Accessibility links

logo-print

რას შეცვლის უცხოელი ექსპერტების ჩართვა ახალ კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში


საკონსტიტუციო კომისიის წევრების წარდგენის ვადა 20 ივნისს იწურება, თუმცა ჯერჯერობით 69-კაციანი ჯგუფის მხოლოდ რამდენიმე წევრის ვინაობაა დაზუსტებული. პროცესში ჩართვას ისევ არ აპირებს არასაპარლამენტო ოპოზიცია, რადგანაც ის ახალი კონსტიტუციის შექმნას ამ ეტაპზე ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პრიორიტეტულ გზად ვერ აღიქვამს. რა შეიძლება შეიცვალოს იმით, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავების პროცესს მონიტორინგს უცხოელი ექსპერტები გაუწევენ?

როდესაც უცხოელი ელჩები საქართველოში შიდაპოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის შესაძლებლობებზე ლაპარაკობენ, მუდმივად ხაზს უსვამენ მხარეებს შორის დიალოგის აღდგენის აუცილებლობას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნის მმართველობის მოდელი, კონსტიტუციასთან, არჩევნებსა და მედიასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საკითხებს და, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ხაზი გაუსვა პიტერ სემნებიმაც, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში. ის ფიქრობს, რომ გამოცდილი უცხოელი ექსპერტების რჩევებს პროცესზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია: ”ერთი მხრივ, დადებითი ნიშანია, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ, ამავე დროს, საწყენია, რომ ეს არ იყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შედეგი. ვფიქრობ, ამის გამოსწორება შესაძლებელია, თუკი იქნება ძლიერი ნდობა საუკეთესო უცხოელი ექსპერტების რჩევების მიმართ. ასეთები არიან ევროპაში, მათ შორის გამოირჩევა ვენეციის კომისია. ეს იქნებოდა გარანტია, რომ განხილული საკითხები და გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს ევროპულ და საერთაშორისო საუკეთესო სტანდარტებს.”

პეტერ სემნები
უკვე ცნობილია, რომ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მსოფლიოში სახელგანთქმული ექსპერტები მართლაც ითანამშრომლებენ საკონსტიტუციო კომისიასთან. შეთანხმებას ამჟამად მხოლოდ თანამშრომლობის ფორმები საჭიროებს და სულ მალე ეს საკითხებიც დაზუსტდება. თუმცა, როგორც ჩანს, არასაპარლამენტო ოპოზიციის პროცესში ჩასართველად გადამწყვეტ როლს ვერც ეს ფაქტორი ითამაშებს, ოღონდ არა იმიტომ, რომ ოპოზიციის ლიდერები უცხოელ ექსპერტებს არ ენდობიან. ”ახალი მემარჯვენეებისა” და ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია ხელისუფლებისადმი უნდობლობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ თანამშრომლობა ამ ეტაპზე პრაქტიკულად წარმოუდგენელია: ”კონსტიტუცია უნდა იყოს საყოველთაო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი და ამ ეტაპზე ასეთი კონსენსუსი შეუძლებელია ხელისუფლების ქმედებების გამო, რომელიც მშვიდობიან მიტინგებსა და მანიფესტაციებს უპირისპირებს ძალისმიერ მეთოდებს. თუნდაც უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებსაც არ აქვთ ხალხის მხრიდან სრულმასშტაბიანი ნდობის მანდატი... ეს არის თავიდანვე შეცდომა და მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ამ გზით არ უნდა წასულიყო. ”

მანანა ნაჭყებია
არასაპარლამენტო ოპოზიციის უარი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე კიდევ უფრო განმტკიცდა 15 ივნისს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომიტინგეების დარბევის შემდეგ. თუკი არასაპარლამენტო ოპოზიცია ამ პოზიციას ბოლომდე შეინარჩუნებს, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, ახალი კონსტიტუციის ლეგიტიმაციის სხვა მექანიზმები უნდა ამოქმედდეს: ”ჩვენ გვსურს, მივიღოთ დოკუმენტი, რომელსაც ექნება ლეგიტიმურობის მაღალი ხარისხი. თუ საპარლამენტო ოპოზიცია კომისიაში არ შევა, ჩვენ, ალბათ, გამოვძებნით ლეგიტიმაციის სხვა გზას... ეს შესაძლებელია იყოს პლებისციტი და შემდგომ - პარლამენტი და პრეზიდენტი. ლეგიტიმურობის ხარისხი ამ შემთხვევაში იქნება მაღალი, შედარებით მაღალი.”

ავთანდილ დემეტრაშვილის 69-წევრიანმა საკონსტიტუციო კომისიამ პირველი სხდომა 27-28 ივნისს უნდა გამართოს, თუმცა ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი კომისიის წევრების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ წევრობის კანდიდატთა წერილობითი წარდგენის ვადა 20 ივნისს იწურება, ამ ეტაპზე წარდგენილია მხოლოდ 5 კანდიდატი: ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელით - თენგიზ შარმანაშვილი, ქართული დასის მიერ - ჯონდი ბაღათურია და, კვოტის შესაბამისად, 3 წევრი საქართველოს მთავრობიდან - იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, მისი მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი დიმიტრი შაშკინი. თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ კომისია დათქმულ ვადაში დაკომპლექტდება.
XS
SM
MD
LG