Accessibility links

logo-print

კოკოითი დე ფაქტო პარლამენტისგან სპიკერის წარდგენას მოითხოვს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ, რომელიც 31 მაისს აირჩიეს, პირველ სხდომაზე სპიკერის კანდიდატურის დასახელება ვერ შეძლო. სხდომას დაესწრო დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, რომელმაც დეპუტატებს თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმება19 ივნისამდე მოსთხოვა, რათა შემდეგ სხდომაზე პარლამენტს დასამტკიცებლად თავადვე წარუდგინოს. დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი პარლამენტის მანდატები სამმა პარტიამ მოიპოვა. ყველაზე მეტი ხმა მმართველმა პარტია „ედინსტვომ“ მიიღო და, როგორც ვარაუდობენ, პარლამენტის თავმჯდომარე ამ პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ზურაბ კოკოევი გახდება. თუმცა ცხინვალში არც იმას გამორიცხავენ, რომ კოკოითიმ ბიძაშვილის სპიკერად არჩევას ბოლო მომენტში მხარი აღარ დაუჭიროს და ამ პოსტზე მმართველი პარტიის წევრის იური ძიცოითის კანდიდატურას მიემხროს. დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე კოკოითიმ დეპუტატებს გამარჯვება მიულოცა და საზოგადოების კონსოლიდაცია უსურვა. პარლამენტის პირველ, ნახევარსაათიან, სხდომაზე, რომელიც ცხინვალის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა,

ახლად არჩეულმა 34 დეპუტატმა სამანდატო კომისია და პარლამენტის სამდივნო აირჩია.

როგორც ინტერნეტგამოცემა „კავკაზსკი უზელი“ იუწყება, დე ფაქტო პარლამენტში ძალთა გადანაწილებით ყველა კმაყოფილი არ არის. სოციალისტური პარტიის ლიდერმა ვიაჩესლავ გობოზოვმა გამოცემას განუცხადა, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ამომრჩეველთა ნაწილი კი სხვადასხვა უბანზე ხმას რამდენჯერმე აძლევდა. თავად გობოზოვს არჩევნებში მონაწილეობა იმ მოტივით აუკრძალეს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკაში არ უცხოვრია. არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე საუბრობს სახალხო პარტიის ლიდერი როლანდ ქელეხსაევიც, რომელსაც კოკოითის მომხრე „სამშობლოს დამცველთა კავშირის“ წევრებმა პარტია წაართვეს და ცხინვალიდან განდევნეს. დარღვევებზე მიუთითებს ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, ალბერტ ჯუსოევიც, რომლის თქმით, ედუარდ კოკოითის მხარდამჭერი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მოსახლეობას არჩევნებში მმართველი პარტიის მხარდაჭერას აიძულებდნენ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 31 მაისს ჩატარებული არჩევნები სამართლიანად მხოლოდ რუსულმა სადამკვირვებლო მისიამ ცნო. საერთაშორისო ორგანიზაციებმა კი, როგორც ცნობილია, არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის შენობა აგვისტოს ომის დროს დაიწვა, ამიტომ 19 ივნისს დეპუტატები ცხინვალის საკონცერტო დარბაზში შეიკრიბებიან და კენჭს სპიკერის, ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტების თავმჯდომარეთა კანდიდატურებს უყრიან.
XS
SM
MD
LG