Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის ვეტერანები შველას ითხოვენ


საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, რომელთა რაოდენობა 100 ათასს აღწევს, 2005 წელს გაუქმებული შეღავათების აღდგენას მოითხოვენ. გარდა ამისა, მათ მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით უნდა შეიცვალოს ვეტერანთა საპენსიო უზრუნველყოფის თანხობრივი გაანგარიშების მოქმედი სისტემა, რომელიც, ვეტერანთა თქმით, დისკრიმინაციის საფუძველს ქმნის.

საქართველოში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტარენები უკიდურესად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ 2005 წლის დეკემბერში, როცა პარლამენტმა ძირეულად შეცვალა სოციალური დახმარების სისტემა. სიახლეს, რომელიც ძალაში 2007 წლის იანვრიდან შევიდა, ვეტერანები საპროტესტო აქციებით გამოეხმაურნენ. ვეტერანებმა საპროტესტო აქციები მომდევნო წლებშიც არაერთხელ გამართეს, მაგრამ მათ ძალისხმევას არანაირი შედეგი არ გამოუღია. პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკის ვახტანგ ხარაბაძის თქმით, 2007 წლის შემდეგ ვეტერანთა სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა:

„გაუქმებულია ყველაფერი. 80-მდე შეღავათი გვქონდა, დღეს კი მხოლოდ ერთია დარჩენილი: მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობა.“

არადა, ვეტერანებთან საუბრიდან ირკვევა, რომ წლების განმავლობაში, პენსიაში გასვლის შემდეგ, სახელმწიფოსგან, შეღავათების სახით, მნიშვნელოვან დახმარებას იღებდნენ. 87 წლის ნიკოლოზ ჩარაშვილი ამბობს, რომ სტალინგრადიდან ბერლინამდე ბრძოლებით ჩავიდა და ამის გამო შთამომავლობისგან პატივისცემასა და დაფასებას იმსახურებს.

„1995 წლის კანონის მიხედვით, ბუნებრივი აირის, წყლის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის, დენისა და ტელეფონის ხარჯებს ბიუჯეტი გვინაზღაურებდა“, სინანულით იხსენებს ომის ვეტერანი. თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ეს შეღავათები გაუქმდა. ორი წლის წინ საგადასახადო შეღავათებს ჩაენაცვლა ეგრეთ წოდებული შეღავათების მონეტიზაცია, რაც პენსიებზე ფულადი დანამატების გაცემას ითვალისწინებდა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მაშინდელმა მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა განაცხადა, რომ მონეტიზაციით იხეირებდნენ რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებიც, რომლებიც, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, საგადასახადო შეღავათებით ვერ სარგებლობდნენ.

„თანხა, რომელიც გაგვაჩნია, თანაბრად უნდა განაწილდეს მთელ საქართველოზე“, განაცხადა ორი წლის წინ ლადო ჭიპაშვილმა. თუმცა, შეღავათების აღდგენის გარდა, ვეტერანები საპენსიო უზრუნველყოფის თანხობრივი გაანგარიშების სისტემის შეცვლასაც მოითხოვენ. მათი თქმით, მოქმედი სისტემა დისკრიმინაციულია, რადგანაც ერთსა და იმავე თანამდებობაზე მყოფი, მაგრამ პენსიაში სხვადასხვა დროს გასული ადამიანები განსხვავებული მოცულობის პენსიებს იღებენ.

ვითარების შესაცვლელად ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებმა საკუთარი მოსაზრებები საპარლამენტო ფრაქციის, „ქრისტიან-დემოკრატების“, წევრებს გააცნეს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ ვეტერანთა მოთხოვნები სამართლიანია და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მათი უფლებების დასაცავად.

გიორგი თარგამაძე: „ლაპარაკია ელემენტარულ რაღაცაზე. ერთი და იგივე სოციალური სტატუსის მქონე ადამიანების მიმართ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა არ უნდა იყოს განსხვავებული, ანუ შერჩევითი. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე შევიტანეთ პარლამენტში და გვსურს ის შევუსადაგოთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც სახელმწიფოს აქვს. „ქრისტიან-დემოკრატები“ ამ თემას პაოლამენტში მუდმივი განსჯის საგნად ვაქცევთ.“

ირკვევა, რომ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა პრობლემებზე მუშაობს საპარლამენტო უმრავლესობაც. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის თქმით, კომიტეტი ამზადებს ფუნდამენტურ ცვლილებებს და თანამშრომლობს როგორც ვეტერანებთან, ასევე პოლიტიკურ ჯგუფებთან:

„მივესალმებით მათ წინადადებებს და მათაც ვიწვევთ კანონპროექტის განხილვაზე. რაც შეეხება საკითხის ტოტალურად გადაწვეტას, ანუ იმას, თუ ვინ აიღებს თავის თავზე დაფინანსებას, - მუნიციპალიტეტი, კერძო სექტორი თუ ბიუჯეტი, - ამაზე საუბარი აუცილებლად გვექნება, რათა საკითხი არ დარჩეს ლოზუნგის დონეზე. ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს ხალხი თხოულობს არა მარტო მატერიალურ დახმარებას, არამედ, გარკვეულწილად, ღირსების აღდგენასაც - იქნება ეს პენსიების კვოტირებისა თუ გადაანგარიშების საკითხი. ძალიან რთული თემაა და ნელ-ნელა ვცდილობთ წინ წაწევას.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG