Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ნაბუკოს” გაზსადენის პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის


"ნაბუკოს" მილსადენის მარშრუტი
"ნაბუკოს" მილსადენის მარშრუტი
”ნაბუკოს” მილსადენის პროექტის შესახებ სამთავრობათაშორისო ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ შეთანხმების ხელმოწერა ერთი თვით, ივლისისთვის, გადაიდო. თურქეთის წარმომადგენლის განცხადებით, არის რაღაც გადასაჭრელი პრობლემები. ირკვევა, რომ, პროექტის ფარგლებში, თურქეთი უკვე თანამშრომლობს ირანთანაც, რაც აშშ–ის უკმაყოფილებას იწვევს. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეძლება თავად ”ნაბუკოს” საპროექტო მოცულობაც გაიზარდოს. რას ნიშნავს ეს და როგორ ვითარდება გაზის ტრანსპორტირების ალტერნატიული პროექტი?

ევროპაში ”ნაბუკოს” პროექტით დაინტერესება - ”ნაბუკოსი”, რომელმაც ცენტრალური აზიის ბუნებრივი გაზი ევროპას რუსეთის გვერდის ავლით უნდა მიაწოდოს - სულ უფრო იზრდება. ორიოდე დღის წინ ”ნაბუკოს” ალტერნატივის მხარდაჭერით გამოვიდა ცნობილი დისიდენტი, ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ვაცლავ ჰაველი. ტელეკომპანია ”ბლუმბერგისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჰაველმა განაცხადა, რომ დროა ევროპამ და აშშ-მა ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის ენერგოდამოკიდებულების შემცირებისკენ, რისთვისაც ალტერნატიული პროექტების განხორციელებაა საჭირო. ამგვარ პროექტთაგან უმნიშვნელოვანესად ჩეხეთის ექს-პრეზიდენტი “ნაბუკოს” მიიჩნევს.

„აუცილებელია ზრდილობიანად, მეგობრული ღიმილით განვაცხადოთ, რომ ჩვენ თავისუფალი ხალხები ვართ, ჩვენით მანიპულირების და შანტაჟის უფლებას არ მოგცემთ, ხოლო თუ თქვენ [რუსეთი] გვემუქრებით, რომ გაზის მოწოდებას შეგვიწყვეტთ, კი ბატონო, შეგიძლიათ თქვენთვის დაიტოვოთ.”

ამ სიტყვების თქმის საშუალება ევროპას მხოლოდ მას შემდეგ ექნება, რაც უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის გაზის ალტერნატიული რესურსებით. ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივა სწორედ ”ნაბუკოს” მილსადენია, რომელიც ცენტრალური აზიისა და კასპიის რეგიონის ბუნებრივ აირს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიაწვდის. ენერგეტიკის ექსპერტის თემურ გოჩიტაშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სფეროში ევროპა რუსეთზე საგრძნობლადაა დამოკიდებული.

იმისთვის, რომ ევროპა ნაკლებად დამოკიდებული გახდეს რუსეთზე, ალტერნატიული მილსადენის გარდა, საჭიროა ენერგომატარებლები, ანუ, ამ შემთხვევაში, გაზი, რომლითაც ეს მილსადენი შეივსება. მოსკოვი ”ნაბუკოს” პროექტის დასაბლოკად სწორედ ამ არგუმენტს იყენებს და აცხადებს, რომ ალტერნატიული მილსადენის დასატვირთად საჭირო გაზი არსად მოიპოვება. საქმე ისაა, რომ რუსეთმა შუა აზიის გაზის მარაგების დიდი ნაწილი წინასწარ შეისყიდა.
”ნაბუკოს” რეალიზებაში დაინტერესებულმა მხარეებმა კი ერთგვარი გამოსავალი იპოვეს და პროექტში ჩართვის შესახებ გაზის რამდენიმე მომწოდებელთან თანამშრომლობენ. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ტანერ ილდიზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, ”ნაბუკოს” პროექტის ფარგლებში, თურქეთი საბერძნეთთან, ბულგარეთთან, რუმინეთთან, თურქმენეთთან, აზერბაიჯანსა და ირანთან თანამშრომლობს.

აშშ კი პროექტში ირანის ჩართვას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა ევროპული ენერგეტიკის საკითხებში რიჩარდ მორნინგსტარმა ბაქოში ვიზიტისას განაცხადა.

მიუხედავად ამისა, ”ნაბუკოს” განხორციელების პერსპექტივები რომ უფრო გაიზარდა, ამას ბაქოელი ექსპერტი საბიტ ბაგიროვი აღნიშნავს:

„პროექტის პერსპექტივა ძალიან მაღალია, იმიტომ რომ მისი განხორციელებით დაინტერესებულნი არიან ევროპული ქვეყნები. ჩემი აზრით, ევროპა მხარს დაუჭერს პროექტს როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. ასე რომ, ველოდებით ამ პროექტის წინსვლას.“

„ნაბუკოს“ პროექტის საწყისი ღირებულება 7,9 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ თანხის 25 პროცენტი უკვე გამოყვეს ევროპის საფინანსო ორგანიზაციებმა. გაზსადენის წლიური გამტარუნარიანობა 31 მლრდ კუბური მეტრით არის განსაზღვრული, მაგრამ, პროექტის გენერალური დირექტორის რეინჰარდ მიტჩეკის განცხადების თანახმად, შესაძლებელია მილსადენის მოცულობა 64 მილიარდ კუბმეტრამდეც გაიზარდოს.
XS
SM
MD
LG