Accessibility links

logo-print

როდის შეხვდება საქართველო ლტოლვილთა დღეს ულტოლვილებოდ?


ცხინვალიდან დევნილ ბავშვს გაეროს ლტოლვილთა უწყების საბანი ახურავს

ცხინვალიდან დევნილ ბავშვს გაეროს ლტოლვილთა უწყების საბანი ახურავს

20 ივნისს მსოფლიო ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს უკვე რამდენი წელია, არა მხოლოდ სხვა ქვეყნიდან ლტოლვილების, არამედ თავის ტერიტორიაზე დევნილთა პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა უწევს. დევნილთა ბოლო ნაკადი, რომელთა საცხოვრებელი პირობები ჯერ კიდევ მძიმეა, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაჩნდა.

ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, გაეროს ეგიდით, 2001 წლიდან აღნიშნავენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველო. უკვე წლებია, ქვეყანას არც ლტოლვილთა ნაკადი დაჰკლებია, ჩეჩნების სახით, არც ქვეყნის შიგნით იძულებით ადგილნაცვალი პირები. თავად დევნილები ამის გამო საკუთარ თავს „ძველ“ და „ახალ“ დევნილებად ყოფენ: 17 წლის წინ ცხინვალიდან გამოდევნილი ოჯახები, შემდეგ -აფხაზეთიდან წამოსული ხალხი და ერთი წლის წინ - ისევ ცხინვალის რეგიონიდან და კოდორის ხეობიდან გამოდევნილი მოსახლეობა.

პროფესიული კავშირების გაერთიანების სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, ვნახავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 7% დევნილია. 2008 წლის აგრესიის შედეგად, 26 ათასი ადამიანი საკუთარი სახლებიდან გამოდევნეს, მათ შორის, ცხინვალის რეგიონიდან - 19 381, კოდორის ხეობიდან - 1 893, ახალგორიდან - 5 348 ადამიანი.

1990-იან წლებში რუსეთის მიერ პროვოცირებული ომის შედეგად, აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან დევნილი 225 ათასი ადამიანი საქართველოში ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეთა, დაახლოებით, 7%-ს შეადგენს. დევნილთაგან კი მხოლოდ 20%-ია დასაქმებული.

კობა სუბელიანი (მარჯვნივ) და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი ლტოლვილთა ერთ-ერთ თავშესაფარში, 2008 წლის 17 აგვისტოს
ხელისუფლება აცხადებს, რომ დევნილთა უფლებების დასაცავად სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კი ასეთ შეფასებას ეჭვით უყურებენ. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ფიქრობს, რომ ის, რაც თუნდაც აგვისტოს ომის შემდეგ უმოკლეს ვადაში გაკეთდა, დევნილებისთვის, უპრეცედენტო შემთხვევა იყო: ცეცხლის შეწყვეტიდან ორთვენახევარში შევძელით ის, რომ კარვები დავკეცეთო, ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არა აქვს იმის ილუზია, რომ დევნილებს ყველაფერი იდეალურად აქვთ. მაგრამ სუბელიანის აზრით, საფრთხე, რომელიც ათასობით გამოდევნილ ადამიანს ზამთარში კარავში დარჩენის შემთხვევაში ელოდა, თავიდან აიცილეს. დევნილებისთვის აშენებული დასახლებები კი, რომელსაც ხშირად გეტოს სახელით მოიხსენიებენ, სუბელიანის თქმით, მალე სახეს შეიცვლის: „მალე ღობეებს გავუკეთებთ ამ სახლებს, ხეხილი დაირგვება, გზები გაკეთდება და გეტო კი არა, ერთ-ერთი ულამაზესი დასახლება იქნება. ეს ხალხი შეიძლება დაგვხოცოდა ზამთარში სიცივით, კარვებში რომ დარჩენილიყვნენ და, იმასთან შედარებით, თბილი, გაზიფიცირებული სახლები დახვდათ, ავეჯით, ერთჯერადი ფულადი დახმარებით, საკვებით.”

დევნილებს მისცეს მიწის ნაკვეთები და, როგორც სუბელიანი ამბობს, მათ დასამუშავებლად საჭირო საწვავი. ანუ ხალხს სასტარტო პირობები შეუქმნეს. გაკეთებული საქმეების ჩამოთვლის დროს სუბელიანი ახსენებს საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანებისათვის სამსახურების შენარჩუნების ფაქტსაც: „ომამდე ვინც მუშაობდა, პრეზიდენტის ბრძანებით, ყველას შეუნარჩუნდა სამსახური. ისინი სამსახურში არ დადიოდნენ, მაგრამ ეს ხელფასი მათ ერიცხებოდათ საკუთარ ბარათებზე. იანვრიდან კი მათ მიეცათ საშუალება, თავიანთი ჩასახლებული პუნქტის მიხედვით, შესაბამის სტრუქტურაში გაეკეთებინათ განაცხადი და იქ დავუშვით შტატები.“

ხელისუფლების გაკეთებულ საქმეებსა და დევნილების დღევანდელ მდგომარეობაზე საუბრისას, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ის, რაც გაკეთდა, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისათვის თავის მოსაწონებლად გაკეთდა: „ხელისუფლებას სურს მოამზადოს ვიტრინები უცხოელი დამკვირვებლებისათვის, დევნილებისათვის გზისპირას აშენებული სახლების სახით. სინამდვილეში კი ადამიანებს არა აქვთ ელემენტარული პირობები, წყლით დაწყებული, საკვებით დასრულებული. არადა, - განაგრძობს ნანუაშვილი - უზარმაზარი თანხები დაიხარჯა სახელმწიფოს მხრიდან და დონორების მხრიდანაც.“ ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ დევნილების მდგომარეობა დღეს თითქმის ისეთივეა, როგორიც ომის შემდგომ დღეებში იყო. „მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ღამის გასათევი, ისინი მიტოვებულები, გეტოში შეყრილები არიან და მოკლებულები არიან ყველა ელემენტარულ უფლებას“, ამბობს უჩა ნანუაშვილი.

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” - ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია კი ორ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. ერთი დევნილთათვის ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ეხება, მეორე კი მათთვის დევნილის სტატუსის მინიჭების გაჭიანურებულ პროცედურას და ამის გამო შემწეობის თანხების თვეობით დაგვიანებას. როგორც მუხაშავრია აღნიშნავს, მთავრობას ჰქონდა დადგენილება, რომ უნდა მომხდარიყო დევნილების ზარალის შეფასება და ანაზღაურება ნებაყოფლობით, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. „ეს ადამიანები ელოდნენ, რომ მათ ამ ზარალს აუნაზღაურებდნენ და ერთი წლის შემდეგ, როცა ლოდინით დაიღალნენ, მოვიდნენ ჩვენთან და წავედით უკვე სასამართლოში.“

კოდორის ხეობიდან დევნილი ბავშვები თბილისის ერთ-ერთ სკოლაში, 2008 წლის 29 აგვისტო
რაც შეეხება შემწეობას, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ანგარიშით, კაცზე თვეში 28 ლარი მოდის, თანაც მხოლოდ სტატუსის მინიჭების შემდეგ. „თუ ამას გადავამრავლებთ 30 000 დევნილზე, და გადავამრავლებთ იმ თერთმეტ თვეზე, რომლის განმავლობაშიც მათ არ მიუღიათ შემწეობა, საკმაოდ დიდი თანხა გამოდის”, აღნიშნავს ლია მუხაშავრია.

მისივე შეფასებით, ღირსეული პირობები დევნილთათვის, რაც გაეროს კონვენციებითაა გათვალისწინებული, საქართველოს ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერ უზრუნველყო. თუმცა მინისტრი სუბელიანი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლების ქმედებები არ დასრულებულა: „იგეგმება უამრავი რამ ამ ჩასახლებებში, რომ დაბრუნებამდე მათ იქ ღირსეულად იცხოვრონ. პარალელურად მიდის აფხაზეთიდან დევნილთათვის იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი, სადაც წლებია ცხოვრობენ და წლის ბოლომდე, დაახლოებით, 10 000-მდე ოჯახს დაუკანონდება ეს ფართი.”

ცალკე დგას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების საკითხი. უჩა ნანუაშვილი, რომლის ორგანიზაციაც რამდენიმე წელია, ჩეჩნების პრობლემებზე მუშაობს, ამბობს, რომ ეს ხალხი ყველას მიავიწყდა. გაუსაძლისი პირობების გამო ისინი იძულებულნი არიან, რისკის ფასად უკან, სამშობლოში, დაბრუნდნენ. ნანუაშვილის თქმით, „კვლავ შემაშფოთებელი ცნობები მოდის ჩეჩნებისგან, რომ პოლიცია მათზე ძალადობს. იყო რამდენიმე შემთხვევა მათზე ძალადობის, რამდენიმე ადამიანი საერთოდ გაუჩინარდა. მე ვიცი რამდენიმე შემთხვევა, როცა ძალიან დიდი რისკის ფასად რამდენიმე ჩეჩენი დაბრუნდა უკან, ჩეჩნეთში. მათთვის მდგომარეობა საქართველოში არ შეცვლილა და ისინი გაცილებით მძიმე პირობებში ცხოვრობენ, ვიდრე, ვთქვათ, ხუთი წლის წინ.”

ჩეჩნები წლების მანძილზე ითხოვდნენ მესამე ქვეყანაში წასვლისათვის საჭირო დოკუმენტაციას. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი აცხადებს, რომ მათ უკვე აქვთ პასპორტები და, თუ მოისურვეს, შეუძლიათ ნებისმიერ ქვეყანაში წავიდნენ. „თუმცა მეორე საკითხია, - დასძენს მინისტრი, - მისცემს თუ არა მათ ესა თუ ის საკონსულო ვიზას, რადგან მსგავსი პრობლემები საქართველოს მოქალაქეებსაც ხშირად ექმნებათ.”

სუბელიანი იმასაც ამბობს, რომ დევნილების მდგომარეობა გაუმჯობესდება. რას მოიტანს ხელისუფლების შემდგომი ქმედებები, მისი თქმით, შემოდგომაზე გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG