Accessibility links

სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო - ახალი ეტაპი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში?


ჯონ ტეფტი (მარცხნივ) და გიგა ბოკერია

ჯონ ტეფტი (მარცხნივ) და გიგა ბოკერია

ორშაბათს ვაშინგტონში გაიმართება საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დამფუძნებელი სხდომა. სწორედ ამ საბჭოს ფორმატში უნდა მოხდეს თბილისისა და ვაშინგტონის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების გრგიოლ ვაშაძისა და ჰილარი კლინტონის შეხვედრა. თავის მხრივ, საბჭოს საქმიანობა დაეფუძნება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის იანვარში ხელმოწერილ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას. საბჭოს ამოცანაა, ხელი შუეწყოს ქარტიით გათვალისწინებულ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. საბჭოს შექმნას ვაშინგტონიც ახალ ეტაპად განიხილავს შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობაში. ეს ითქვა 19 ივნისს თბილისში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიასა და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ტეფტის ერთობლივ ბრიფინგზე.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა, რომლის ფარგლებშიც შედგება მორიგი პირისპირი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შორის, წინ უსწრებს შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის რიგით მეორე პირისპირ შეხვედრას. ობამა-მედვედევის მოსკოვის სამიტის წინ გრიგოლ ვაშაძემ და ჰილარი კლინტონმა - მათ გარდა, ქართველმა და ამერიკელმა ექსპერტებმა - უნდა განიხილონ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული ქარტიის იმპლემენტაციის გზები, ქარტიის ერთ-ერთი მიმართულება კი გახლავთ თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

ჯონ ტეფტი
”ჩვენ ვიწყებთ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს. ორშაბათს ამერიკელი ექსპერტები შეხვდებიან ქართველ ექსპერტებს, რათა განიხილონ სფეროები, რომელთაც გულისხმობს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია. ქარტიაში ლაპარაკია რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე. ესენია: უსაფრთხოება და თავდაცვა, ეკონომიკა და ენერგეტიკა, დემოკრატია და კულტურის სფერო. საქართველოს მთავრობის ექსპერტები ამერიკელ ექსპერტებთან ერთად დასხდებიან ამის განსახილველად, რათა დაგეგმონ გასავლელი გზა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ასეთ ფორმატში შეხვედრა იქნება პირველი ამერიკისა და საქართველოს თანამშრომლობაში და მე მოუთმენლად ველი ამ დასაწყისს”, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეკრებასთან დაკავშირებით განმარტებები მან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ პარასკევს ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს. გიგა ბოკერიამაც ახალი დასაწყისი უწოდა საბჭოს ფორმატში მუშაობაზე გადასვლას, განმარტა ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი როლი ახალი დემოკრატიების მხარდაჭერის საქმეში, მსოფლიოში თავისუფლების მხარდაჭერის საქმეში და იმის ნათელსაყოფად, თუ როგორ იმუშავა ამ მხარდაჭერამ, ბალტიისპირა სახელმწიფოები დაასახელა, რომელთაც საქართველოსა და უკრაინაზე გაცილებით ადრე შეძლეს ხელი მოეწერათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიისთვის.

"ეს ქვეყნები საქართველოსთვის არის სამაგალითო და საქართველო არ გადაუხვევს იმ გზას, რომელმაც ეს ქვეყნები ნატოსა და ევროკავშირში მიიყვანა”, - თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
გიგა ბოკერია
მოადგილემ. მან მადლობა გადაუხადა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას, რომელმაც გააფორმა ქარტია საქართველოსთან, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას, რომელმაც ასე სწრაფად გადადგა ნაბიჯები იმპლემენტაციის მიმართულებით, და მადლობა გადაუხადა პირადად ჯონ ტეფტს, ასევე საქართველოს სხვა მეგობრებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს თავისუფლების დაცვაში.

თავდაცვა და უსაფრთხოება და, ასევე, საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარება - ეს ორი მიმართულება, რომელთაგან პირველის უზრუნველყოფა საქართველოს საკუთარი ძალებით არ შეუძლია, უმთავრესია საქართველოსათვის. ნატოში გაწევრიანება არის და იქნება საქართველოს სტრატეგიული ამოცანა, სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია კი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს საქართველოს ძალისხმევას გააღრმავოს კავშირები ჩრდილოატლანტიკურ თანამეგობრობასთან.

"ნატოს ბუქარესტის სამიტზე დაიდო პირობა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან”, - აღნიშნა 19 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ტეფტმა. მაგრამ მანამდე საქართველოს გასავლელი აქვს გზა, რთული გზა, და ის სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. რა იცავს საქართველოს რუსეთის პირისპირ ამ ეტაპზე? - ბრიფინგზე დასმულ ამ შეკითხვას საქართელოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ ასე უპასუხა: ”ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც, სამწუხაროდ, აქამდე არ გვქონია. ეს არის მეტი გამჭვირვალობა, რაც დაკავშირებულია ევროკაშირის სადამკვირვებლო მისიასთან. ეს მისია არ არის ფიზიკური ძალა; თანაც, მას არ უშვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ის სრულად აწვდის მსოფლიოს ობიექტურ ინფორმაციას არაოკუპირებული ტერიტორიიდან, რაც საფუძველს აცლის რუსულ ლეგენდას იმის შესახებ, რომ საქართველო ომისთვის ემზადება. ეს არ არის აბსოლუტური გარანტია, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. საქართველო გააღრმავებს თანამშრომლობას ევროკავშირის მისიასთან, განსაკუთრებით გაეროს მისიისთვის მანდატის შეწყვეტის სამწუხარო ფაქტის შემდეგ, და გააკეთებს ყველაფერს თავის პარტნიორებთან ერთად იმისათვის, რომ ამ ზაფხულს საქართველო მაქსიმალურად მოექცეს პოლიტიკური ყურადღების ცენტრში, რათა ეს გახდეს რუსეთის ნებისმიერი ტიპის აგრესიის შემაკავებელი ფაქტორი. ”

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ უშვებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რის გამოც ეს ტერიტორიები მთლიანად იხურება არამარტო საქართველოსათვის. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთა ჯგუფი, რომელიც აგვისტოს ომზე მუშაობს, აცხადებს, რომ გაეროს მისიის გარეშე აფხაზეთი, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, შავ ხვრელში აღმოჩენის საფრთხის წინაშე დგას.
XS
SM
MD
LG