Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში მომხდარ შეტაკებებს, სულ ცოტა, ათი ადამიანი ემსხვერპლა


თეირანი შაბათს, 20 ივნისს
თეირანი შაბათს, 20 ივნისს
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, 10 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა თეირანში მომხდარ შეტაკებაში პოლიციასა და, როგორც ცნობაშია ნათქვამი, „ტერორისტულ ჯგუფებს“ შორის. მანამდე ამავე წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი იყო 13 დაღუპულზე. ცნობის თანახმად, დაღუპულთაგან რამდენიმე პირი ემსხვერპლა ხანძარს, რომელიც მეამბოხეებმა ლოლაგარის მეჩეთში გააჩინეს.

ამასთანავე, როგორც ირანის ინგლისურენოვანი ტელეკომპანია პრეს-ტივი იუწყება, შაბათს „მეამბოხეებმა“ ცეცხლი წაუკიდეს ორ ბენზინგასამართ სადგურს და იერიში მიიტანეს სამხედრო საგუშაგოზე. დამოუკიდებელი წყაროებით ამ ამ ცნობების შემოწმება ვერ ხერხდება.

ეს სურათი რადიო თავისუფლების სპარსულ სამსახურს თეირანის მცხოვრებმა გაუგზავნა
შაბათს თეირანის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად - მიუხედავად ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გაფრთხილებისა, შეეწყვიტათ საპროტესტო გამოსვლები. თვითმხილველთა ცნობებით, ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა სამ ადგილას, მათ შორის თეირანის უნივერსიტეტთან, რის შემდეგაც საპროტესტო აქციები სხვა ადგილებზეც გავრცელდა.

პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ათასობით პოლიციელმა და ისლამური გასამხედროებული რაზმის, "ბასიჯის" წევრებმა ხელკეტების, წყლის ზარბაზნებისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით სცადეს აქციების დაშლა.

საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა, ზომიერ რეფორმისტად მიჩნეულმა მირ ჰოსეინ მუსავიმ ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდა, გააუქმოს არჩევნების შედეგი, რომლის მიხედვითაც არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გაიმარჯვა.

შაბათსვე ირანის ორმა ნაწილობრივ დამოუკიდებელმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა თეირანში მომხდარი აფეთქების შესახებ. ამ წყაროების ცნობით, ისლამური რევოლუციის ლიდერ აიათოლა ხომეინის მავზოლეუმთან მოწყობილმა აფეთქებამ ერთი ადამიანი მოკლა და, სულ ცოტა, ერთი დაჭრა.
XS
SM
MD
LG