Accessibility links

logo-print

ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრება გორში კვლავაც რჩება საპროტესტო აქციების მიზეზად


მესამე დღეა გორში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილენი პოლიციის მიერ დაკავებული ზაალ გუდაძისა და თამაზ ტლაშაძის გათავისუფლებას მოითხოვენ. რესპუბლიკური პარტიის წევრი ზაალ გუდაძე ხელყუმბარის, პარტიის მხარდამჭერი თამაზ ტლაშაძე კი ნარკოტიკის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს. რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მათ უკვე შეუფარდა.

სამართალდამცავებისა და ხელისუფლების მიმართ გორში უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ ის პედაგოგებიც, რომლებიც ზაალ გუდაძეს და თამაზ ტლაშაძეს კარგად იცნობენ და მათ მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ წარმოუდგენიათ.

ზაალ გუდაძეს და თამაზ ტლაშაძეს საკმაოდ კარგად იცნობენ სხვა გორელებიც. შარშან, ოქტომბერში, მათ მეგობრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზცია „ჩვენი ქალაქი“ დააფუძნეს. ამ ორგანიზაციის წევრები არიან ადგილობრივი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, რომლებიც სამი დღეა, გუდაძისა და ტლაშაძის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი შეფასებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთი უგუნური ნაბიჯი გადადგა და პოლიტიკურად ნაკლებად აქტიური მოსახლეობაც კი ქუჩაში გამოიყვანა.

რაც შეეხება სამართალდამცავებს, როგორც შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ზაალ გუდაძე და თამაზ ტლაშაძე კონკრეტული დანაშაულის გამო დააკავეს.

გორელების საპროტესტო აქციებს რესპუბლიკური პარტიისა და ეროვნული ფორუმის ლიდერებიც შეუერთდნენ. მათ მიაჩნით, რომ ხელისუფლებამ პირველ ყოვლისა თავისთვის სახიფათო თამაში საზოგადოების დაშინების მიზნით წამოიწყო.
XS
SM
MD
LG