Accessibility links

დღეს რუსეთის რადიოსადგურმა “ეხო მოსკვიმ” თავისი ეთერით გადასცა ინტერვიუ პირთან, რომელიც მსმენელს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრად წარუდგინა და რომელმაც, რადიოსადგურის თანახმად, მაისში სამშობლო დატოვა, რათა რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა. როგორც 35 წლის ალიკ ბჟანიამ “ეხო მოსკვის” უთხრა, ის მსახურობდა ფოთში, სანაპირო დაცვის სამსახურში და ქვეყანა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა. რადიო თავისუფლებამ სცადა დაედგინა, მართლა საქართველოს არმიის ოფიცერი იყო თუ არა ალიკ ბჟანია და - თუ იყო - რას ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება თავისი ქვეშევრდომის ასეთ პროტესტზე.

ალიკ ბჟანია რადიოსადგურ “ეხო მოსკვის” გაეცნო, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების ლეიტენანტი, რომელმაც საქართველოს ტერიტორია 18 მაისს დატოვა და თავშესაფრის თხოვნით მიმართა რუსეთს. რადიოინტერვიუში, რომელსაც “ეხო მოსკვის” დირექტორი ალექსეი ვენედიკტოვი გაუძღვა, საქართველოს სამხედრო ძალების ყოფილმა მოსამსახურემ თქვა, რომ იგი იძულებული შეიქნა, ქვეყნიდან გაქცეულიყო არა სოციალური მდგომარეობის, არამედ საქართველოში შექმნილი ვითარების გამო. ბჟანიამ ჟურნალისტს უთხრა, რომ საქართველოსთან ომისკენ რუსეთს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქმედებებმა უბიძგა.

“ფოთში ვიყავი, როცა რუსეთის ჯარები შემოვიდნენ, ამბობს ბჟანია. – "ეს დაზვერვა უფრო იყო. ფოთში არავინ იყო, სამხედროები წასული იყვნენ. მომეწონა, რომ რუსები კულტურულად იქცეოდნენ. ჩვენი ბიჭები მივიდნენ მათთან და ჰკითხეს: რომ შემოხვედით, რის გაკეთებას გვიპირებთო? გვითხრეს, თუ თქვენ არაფერს დაგვიშავებთ, არც ჩვენ დაგიშავებთო. მაღაზიაში შედიოდნენ, რაღაცას ყიდულობდნენ. ყველაფერი ნორმალურად იყო, არავის ერჩოდნენ. ჩემი აზრით, რუსეთი არ არის ჩვენი მტერი. საქართველოში მოსახლოების 80 პროცენტს ჰყავს ნათესავი რუსეთში, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ.”

აღსანიშანვია, რომ ალიკ ბჟანიას რუსმა ჟურნალისტებმა “ქართველი გლუხოვი” შეარქვეს. მათ მხედველობაში ჰყავთ რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცერი გლუხოვი, რომელმაც შარშან დეკემბერში, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მიატოვა ახალგორის რაიონში განლაგებული რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილი და საქართველოს ხელისუფლებას ჩაბარდა. რუსი კოლეგისგან განსხვავებით, ალიკ ბჟანია სამშობლოდოან გაქცევის მიზეზად პოლიტიკური მოტივებს ასახელებს. “ეხო მოსკვის” ეთერში ბჟანიამ თქვა, რომ საქართველოს არმიაში ბევრი ოფიცერი და ჯარისკაცი განაწყენებულია არა მხოლოდ ომის დროს ხელისუფლების ქმედებებით, არამედ იმის გამოც, რომ რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს მისი მოკავშირეები მხარში არ ამოუდგნენ: “იცით რა, რუსეთი ტელევიზიით აცხადებდა, რომ თუ საქართველო დაიძრებოდა, იგი მას შეაჩერებდა და საქართველოს ჯარს არ მისცემდა საშუალებას, იქ შესულიყო. რუსეთმა სიტყვა შეასრულა. ამერიკა კი გვპირდებოდა, თქვენს მხარეს ვართ და ყველაფერში დაგეხმარებითო. აქ ვართო. მაგრამ როცა ეს ყველაფერი მოხდა, ამერიკა განა იქ იყო? რუსეთმა კი სიტყვა შეასრულა. ამაზე იყო ხოლმე საუბრები მუდამ. რატომ არ დაგვეხმარნენ? თუ ასეთი კარგები არიან და ჩვენი მეგობრები ჰქვიათ, მაშინ მათაც შემოეყვანათ თავიანთი ჯარი. არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა.”

მაგრამ ვინ არის ალიკ ბჟანია - რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გამოგონილი პერსონაჟი, თუ რეალურად არსებული პირი? რადიო თავისუფლებამ დაადგინა, რომ ის მართლაც მსახურობდა საქართველოს სამხედრო ძალებში, ოღონდ არა თავდაცვის სამინისტროში, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტში.

"როგორც ჩანს, რუსეთის სპეცსამსახურები დიდი ხანია, ამზადებდნენ ნიადაგს, რათა სამაგიერო გადაეხადათ ქართული მხარისათვის სერჟანტ გლუხოვის გამო, რომელსაც რუსეთი დღემდე მიიჩნევს ქართული სპეცსამსახურების მიერ გატაცებულად და მოითხოვს მის დაბრუნებას", - უთხრა რადიო თავისუფლებას დამოუკიდბელმა სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა, რომელმაც ალიკ ბჟანიას შესახებ საყურადღებო ინფორმაციაც მოგვაწოდა.

ალადაშვილი ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ ბჟანიამ სამხედრო სამსახური აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. ექსპერტის ინფორმაციით, მას დამთავრებული აქვს ბათუმის საზღვაო სასწავლებელი, ხოლო წარმოშობით წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერიდან არის. ბჟანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოფიცერი იყოო, ამბობს ალადაშვილი.

ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმაც, რომლის თქმით, ალიკ ბჟანია სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვაში მსახურობდა 2008 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის 18 მაისამდე, როცა ის სამსახურიდან დაითხოვეს. ზარმაცი იყო და დისციპლინას არღვევდაო, ამბობს ბჟანიაზე უტიაშვილი. "არ დადიოდა სამსახურში და გააგდეს. მერე რუსეთში წავიდა", დასძენს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

“ეხო მოსკვის” სკანდალურ ინტერვიუს თვით სამინისტროც გამოეხმაურა. საქართველოს საშინაო უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "ლეიტენანტი ალიკა დავითის ძე ბჟანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში მსახურობდა 2008 წლის ოქტომბრიდან სადარაჯო ხომალდის წამყვან სპეციალისტად. 2009 წლის 18 მაისს, დისციპლინის არაერთგზის დარღვევის გამო, ლეიტენანტი ბჟანია გათავისუფლებულ იქნა სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტიდან."

თავად ბჟანია “ეხო მოსკვისთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ სურს, სპეციალობით იმუშაოს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებში ან სანაპირო დაცვის სამსახურში. რადიოსადგურის ეთერით მან რუსეთის "წითელ ჯვარსა" და "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართა თხოვნით, თავშესაფარი მისცენ მას და მის მშობლებს, რომლებზეც - მისი თქმით - დაიწყება დევნა იმ დღიდან, როცა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მხილება გადაწყვიტა.

ბჟანიას თქმით, უახლოეს დღეებში ის აპირებს, რუსი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართოს პრესკონფერენცია, სადაც ვრცლად ისაუბრებს თავის გადაწყვეტილებაზე, დაეტოვებინა საქართველო და პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთში ეძებნა.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG