

ჟენევის დისკუსიის ახალი რაუნდი პირველ ივლისს უნდა გაიმართოს. ამ დრომდე ოსური მხარე დაკარგული ახალგაზრდების ადგილსამყოფლის დადგენასა და თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხის განხილვას მოითხოვს. გაცილებით ადრე, 23 ივნისს, ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაა დაგეგმილი. ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ, ცხინვალის ტელევიზიასთან ინტერვიუში ბორის ჩოჩიევმა ამ შეხვედრისა და ჟენევაში დაგეგმილი კონსულტაციის ჩაშლა არ გამორიცხა, თუკი ქართული მხარე ცხინვალის მოთხოვნათა განხილვაზე არ დათანხმდება.

თბილისის დელეგაცია ჟენევის დისკუსიასა და ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზეც კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთათვის უსაფრთხოების გარანტიებსა და ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ დაკავებული ქართველების გათავისუფლებას მოითხოვს. რაც შეეხება სამ დაკარგულ ოს ახალგაზრდას, რადიო თავისუფლებას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა, რომ ისინი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG