Accessibility links

logo-print
მამისონის უღელტეხილის ირგვლივ ატეხილი ხმაური ისევ გრძელდება. ხელისუფლება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ზემო რაჭაში ხიდი აფეთქებულია, თუმცა ურევია თუ არა მის აფეთქებაში ქართველი მესაზღვრეების ხელი, ამაზე პასუხი არ არსებობს. დღეს ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ იმას ამბობს, რომ ხიდი მალე აღდგება და მოსახლეობა კუთვნილი საძოვრებით ისარგებლებს. თუმცა თბილისში ექსპერტები ისევ საუბრობენ უფრო სერიოზულ, საზღვართან დაკავშირებულ, საფრთხებზე და ამბობენ, რომ რუსები კავკასიის ქედის მთელ პერიმეტრს აკონტროლებენ.

”ყველა სიმაღლე კავკასიის ქედის პერიმეტრზე რუსებს უკვე აღებული აქვთ. მე ვფიქრობ, რომ კარგი სტრატეგიის პირობებში მათ საქართველოში შემოსვლაც აღარ უნდათ: იმ სიმაღლიდან, ტექნიკა ისეა განვითარებული, რომ თავისუფლად შეუძლიათ იერიში მოიტანონ. ეს სიმაღლეებია: ბზიფის ხეობა, ქლუხორის ხეობა, მამისონი, ასას ხეობა, ჩანთი-არღუნის ხეობა, ყვარლის ბეშთას მიმართულება და სუარგომის მიმართულება”, - რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული ტერიტორიების ამ ჩამონათვალს, რომელიც თავისუფალი აზრის სახლში 17 ივნისს კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილმა ჟურნალისტებს გაგვაცნო, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ დაამატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წერტილი - სვანეთი: ” სვანეთში აილამადან გადასასვლელი ცხრა კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ბალყარეთში გადადის, ისიც მაგათ ხელშია.”

ეს არის ან ძალების მომზადება თავდასხმისათვის, ან ძალების დემონსტრირება რუსეთის მხრიდან, - ვარაუდობს არეშიძე. მისივე ინფორმაციით, რუსეთის არმიის შემადგენლობა და მომზადებაც გაცილებით კვალიფიცირებული და ხარისხიანია, ვიდრე ეს იყო 2008 წლის აგვისტოში. 11 ივნისს რაჭაში ხიდის აფეთქების გახმაურებულმა ამბავმა და საზღვარზე ქართველი მესაზღვრეების გადაადგილებამ - საზღვრის რამდენიმე კილომეტრით უკან გადმოწევამ - როგორც ვარაუდობენ ექსპერტები, კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვი რუსეთის გეგმების მიმართ. კასრელიშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ ფაქტებს ასახელებს და ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სურათი, რომელიც მან დაგვიხატა, ასეთია: ” ბზიფის ხეობიდან ქლუხორამდე განლაგებულია დიდი რაოდენობის ტექნიკა, სამთო ქვეითი ქვედანაყოფები, ცხინვალს თუ აქამდე ცენტრში აკონტროლებდნენ, ახლა აიღეს მამისონის სიმაღლეც, ყვარლის გადაღმა ჯავშანია შემოყვანილი.”

რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ, როგორც არეშიძე განმარტავს, მანამდე არსებული შეთანხმებები საზღვრის ერთობლივი გაკონტროლების შესახებ შეიცვალა: ” რადგან საზღვარი დემარკირებული არ არის, მამისონში, ფშავ-ხევსურეთში, ზოგიერთ სხვა ადგილას იყო ასეთი პირობა, მოლაპარაკება, რომ ერთად გაეკონტროლებინათ საზღვარი, იდგნენ ერთად და დისტანცია შესაძლოა ყოფილიყო 100-200 მეტრი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთმანეთისთვის დაუთმიათ გაკონტროლების ადგილი, მაღალი წერტილი. მაგრამ რადგან სიტუაცია გამწვავდა, ნელ-ნელა დაიწყო ამ პოზიციებიდან ქართველების გამოდევნა.”

ზემო რაჭის სოფელ გლოლის მოსახლეობაზე დაყრდნობით, არეშიძე იმასაც ამბობს, თითქოს რუსებმა ჩამოიწიეს უფრო ქვემოთ. თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ოფიციალურ სტრუქტურებში. საზღვრის დაცვის პოლიციის უფროსის მოადგილე კობა ბოჭორიშვილი კი საერთოდ უარყოფს მესაზღვრეების მიერ დისლოკაციის შეცვლის ფაქტს და აცხადებს, რომ მესაზღვრეები ძველებურად პატრულირებენ და იმავე ტერიტორიას აკონტროლებენ, რომელსაც ბოლო 20 წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ.

რადიო თავისუფლება ისევ დაუკავშირდა ონის რაიონის გამგებელს ამირან სხიერელს, რომელიც ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ხიდი აღდგება.

ამირან სხიერელი გვიდასტურებს, რომ ხიდი აფეთქებულია, თუმცა ვის მიერ, ამას გამოძიება დაადგენს. აქამდე გავრცელებულ ვერსიას კი, თითქოს ხიდი ქართველმა მესაზღვრეებმა ააფეთქეს, უსაფუძვლოს უწოდებს: ”ეს არის თითიდან გამოწოვილი სიცრუე, თითქოს ჩვენებმა ააფეთქეს, რადგან გლოლელებმა ერთადერთი, რაც ნახეს, ნახეს დღეს, ჩემთან ერთად. მანამდე, ერთი-ორი კაცის გარდა, იქ გლოლელები არ ყოფილან”.

სხიერელი კვლავ აცხადებს, რომ საზღვრის გადაწევა არ მომხდარა: ”ადრე იქ ჩვენი 60 მესაზღვრე იდგა, ახლა 115 ადამიანია. ეს ბანაკი იყოფა ხოლმე და ნაწილ-ნაწილ მიდიან - ხან ზემოთ, ხან ქვემოთ. არანაირი უკან გადმოწევა საზღვრის არ მომხდარა და არც ტერიტორია დაკარგულა.”

17 ივნისს ზემო რაჭას სიტუაციის მონიტორინგის მიზნით პარლამენტის უმცირესობის წევრი პაატა დავითაიაც ეწვია. მომავალ კვირას კი მამუკა არეშიძე, ასევე პარლამენტარ რუსუდან კერვალიშვილთან ერთად, ონის რაიონში ინსპექტირებაზე აპირებს წასვლას და ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს მათ შეუერთდნენ.
XS
SM
MD
LG