Accessibility links

logo-print

მოსკოვის ვეტო და ვაშინგტონის მხარდაჭერა


აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი (მარცხნივ) და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ერთობლივ ბრიფინგზე

აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი (მარცხნივ) და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ერთობლივ ბრიფინგზე

გასულ კვირაში რუსეთმა წერტილი დაუსვა აფხაზეთში გაეროს სამეთვალყურეო მისიის ყოფნას. გასულ კვირაშივე აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა, კონგრესში მოხსენებით გამოსვლისას; ხოლო კვირის ბოლოს ვაშინგტონისა და თბილისის თანამშრომლობაში ახალი ეტაპის დასაწყისად იქნა შეფასებული საქართველო-ამერიკის სტრატეგიული საბჭოს პირველი სხდომა, რომელიც 22 ივნისს ვაშინგტონში უნდა მოეწყოს.

ამ ყველაფრის ფონზე გასულ კვირაში საქართველოში გრძელდებოდა პოლიტიკური დაპირისპირება, იყო შეხლა-შემოხლაც. პრეზიდენტმა მორიგი წინადადებებით მიმართა რადიკალურ ოპოზიციას და მოვისმინეთ ხელისუფლების მორიგი განმარტებაც იმის თაობაზე, რომ კრემლი განაგრძობს მოქმედებას საქართველოში ხელისუფლების დამხობის მიზნით.

„რუსეთი არასოდეს შეცვლის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, მათი აღიარება შეუქცევადია“, - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას გააკეთა, თანაც ზუსტად ერთი დღით ადრე, ვიდრე მოსკოვი გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს დაადებდა საქართველოში გაეროს მისიისთვის მანდატის გაგრძელებას. ამ საკითხის გადაწყვეტისას რუსეთმა უშიშროების საბჭოს აგვისტოს ომის შემდგომი რეალობის გათვალისწინება მოსთხოვა, ანუ მოსთხოვა, ოფიციალურ დოკუმენტებში აღარ გაეკეთებინა მინიშნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე.

გაეროში რუსეთის ელჩი ვიტალი ჩურკინი ვეტოს უფლებას იყენებს
უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა ვეტო დაადო რეზოლუციის პროექტს, რომელიც მისიისთვის მანდატის ტექნიკურ რეჟიმში, სულ ორი კვირით გაგრძელებას ითვალისწინებდა. რუსეთმა ეს გააკეთა იმიტომ, რომ გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის კომპრომისული ვარიანტი მიუთითებდა უშიშროების საბჭოს ძველ რეზოლუციებზე, სადაც გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მომხდართან დაკავშირებით გაეროში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა მსოფლიო თანამეგობრობის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და მოხდა რუსეთის იზოლირება ამ ფუნდამეტურ საკითხში.

უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან რეზოლუციას მხარი დაუჭირა ათმა, ოთხმა თავი შეიკავა, მათ შორის ერთმა მუდმივმა წევრმა - ჩინეთმა - რუსეთმა კი ვეტოს უფლებით ისარგებლა. მომხდართან დაკავშირებით სინანული გამოთქვეს გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრებმა: აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ. მათი წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: „გაეროს მისიის, ისევე, როგორც ეუთოს მისიის გაუქმება რეგრესია კონფლიქტის მოგვარების საქმეში. მოვუწოდებთ რეგიონში წარმოდგენილ ყველა ძალას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და დაიცვან აგვისტოს საზავო შეთანხმებების პირობები.“

უშიშროების საბჭოში რუსეთის საქციელი გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა. უაღრესად საინტერესო იყო კონგრესში. წაკითხული მისი მოხსენება ბარაკ ობამას ადმინისტრაციის საგარეო პრიორიტეტების შესახებ. მასში საქართველოს საკითხმა - საქართველოზე საგანგებო თავის გარდა - კიდევ რამდენჯერმე გაიჟღერა.

ფილიპ გორდონი
„შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან (გაერო, ეუთო, ევროკავშირი) იმისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უსაფრთხოება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. იმისთვის, რომ საქართველოში გაფართოვდეს საერთაშორისო წარმომადგენლობა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს სოლიდარობის პოლიტიკას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რათა უარი ითქვას საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე“, ვკითხულობთ ფილიპ გორდონის მოხსენების საქართველოს თავში.

მოხსენების იმ ნაწილში, რომელიც უკრაინას ეხება, გორდონმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებისკენ საქართველოსა და უკრაინის სწრაფვას. საგულისხმო იყო მოხსენების რუსეთის ნაწილი, სადაც ითქვა, რომ აშშ არ ცნობს რუსეთის გავლენის სფეროებს და უწინდებურად მხარს დაუჭერს რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათს უფლებას, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და დამოუკიდებლადვე აირჩიონ მოკავშირეები.

საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება და ის არ გადაუხვევს გზას, რომელმაც ბალტიისპირა სახელმწიფოები ნატოსა და ევროკავშირში მიიყვანაო, თქვა გასული კვირის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ. მან და აშშ-ის ელჩმა ჯონ ტეფტმა, ერთობლივ ბრიფინგზე, საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობაში ახალი ეტაპი უწოდეს სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნას. საბჭოს პირველი სხდომა 22 ივნისს, ვაშინგტონში გაიმართება.

სწორედ ამ საბჭოს ფარგლებში შეხვდებიან ერთმანეთს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი (თუმცა, გასულ კვირაში გავრცელებულმა ცნობამ, რომ ჰილარი კლინტონმა ხელი მოიტეხა, ამ შეხვედრის გამართვა სათუო გახადა). საბჭომ ორ ქვეყანას შორის იანვარში ხელმოწერილი ქარტიის შესრულების გზები უნდა განიხილოს და, როგორც ამასთან დაკავშირებით ჯონ ტეფტი ამბობს, „ჩვენ ვქმნით ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს. ორშაბათს ამერიკელი ექსპერტები შეხვდებიან ქართველ ექსპერტებს, რათა განიხილონ სფეროები, რომლებსაც ფარავს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია. ქარტიაში ლაპარაკია რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე, ესენია: უსაფრთხოება და თავდაცვა, ეკონომიკა და ენერგეტიკა, დემოკრატია და კულტურის სფერო. საქართველოს მთავრობის ექსპერტები ამერიკელ ექსპერტებთან ერთად დასხდებიან ამის განსახილველად, რათა დაგეგმონ გასავლელი გზა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ასეთ ფორმატში შეხვედრა იქნება პირველი ამერიკისა და საქართველოს თანამშრომლობაში და მე მოუთმენლად ველი ამ დასაწყისს.“

ეს „ახალი დასაწყისი“ ითვალისწინებს ახალ საფეხურს საქართველოს მხარდაჭერისას პირველ რიგში უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მიმართულებებით. აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო აშკარა და გრძელვადიანი საფრთხის წინაშე დადგა და, ბევრის აზრით, რუსეთის შესაძლო აგრესიის ერთადერთი შემაკავებელი საერთაშორისო პოლიტიკური მხარდჭერაა, ხოლო ადგილზე ერთადერთი იარაღი - ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია. მას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უშვებენ, მაგრამ საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიიდან ობიექტური ინფორმაციის გავრცელებით მეთვალყურეები საფუძველს აცლიან რუსეთის მითს იმის შესახებ, რომ საქართველო ცხინვალის მიმართულებით მორიგი აგრესიისთვის ემზადება.

საქართველოსთვის სასიცოცხლო ამოცანაა, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთზე ზეწოლით მიაღწიოს საქართველოში უკვე ერთადერთი საერთაშორისო მისიის, ევროკავშირის მისიის გაფართოება-გაძლიერებას. საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებისთვის საქართველოსთვის, შიდაპოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის პირობებში, ასევე სასიცოცხლოა ჩვენება იმისა, რომ ის ერთგულია დემოკრატიული კურსის.

მაგრამ, არაერთი მოწოდების მიუხედავად, შიდაპოლიტიკურმა დავამ ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინცვლოს, არ წყდება საპროტესტო აქციები. ქუჩის პოლიტიკური ზეწოლის პირობებში კი პროცესები ერთ დიდ მორევში წყლის ტრიალს ჰგავს და საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი იმაზე ჰკიდია, რამდენად არ უმტყუნებს ნერვები მხარეებს, პირველ რიგში კი ხელისუფლებას.

რადიკალური ოპოზიცია აქციების შეწყვეტისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის წინადადებებს არ თანხმდება. მან არ არც სააკაშვილის ეს წინადადება მიიღო: „შევცვალოთ კანონი და შარშან არჩეული დეპუტატები დაბრუნდნენ პარლამენტში. დაბრუნდნენ! შემოდგომაზე იქნება დამატებითი არჩევნები და თუ ასე გავაგრძელებთ ყველა ფლანგზე, მათ შორის პარლამენტში, ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი ადეკვატურად.“

ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე
პრეზიდენტის ინიციატივებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სულ უფრო რთული ხდებაო, განაცხადეს არასაპარლამენტო ოპოზიციაში, მათ შორის ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გაყრელიძემ. მისი თქმით, თავიდან იყო საუბარი კომისიებში ჩართვაზე, „რასაც ოპოზიციამ ექვსპუნქტიანი გეგმა შეაგება. ამას მოჰყვა შეთავაზება თანამდებობებზე, რასაც სალომე ზურაბიშვილმა თამამი ნაბიჯით უპასუხა, მაგრამ გაირკვა, რომ ესეც შეუძლებელი ყოფილა. ახლა პარლამენტში შედითო! არა ბატონებო! ასეთი მარაზმული ფორმით ამ კრიზისს ვერ განვმუხტავთ!”

ოპოზიციის ექვსპუნქტიანი გეგმა პირველ რიგში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებს. რადიკალურ ოპოზიციაში გასული კვირის ბოლოსაც ითქვა, რომ გეგმა ძალაში რჩება, გეგმის მისაღწევად ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის კი საპროტესტო აქციები გაგრძელდება. ამისთვის ფულია საჭირო და კვირის ბოლოს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ საკუთარ მხარდამჭერებს მიტინგზე უთხრა, რომ ევროპაში იყო წასული ფულის საშოვნელად და სამშობლოში ოპტიმისტური განწყობით დაბრუნდა. დრო მოვა და ვიტყვი, სად ვიყავი და ვის ვხვდებოდიო, დაპირდა მიტინგზე შეკრებილთ ლევან გაჩეჩილაძე.

სხვა საინტერესო განცხადება გააკეთა ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ: მაქვს ინფორმაცია, რომ კრემლმა სასტიკად გააფრთხილა რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები, ფინანსური დახმარება არ გაუწიონ ქართულ ოპოზიციასო, თქვა მან. გამყრელიძის ამ ნათქვამს ჩვენთან საუბრისას გამოეხაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე: „საერთოდ არ მესმის ამ გამონათქვამის აზრი ამ ეტაპზე, რადგან რეალობისგან ეს შორს არის. რაღაც დატვირთვა გამყრელიძისთვის ამ გამონათქვამს, ეტყობა, ჰქონდა, მაგრამ რა? მართალი გითხრათ ვერ გავიგე.“

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გასული კვირის ბოლოს მოუსმინეს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს გელა ბეჟუაშვილს. მისი თქმით, რუსეთის მიზნად რჩება საქართველოს ხელისუფლების დამხობა და რუსეთი ყველა რესურსის მობილიზებას ახდენს დესტაბილიზაციის გამოსაწვევად, მათ შორის რიგგარეშე არჩევნების გამოყენებით. შეხვედრის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს დაუკონკრეტა, რომ რუსეთი ამჯერად გათვლას რუსეთში მცხოვრებ ისეთ ქართველებზე აკეთებს, როგორებიც არიან საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე და ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე.

„კრემლი ცდილობს მათ გააქტიურებას იმისთვის, რომ გააძლიერონ კავშირები საქართველოსთან და შემდეგ დაიწყონ აქ პროცესების დაფინანსება. ძალოვან სტრუქტურებს ეს ინფორმაცია აქვთ და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ აკონტროლონ საქართველოს მიმართულებით ამ ადამიანების აქტივობა“ - ეს გივი თარგამაძემ უკვე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა.

თუმცა, დავუბრუნდეთ დმიტრი მედვედევის გამოსვლას ჩინეთის ტელევიზიით. რუსეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ არ გამორიცხავს საქართველოსთან სხვადასხვა საკითხზე დიალოგს, თუ ქართველი ხალხი რომელიმე არჩევნებით აირჩევს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც შეძლებს მეგობრული ურთიერთობის დამყარებას როგორც რუსეთთან, ისე საქართველოს ახალ მეზობლებთან: სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან.

დმიტრი მედვედევი და ნიდერლანდის დედოფალი ბეატრისი 19 ივნისს, ჰააგაში
კვირის მიწურულს მედვედევმა საქართველო კიდევ ერთხელ გაიხსენა და უკვე ჰოლანდიაში ჩასულმა თქვა, რომ 12 აგვისტოს, გორში, ნიდერლანდელი ოპერატორის, სტან სტორიმანსის დაღუპვაში საქართველოს მხარეა დამნაშავე. არადა, ჰოლანდიელი ოპერატორის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით თავის დროზე ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საკუთარი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ სტორიმანსი რუსეთის კასეტური ბომბის აფეთქებამ იმსხვერპლა, კერძოდ, „სს-26“-ის ტიპის რაკეტისა, რომელიც მხოლოდ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ჰქონდათ. სხვათა შორის, მანამდე ასეთივე დასკვნა გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა დამცველმა ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „ჰიუმან რაიტს უოჩმა“.

ბოლოს მოკლედ მამისონის უღელტეხილთან ხიდის აფეთქებით გამოწვეულ მითქმა-მოთქმაზე. გივი თარგამაძეს კომენტარი ვთხოვეთ ოპოზიციის ლიდერთა მტკიცებაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს „აბარებდა“ მამისონის უღელტეხილთან მდებარე 18-კილომეტრიან სასაზღვრო მონაკვეთს. როგორც თარგამაძე განმარტავს, „არაფერი ალოგიკური იქ არ მომხდარა. ესაა ტერიტორია, სადაც შემოდის ადმინისტრაციული საზღვარი სამხრეთ ოსეთთან, ასეთ ადმინისტრაციულ საზღვრებზე კი ყველგან რუსები დგანან. ამას გარდა იქ ძალიან ახლოსაა რუსეთის საზღვარი.იქ არის აფეთქებები და სროლები. ამიტომ დამატებითი ღონისძიებები მიიღო სასაზღვრო პოლიციამ, დისლოკაციის ადგილი შეიცვალა, გამაგრება მოხდა საინჟინრო სამუშაოებით, მათ შორის შესაძლო იყო აფეთებებიც და ეს ემსახურებოდა ადგილობრივი მოსახლეობის და, საერთოდ, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას.“

თარგამაძის მტკიცებით, ხსენებულ პერიმეტრს სრულად აკონტროლებენ ქართველი მესაზღვრეები, აფეთქებული ხიდი კი უახლოეს დღეებში აღდგება. თუმცა ის გარემოება, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას გარკვეული ღონისძიებების გატარება დასჭირდა, ნათლად მეტყველებს საქართველოს წინაშე მდგარ ურთულეს პრობლემებზე.

ხიდი უნდა აღდგეს, მამისონთან ქართველი მესაზღვრეები დგანან, საქართველოს კი გასავლელი აქვს ურთულესი ეტაპი ქვეყნის დასაცავად კონტროლირებად და არაკონტროლირებად საზღვრებში.
XS
SM
MD
LG