Accessibility links

logo-print
ევროკავშირის მიერ აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისიის მუშაობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნებამდე არაერთი გაზეთი ცდილობს გამოიცნოს რა შეიძლება დაასკვნას ამ კომისიამ. ინფორმაციული საფუძველი ამგვარი ვარაუდებისთვის არის უცხოეთის პრესაში გამოქვეყნებული რამდენიმე სტატია. ”ახალი თაობა” პოლიტოლოგ კახა კაციტაძის კომენტარს აქვეყნებს. ”პრესაში წინასწარ გამოქვეყნებული სტატიების მიხედვით, ტალიავინის დასკვნაში ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე იქნება საუბარი, ანუ ქართული მხარის ვერსია, რომ ეს რუსეთის ცალმხრივი აგრესია და საქართველოს მხრიდან მხოლოდ თავდაცვითი მოქმედება იყო, ბოლომდე გაზიარებული არ იქნება”, - ამბობს კაციტაძე. იმავე პუბლიკაციაში რამაზ საყვარელიძის მოსაზრებასაც გაეცნობით. ის ფიქრობს, რომ გერმანულ ”შპიგელში” ტალიავინის კომისიის მუშაობის შესახებ გაჟონილი ინფორმაცია გერმანიის საერთაშორისო პოზიციის ასახვაა, და პროგნოზისგან თავს იკავებს.

”24 საათი” მკითხველს ამერიკაში მოღვაწე პოლიტოლოგის, ანდრეი პიონტკოვსკის, სტატიის თარგმანს სთავაზობს. სტატიაში საუბარია რუსეთის მხრიდან საქართველოზე მორიგი აგრესიის საფრთხეზე. პიონტკოვსკისთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს ”საქართველოს რესპუბლიკა”. ის გაზეთის კორესპონდენტს ეუბნება: ”ობამას პოზიცია ასეთია: თუ ჩვენ ისრაელს ჩავაბარებთ, ტერორისტებმა იქნებ თავი დაგვანებონო; თუ ჩვენ საქართველოს ჩავაბარებთ, იქნებ პუტინმა თავი დაგვანებოსო”. ამის შემდეგ კი, იმავე ინტერვიუში, პიონტკოვსკი ქართველებს რჩევას აძლევს: ”ქართულ დიპლომატიას ვურჩევდი უფრო გააქტიურდეს, რადგანაც არიან ადამიანები, რომლებიც ობამას ამგვარ პოლიტიკას არ ემხრობიან - ამბობენ, ასეთი პოლიტიკა ამერიკის კატასტროფას გამოიწვევსო. უნდა ილაპარაკოთ კონგრესში, ამერიკული საზოგადოების ყველა დონეზე. როგორც მახსოვს, ბაიდენმა საქართველოს მეგობრად გამოიდო თავი. რასაკვირველია, რუსეთთან ურთიერთობები უნდა დარეგულირდეს, მაგრამ არა საქართველოს ხარჯზე”, - ამბობს ანდრეი პიონტკოვსკი ”საქართველოს რესპუბლიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”დღეს საქართველოსთვის ყველაზე პრობლემატური საკითხია, თუ რა იქნება სააკაშვილის შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დრომდე არა წლები, არამედ თვეები გვაშორებს, რის გამოც, ვფიქრობ, დროა აქედანვე ვიფიქროთ იმ ღრმა და ძალიან სერიოზულ პრობლემებზე, რომლებსაც ეს ხელისუფლება ქართველ ხალხს უტოვებს”, – ”რეზონანსში” წერს უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი.

დღევანდელ გაზეთებში გრძელდება 15 ივნისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი ფაქტის განხილვა. ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ამბობს: ”საქმე გვქონდა გადამეტებული ძალის გამოყენებასთან და პოლიციელები დაისაჯნენ კიდეც. მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ, რასთან გვქონდა საქმე. იქ ახალგაზრდები მივიდნენ, რომლებმაც თქვეს: ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის ვიძებნებით, მოდით და დაგვიჭირეთო. ეს პოლიციის გამოწვევა იყო. პოლიციამ ამ ადამიანთა დასაკავებელი ღონისძიებები დაიწყო, თუმცა გადამეტებული ძალა გამოიყენა, რის გამოც დაისაჯნენ კიდეც. ძალიან ვწუხვარ, რომ ზურა აბაშიძეს ეს დაემართა”, - ამბობს მიხეილ მაჭავარიანი.

”ყველა სიახლე” 15 ივნისის ამბებს დიდ ადგილს უთმობს. აქვეყნებს ფოტოებსა და ინტერვიუებს დაზარალებულებთან. გაზეთის ერთ-ერთი ავტორი კი წერს: ”საგულისხმოა, რომ არც აშშ-ის, არც საფრანგეთის, არც ჩეხეთისა და არც ინგლისის ელჩებს არ მიუციათ ”დემოკრატიის შეურაცხყოფის” კვალიფიკაცია 15 ივნისს ხელისუფლების მოქმედებებისთვის, რომელიც სისასტიკის მასშტაბებითა და დაზარალებულების რაოდენობით აღემატებოდა პარლამენტის წინ მომხდარი ინციდენტის მასშტაბს.”

”ალია” სახალხო დამცველ სოზარ სუბართან მოკლე ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც სუბარი 15 ივნისს დაკავებულთა შესახებ ამბობს: ”ყველანი უსასტიკესად არიან ნაცემები, მეტი რომ არ შეიძლება; დაზიანებები აქვთ ძალიან ბევრი, თავზე, ტანზე, კიდურებზე. ზოგიერთი მათგანი ამბობდა - ვერ ვწვებითო, გვტკივაო. პრაქტიკულად, იქ ერთ ფიცარზე უნდა იწვნენ და ერთი ადიალა აქვთ. ვზივართ და ისე ვიძინებთო. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ მათი ცემა ხდებოდა დაკავების დროსაც და შენობაში შეყვანის შემდეგაც.”

”ჯორჯიან ტაიმსის” ავტორი წერს: ”ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რათა საკუთარი თავი გადაეთელა, პოლიტიკური პროცესების, მოთხოვნების დევალვაცია მოეხდინა და სოციალური აფეთქებისთვის ნოყიერი ნიადაგი შეემზადებინა. ხოლო თუ ხელისუფლებამ შემოდგომისთვის მოსალოდნელ სოციალურ პრობლემებს წაუყრუა, შესაძლოა, არანაკლებ მწვავე აქციები დაიწყოს. აქციების ორგანიზატორი კი ამჯერად სოციალურად შეჭირვებული ხალხი იქნება და არა ოპოზიცია - მით უფრო, ამჟამინდელი ოპოზიცია, რომელიც ხალხით აპელირებს. როცა უნდა, ”დიალოგი ეშმაკების ენაა”, ხოლო როცა სახეიროს შეაგულებს ხელისუფლებას - პეტრე მოციქულის ქადაგება”, - წერს ”ჯორჯიან ტაიმსის” ავტორი.
XS
SM
MD
LG