Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი უარყოფს ირანის შინაურ საქმეებში ჩარევას


თეირანის ქუჩებში ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა

თეირანის ქუჩებში ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა

თეირანის ქუჩებში კვლავ შეიკრიბა ათობით ათასი დემონსტრანტი, რომლებიც სადავოდ ქცეულ არჩევნების შედეგებს და ხელისუფლებაში მაჰმუდ აჰმადინეჟადის მეორე ვადით დარჩენას აპროტესტებდნენ. აქცია დასრულდა ოპოზიციის მთავარი კანდიდატის, ჰოსეინ მუსავის, მოწოდებით, სამშვიდობო პროტესტი შემდგომშიც გაიმართოს. თუმცა მაშინ, როცა დემონსტრანტები ქუჩებში მარშირებდნენ, ირანის ხელისუფლება, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, აპროტესტებდა შეერთებული შტატების ჩარევას ირანის საშინაო საქმეებში.

17 ივნისს თეირანის ცენტრსა და მის მიმდებარე ქუჩებში, თვითმხილვეთა თქმით, ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც არად ჩააგდეს ოფიციალური აკრძალვა. აქციის ბევრი მონაწილე შავებში იყო გამოწყობილი იმ დემონსტრანტთა პატივსაცემად, რომლებიც ირანში დაწყებული საპროტესტო მღელვარების დროს დაიღუპნენ. მწვანე ფერის სამკლავეებითა და ხილაბანდებით კი დემონსტრანტები ოპოზიციის ლიდერის, მუსავის, მხარდაჭერას გამოხატავდნენ. უმრავლესობა კი მდუმარედ აპროტესტებდა, როგორც ეს ირანელი მამაკაცი, რომელსაც რადიო ”ფარდა” დემონსტრაციის ადგილზე დაუკავშირდა:

მირ ჰოსეინ მუსავი საპროტესტო დემონსტრაციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს შეკრებილთ
“მე ვალი ასრის ბარში ვიმყოფები. იგი ხალხითაა სავსე. სადამდეც კი თვალი მიმიწვდება, ყველგან ხალხია. შეუძლებელია დაინახო ხალხის ბოლო. ქუჩის ერთი ნაწილი ხალხითაა სავსე, აქ სრული სიჩუმეა და ადამიანები ხმამაღალა არც ერთ მოწოდებას არ გაიძახიან.”

ეს იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია, რაც კი ირანში 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ გამართულა. პროტესტი უკვე მეხუთე დღეა გრძელდება იმ არჩევნების წინააღმდეგ, რომელიც, აქციის მონაწილეთა თქმით, დიდწილად გაყალბებული იყო და რითაც მაჰმუდ აჰმადინეჟადმა სრული გამარჯვება მოიპოვა.

მოვლენების ამგვარ განვითარებას ირანში თან ახლავს ხელისუფლების მხრიდან უცხოეთის მედიის მიმართ განხორციელებული შეზღუდვა. უცხო ქვეყნების ჟურნალისტებს ეკრძალებათ მოამზადონ რეპორტაჟები არასანქცირებული დემონსტრაციების ადგილიდან, რაც მუსავის მხარდაჭერად აღიქმება.

მაგრამ, მედიის შეზღუდვის მიუხედავად, ინფორმაციები ირანიდან მაინც ჟონავს. ადამიანები ინტერნეტის საშუალებით ავრცელებენ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ გამოსახულებებს, მათ შორის, როგორ სცემენ პოლიციელები მოქალაქეებს.

ვენაში არსებულმა პრესის საერთაშორისო
ყველაზე მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია, რაც კი ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ გამართულა.
ინსტიტუტმა ოთხშაბათს მოუწოდა ირანის ხელისუფლებას შეწყვიტოს მედიაზე თავდასხმები. ორგანიზაციის დირექტორი დევიდ დეჟი ამბობს, რომ ხელისუფლება უშედეგოდ ცდილობს ინფორმაციის “დაპატიმრებას”:

“თანამედროვე სამყაროში, როდესაც გვაქვს ინტერნეტი და მობილური ტელეფონი, უაზრობაა ეცადო თავისუფალ მედიას აუკრძალო ინფორმაციის მოპოვება. ახალი ამბების გავრცელება შესაძლებელია ნებისმიერი არხებით და ამას ირანის ხელისუფლება ვერაფერს მოუხერხებს.”

ხმის მიცემის დროს და არჩევნების შემდეგ ირანში გამოვლენილი ძალადობისა და მედიის შეზღუდვის გამო შეშფოთებას გამოხატავს ასევე საერთაშორისო საზოგადოება. ოთხშაბათს გაკეთებულ თავის ერთ-ერთ ბოლო მიმართვაში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ, მისი რწმენით, ხმის დათვლის დროს დარღვევები გამოვლინდა. გერმანიამ მოუწოდა ირანს შეწყვიტოს მედიის შეზღუდვა და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. პარასკევიდან მოყოლებული, ირანში რამდენიმე რეფორმისტი მოღვაწე დააკავეს - მათ შორის, ირანის თავისუფლების მოძრაობის ლიდერი იბრაჰიმ იაზდი და საიდ ლაილაზი.

თუმცა იყო, ასევე, ფრთხილი დამოკიდებულებაც. 16 ივნისს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ შეშფოთებულია ირანის არჩევნებითა და პროტესტში მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობით, თუმცა ამერიკის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან ირანის არჩევნებში ჩარევა არ იქნებოდა შედეგიანი.

ბოლო დღეებში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე გამოთქვა პროტესტი ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირის გამონათქვამების გამო, რასაც ირანი შინაურ საქმეებში ჩარევად მიიჩნევს.

ჰილარი კლინტონმა უარყო ირანის ხელისფლების ბრალდება
შეერთებული შტატები ამ ბრალდებას უარყოფს. 17 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამერიკის პოზიცია კიდევ ერთხელ გამოხატა:

“ირანელი ხალხი იმსახურებს უფლებას, მისი ხმა იქნეს გაგონილი და გათვალისწინებული. ნებისმიერი არჩევნების შედეგები უნდა ასახავდეს ხალხის ნებას. და მხოლოდ ირანელების საქმეა გდაწყვიტონ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას შიდა პროტესტი, რაც ბოლოდროინდელი არჩევნების შედეგებმა გამოიწვია.”

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ობამა კვლავაც გამოხატავს თავის დამოკიდებულებას შექმნილი ვითარების მიმართ და ადასტურებს, რომ აშშ არ ერევა ირანის შინაურ საქმეებში.

ირანის ხელისუფლება და თვით ქვეყნის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხომენეი აცხადებენ, რომ მზად არიან ხმების ხელახლა გადათვლისათვის, რასაც ოპოზიცია მოითხოვს. მაგრამ მუსავის მომხრეები ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარისი. მათ სურთ, ხელახლა ჩატარდეს არჩევნები. ამავე აზრისაა კონსერვატიული პარტიის კანდიდატი მოჰსენ რეზაი, რომელმაც განაცხადა, რომ აპირებს გააპროტესტოს არჩევნების შედეგები, თუკი მისი დეტალები არ იქნება გამოქვეყნებული.
XS
SM
MD
LG