Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ვეტო, უვე კლუსმანი და "ქართველი ნაციონალისტები"


მთელი გასული კვირის მანძილზე დასავლეთის პრესა დაწვრილებით აშუქებდა საქართველოში მიმდინარე თუ საქართველოსთან დაკავშირებულ ამბებს - ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ორშაბათს, 15 ივნისს საქართველოს საკითხის განხილვა გაეროს უშიშრეობის საბჭოს სხდომაზე, რომელზეც რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა აფხაზეთში გაეროს სამშვიდობო მისიისთვის მანდატის ვადის გაგრძელების საკითხზე კენჭისყრისას.

რუსეთის ვეტოზე გამოხმაურება მოიცავს სარედაქციო წერილს „ნიუ-იორკ ტაიმსში“, კომენტარებს „გარდიანსა“ და „დეილი ტელეგრაფში“. თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას, ალბათ, მაინც იმსახურებს სტატია, რომელიც გერმანიის ყოველკვირეულ “შპიგელში” დაიბეჭდა - სტატია საყურადღებოა არა მარტო იმის გამო, რომ მემარცხენე-ლიბერალური “შპიგელი” ერთობ ავტორიტეტიან გამოცემად ითვლება, არამედ იმიტომაც, რომ სტატიის ავტორია ჟურნალის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი უვე კლუსმანი - ჟურნალისტი, რომელიც აგვისტოს ომის ლამის პირველი დღიდან გამოირჩეოდა საქართველოსადმი ფრიად კრიტიკული პოზიციით.

მაგალითად, გასული წლის 26 აგვისტოს სტატიაში სამხრეთელ ოსებს კლუსმანი მოიხსენიებს პატარა მთიელ ხალხად, რომლის დამორჩილებასაც „ქართველი ნაციონალისტები ცდილობენ”, 20 დეკემბრის სტატიაში კი - და არა მარტო იქ - ისე წერს, “ქართველებმა მოულოდნელი თავდასხმა განახორციელეს სამხრეთელ ოსებზეო” - თითქოს ეს დადგენილი უტყუარი ჭეშმარიტება იყოს. არადა, ასე არ არის - ევროკავშირის დავალებით, როგორც ცნობილია, გამოძიებას აწარმოებს საგანგებო, აგვისტოს ომის გარემოებათა დამდგენი კომისია შვეიცარიელი დიპლომატის ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით. სწორედ ამ გამოძიებას ეხება კლუსმანის ვრცელი სტატია, დაბეჭდილი „შპიგელის“ ბოლო ნომერში.

სტატიის თანახმად, ტალიავინის კომისიას დადგენილი აქვს - და ეს ნათქვამია ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ მასალაში, რომელიც ხელში ჩავარდნია გერმანელ ჟურნალისტს, ომი დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა, 2008 წლის 7 აგვისტოს სამხრეთ ოსეთზე იერიშით. “ტალიავინის მაგიდაზე თავმოყრილი ფაქტები“, - ვკითხულობთ წერილში, - „ადასტურებს, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება სააკაშვილის განცხადება, თითქოს მისი ქვეყანა იმ დღეს ‘რუსეთის აგრესიის’ უდანაშულო მსხვერპლი გამხდარიყო” (“რუსეთის აგრესია” ავტორს ბრჭყალებში ჩაუსვამს).

მაგრამ კლუსმანის სტატიას, რომ იტყვიან, გაგრძელება მოჰყვა - თვით ტალიავინის ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „შპიგელში“ დაბეჭდილი წერილი არ ეფუძნება არც ტალიავინის, და არც - ამ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით - ოფიციალური განცხადებების გაკეთების უფლების მქონე რომელიმე პირისაგან მიღებულ ინფორმაციას. “შპიგელის” სტატია გაკრიტიკებულია ინფორმაციის გამო, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება და ნათქვამია, რომ კომისიის მუშაობა გრძელდება, და სანამ ფაქტების მოძიებისა და შეფასების პროცესი არ დასრულებულა, საბოლოო დასკვნებიც არ გაკეთდება. ევროკავშირის აგვისტოს ომის გარემოებათა დამდგენი კომისიის ანგარიში ჰაიდი ტალიავინიმ 31 ივლისამდე უნდა წარუდგინოს ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს.

ახლა იმ გამოხმაურებაზე, რომელიც აფხაზეთში გაეროს მისიის მანდატის გაგრძელების წინააღმდეგ რუსეთის ვეტოს მოჰყვა. „ნიუ იორკ ტაიმსი“ 19 ივნისის ნომერში ბეჭდავს სარედაქციო სტატიას სათაურით “ახლომხედველობა კრემლში”. მასში გამოთქმული შეფასებით, ახლომხედველური და დესტრუქციული იყო შარშანდელი ზაფხულის ომი საქართველოს წინაღამდეგ, და ახლომხედველური და დესტრუქციულია ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოში.

“მოსკოვის უხეშმა ჩარევამ”, - ვკითხულობთ „ნიუ იორკ ტაიმსში“, - „იზოლაციაში მოაქცია აფხაზეთი და რუსეთი. სეპარატისტები დიდ სიმპათიას არ უნდა მოელოდნენ მას შემდეგ, რაც თავიანთი ინტერესების დაცვა დაუკავშირეს რუსეთის სასტიკ ინტერვენციას საქართველოში. ამასთან, ვერ გაანელებენ აფხაზეთში ეთნიკურ უმცირესობებთან მოპყრობით გამოწვეულ შეშფოთებას მსოფლიოში, მას შემდეგ რაც თავიანთი ტერიტორიიდან აძევებენ დამოუკიდებელი მეთვალყურეების ერთადერთ ჯგუფს“, წერს სარედაქციო სტატიის ავტორი და დასძენს - პრობლემა, რასაკვირველია, სცდება საქართველოს საზღვრებს, მოსკოვი რეგულარულად იყენებს დაშინების მეთოდებს უკრაინისა და სხვა მეზობლების წინააღმდეგო.

გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ვეტოს კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა ბრიტანეთის პრესაშიც. 17 ივნისის ნომერში კონსერვატული “დეილი ტელეგრაფი” ბეჭდავს სტატიას, რომლის ავტორიც - შვედი პოლიტოლოგი სვანტე კორნელი - აანალიზებს, რატომ დაბლოკა რუსეთმა საქართველოში ეუთოს მისია, შემდეგ გაეროს მისია, და რატომ არ უშვებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ევროკავშირის მეთვალყურეებს. მისი დასკვნა ასეთია: “საქმე ის არის, რომ მოსკოვის მოქმედება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის შეუძლებელს ხდის, თვალი მიადევნოს რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდასა და ჯარების გადაადგილებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. გაიხსენეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა აგვისტოში სავსებით გარკვევით უთხრა საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზისა და სხვებს, რომ მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელსიუფლების დამხობას. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მიზნები შეცვლილიყოს - გაურკვეველია მხოლოდ ის, თუ რა ინსტრუმენეტი შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა თავისი მიზნების მისაღწევად. ახლა, როცა გაერო თავის როლს ვეღარ შეასრულებს, მარტო დასავლეთის თანმიმდევრულ დიპლომატიას შეუძლია, ხელი შეუშალოს ასეთ გეგმას”, წერს სვანტე კორნელი და მიუთითებს მოსკოვში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოახლოებულ ვიზიტზე. ანალიტიკოსის აზრით, ბარაკ ობამამ თავის რუს კოლეგას მკაფიოდ უნდა განუცხადოს, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის მოქმედება გავლენას იქონიებს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაზე და რომ პატივი უნდა სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საყურადღებოა, რომ სვანტე კორნელის ეს სტატია - არა მარტო კონსერვატიულმა „დეილი ტელეგრაფმა“, არამედ ასევე ბრიტანეთში გამომავალმა მემარცხენე-ლიბერალურმა „გარდიანმაც“ დაბეჭდა.

რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებულ სხვა თემებს, აღსანიშნავია ორი პუბლიკაცია - ერთში, რომელსაც საფინანსო-ეკონომიკური პროფილის “უოლ სტრიტ ჯორნალი” ბეჭდავს, ასახულია საქართველოში უცხოური ინვესტიციების კლების პროცესი და მისი მიზეზები, ხოლო ირლანდიაში გამომავალი „აირიშ ტაიმსი“ მკითხველს აცნობს საქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიციის მოწოდებას დასავლეთისადმი, დაგმონ პრეზიდენტ სააკაშვილის მოქმედება მას შემდეგ, რაც პოლიციამ 15 ივნისს ისევ გამოიყენა ძალა ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG